NDRX

NDRX დიჯეი, პროექტს Stare At Dj-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივი 11TH-ის იდეის ავტორია. ამის გარდა დიჯეინგის საფუძვლებს ასწავლის. Ambient, Experimental, Electro, Drum N Bass, Techno – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო. განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო Stare At Dj სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის მანძილზე ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნის მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ის მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.

Photo By Daro Sulakauri

 

 

 



Share