WILL GATES

Will Gates ლოკალური ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის და დიჯეის, დათუნა კილაძის მუსიკალური პროექტია. იგი მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა, როდესაც სოულის, ფანკის, RnB და ჰიპ-ჰოპის მოსმენა დაიწყო. ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელი Lo-Fi ესთეტიკა და სემპლინგის ტექნიკა არტისტისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ მის შემდგომ კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. A Guy Called Gerald, Legowelt, J Dilla, Flying Lotus, Madlib, Goldie და სხვა მუსიკალური არტისტების შთაგონებით მუსიკის კეთება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. იგი ამჟამად ორ პროექტზე, Will Gates და Tapesandme-ზე მუშაობს. Tapesandme ჟღერადობის მხრივ აქცენტს Old School Jungle -ზე აკეთებს, რომელიც არტისტის აზრით ქართული ელექტრონული მუსიკის სივრცეს ნამდვილად აკლია. რაც შეეხება Will Gates-ს, ეს პროექტი ჰაუსის და Lo-Fi ჟღერადობაზე ორიენტირდება. Will Gates-ს სადებიუტო რელიზი 2017 წელს ლეიბლზე Whytenumbers გამოიცა. 5 კომპოზიციისგან შემდგარი Tbs EP, რომელიც ქალაქ თბილისს ეძღვნება, ჯაზის და ჰიპ-ჰოპის მნიშვნელოვან გავლენას განიცდის. სტუდიური საქმიანობის პარალელურად, Will Gates ლაივ პროექტზე და რამდენიმე საინტერესო კოლაბორაციულ პროექტზეც მუშაობს. ქართველი არტისტი აღნიშნავს, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ემოციების ერთიანად შეკვრა და ატმოსფეროს გათვალისწინებით მისი განვითარება დიჯეინგის მთავარი გასაღებია. სწორედ ამიტომ, BASSIANI/ HOROOM-ის რეზიდენტობა მისთვის საინტერესო გამოწვევაა, რომელიც როგორც დაკვრის ტექნიკაზე, ასევე სტუდიური საქმიანობისთვის და საკუთარი ჟღერადობის განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

Photos by HITORI NI



Share