ZITTO

“მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით Zitto-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით Zitto, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. Zitto-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – Zitto-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.

Photo By Daro Sulakauri



Share