Review: Aux Field – Imaginable Layers

Format: hand-numbered cassette + MP3 download code in silk screened box limited to 80 copies
Cat: UR 075
Released: 27 Jan 2015
Genre: Ambient/Drone

Side A:                                                Side B:

  1. Station III 05:56                            5. Lineair 05:29
  2. Room and Dust 06:12                  6. Model 5 04:38
  3. Drain Dub 05:31                           7. View From Your Window 05:02
  4. Birma 05:16                                  8. Rate Tm Specials 05:55

Aux Field ქართველი მუსიკოსის, რეზო ღლონტის ახალი პროექტია, რომლის სადებიუტო ალბომი  მექსიკური წარმოშობის ლეიბლზე, Umor Rex Records-ზე გამოვიდა. ქართველი არტისტი მუსიკას აქტიურად 2010 წლიდან აკეთებს და ამ პერიოდისთვის უკვე რამდენიმე საინტერესო რილიზი აქვს გაკეთებული, მათ შორის Bmuli (33 recordings), Street Risen Wire EP (AudioTONG) , The Diary Of The Second Officer ,  Late Night Diving EP (Flaming Pine). რეზო ღლონტისთვის 2014 წელი საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. ამავე წლის ნოებერში ირაკლი შონიასთან ერთად შექმნა მუსიკალური პროექტი Datagramma, პარალელურად კი შექმნა თავისი ახალი ალიასი INDYEXX , რომელიც ძირითადად ტექნო მიმართულებაზე ორიენტირდება. იგი ასევე არის ახალი მულტიმედიური პროექტის, 41.44-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი.

Imaginable Layers იანვარის ბოლოს გამოვიდა და შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით 2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართული რილიზია.  Umor Rex Records -მა Aux Field-ის სადებიუტო მუსიკალური კრებული ასე შეაფასა: „თანამედროვე რიტმული, დინამიური ამბიენტის და ტრადიციული, გერმანული ავანგარდული ელექტრონული მუსიკის სინთეზი“. თუ გავიხსენებთ რეზო ღლონტის ადრინდელ რილიზებს, ვნახავთ, რომ მისი მუსიკის პირველი და მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო ის, რომ ის გამოირჩეოდა ციფრული ჟღერადობით, მუსიკა მხოლოდ კომპიუტერით იქმნებოდა. Imaginable Layers ამ კუთხით სრულიად ახალი სიტყვაა არტისტის დისკოგრაფიაში, რადგან  ალბომის თითოეული კომპოზიცია მხოლოდ ანალოგ ინსტუმენტების ლაივ მოდულაციითაა მიღებული.
Picture1 10351530_1380476742068914_4500003417627725838_n

ალბომის საერთო ქრონომეტრაჟი 44 წუთია,  8 კომპოზიციისგან შედგება, რომელიც კასეტის ორივე მხარეს თანაბრად ნაწილდება. მის ადრეულ ალბომებში, განსაკუთრებით კი Street Risen Wire EP და The Diary Of The Second Officer-ში, ადვილად შეიმჩნეოდა ის ტექნიკა რისი მეშვეობითაც რეზო ღლონტი საკუთარ მუსიკას კომპოზიციურობას და რიტმულობას არ უკარგავდა. ფორტეპიანოს მინორული აკორდები და მოკლე, განმეორებადი მუსიკალური მოტივები ამბინეტის ატმოსფერულობასთან ერთად ძალიან ხარისხიან რიტმულ კომპოზიციებს უზრუნველყოფდა. მუსიკის მთავარ მელოდიურ მოტივებთან Pad-ების კარგი სინთეზირება  კი მისი ტრეკებისთვის დამახასიათებელ მინიმალისტურობას მრავალფეროვნებას და დინამიურობას სძენდა. ფაქტია, რომ არტისტის ეს ტექნიკა პროექტ Aux Field-შიც გრძელდება, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო ორგანულად და ხარისხიანად.

10968656_10152606348632093_1318678557_o
ალბომის პირველი ტრეკია Station III, რომელიც თავიდანვე ნათელს ხდის, რომ არა მარტო კონკრეტული ტრეკის, არამედ მთლიანად ალბომის ატმოსფერული გარემო ცალსახად ბნელი და ნოსტალგიურია. დინამიურ ცივ ფონს, რომელიც მთელი კომპოზიციას გასდევს ბეგრაუნდად, დროდადრო ენაცვლება სწრაფი, მკვეთრი მელოდიური მოტივები, რომელთა სინთეზი მკაფიო ტალღოვანი ბასით რეგულირდება. მსგავსი სივრცული, აგრესიული ფონი გვხვდება Birma-ში, სადაც მკვეთრი ატმოსფერული ფონის მიღმა ხდება კომპოზიციის განვითარება, თუმცა მთლიანობაში Birma საკამოდ მინიმალისტურია. აღსანიშნავია ისიც, რომ ალბომში თითქმის ვერ შევხვდებით მრავალფეროვან პერკუსიებს, ამ მხრივ გამორჩეულია Lineair, სადაც მინიმალისტური პერკუსიები მთლიანი კომპოზიციის რიტმულობას და დინამიურობას განსაზღვრავენ. View From Your Window სწორედ ის ტრეკია, რომლის დამსახურებაცაა Imaginable Layers-ის დაკავშირება გერმანული ელექტორნული მუსიკის ძველი სკოლასთან, რადგან ნელი, თანმიმდევრული განვითარების კვალდაკვალ გერმანული ელექტრონული მუსიკისი ქრონოლოგიური დეკონსტრუქცია ხდება: 80-90 იანების წლების ესიდ ორიენტირებიდან , Kraftwerk-ის პერიოდის რობოტულ ჟღერადობამდე. ანალოგ სინთეზატორის ლაივ მოდულაციის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ალბომის რიგით უკანასკნელი ტრეკი, Rate Tm Specials, სადაც რამდენიმე მარტივი მუსიკალური მოტივების მუდმივი პროვოცირებიდ ვიღებთ საინტერესო მუსიკალურ ატმოსფეროს. იგივე შეიძლება ითქვა Room & Dust-ის და Model 5-ის შესახებ, თუმცა ამ შემთხვევებში რიტმულობისთვის დამატებული ბითი კომპოზიციას უფრო მდიდარს და დინამიურს ხდის.  Imaginable Layers-ის მთავარ იარაღად კი თამამად შეიძლება ჩაითვალოს Drain Dub, რომლის ერთწუთიანი ინტრო მოულოდნელად გარდაიქმნება რიტმულ, Dub ჟღერადობისთვის დამახასიათებელ ატმოსფერულ მუსიკლაურ თემად, სადაც ბითი კომპოზიციის მთავარ წამყავნ ძალად გვევლინება. Drain Dub ერთ-ერთი საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოებია, რომელიც ამ ტიპის მუსიკაში გაკეთებულა.

მიუხედავად მინიმალისტური მუსიკალური თემებისა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ Imaginable Layers  არ არის მოსაწყენი და ერთფეროვანი. პირიქით, ცივი, აბსტრაქტული ატმოსფერო ალბომის  მთავარი ღირსებაა. რეზო ღლონტი დღევანდელი ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და სანტერესო არტისტია, რომელიც წარმატებული სტუდიური მუშაობის პარალელურად ახერხებს მსგავსი წარმატებით წარუდგინოს მსმენელს თავისი მუსიკა ლაივში. შესაბამისად, Aux Field-ის ასეთი წარმატებული დებიუტი საკმაოდ იმედისმომცემია და ეჭვს არ იწვევს, რომ ქართველი არტისტი მომავალშიც შემოგვთავაზებს ორიგინალურ და თვითმყოფად მუსიკას როგორც სტუდიიდან, ასევე სცენიდან.



Share Blog

Facebook

[custom-facebook-feed]