AVALON EMERSON: THE FRONTIER

„არ მინდა ცალსახად კომერციული, ღირებულებებისგან დაცლილი ხმაურიანი სცენის ნაწილი ვიყო, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი მუსიკა მოდის ხმის სისტემიდან, თუკი ბარში ბევრი სასმელი გაიყიდება“ – ავალონ ემერსონისთვის მუსიკა პერსონალური გამოცდილების ხელოვნების ფორმაში გარდაქმნის საშუალებაა და არა უბრალოდ სამომხმარებლო ინდუსტრიის ძრავა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს გამოცდილებები იმდენად ძლიერი და მკაფიოა, რომ შემოქმედებით პროცესში ამ ყველაფრის დეკონსტრუქცია უფრო ხდება, ვიდრე რაიმეს დამატება ან შეცვლა. მისი ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები კი მნიშვნელოვნად უკავშირდება სან-ფრანცისკოს, სადაც საერთო საცხოვრებელში სხვადასხვა კულტურული გამოცდილების მქონე ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა.

avalon-940-1240x710

„ეს ერთი დიდ სახლს ჰგავდა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან მოსული ადამიანები ცხოვრობდნენ. არიზონაში გაზრდილი ადამიანისთვის, ასეთ მრავალფეროვან გარემოში ყოფნა ძალიან სასიხარულო იყო“ – მეგობრებთან ერთად, Avalon-მა პირველად სწორედ ამ სივრცეში  დაიწყო დახურული წვეულებების მოწყობა. „თითოეული წვეულება თემატური და კონცეპტუალური იყო. დასწრების მსურველებს გუგლის სარეგისტრაციო ფორმა წინასწარ უნდა შეევსოთ, სხვა შემთხვევაში წვეულებაზე ვერ მოხვდებოდნენ. ამ წვეულებებზე ყოველთვის განსაკუთრებული მუხტი იგრძნობოდა.“ იმ პერიოდში Avalon მიხვდა, რომ მუსიკასთან მისი ურთიერთობა მხოლოდ ჰობის დონეზე ვერ დარჩებოდა, თუმცა პროფესიული საქმიანობის შეცვლა საკმაოდ მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. კარგად ანაზღაურებადი სამსახურის და ზოგადად კომფორტის ზონის დატოვება ის ფასი იყო, რომელიც ამერიკელმა არტისტმა სრულიად ცნობიერად გადაიხადა. ის იხსენებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ერთდროულად ამაღელვებელი და შიშის მომგვრელი იყო. თუმცა, საცხოვრებლად ბერლინში გადასვლა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ პერიოდიდან Avalon Emerson საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ახალი ტალღის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

Avalon-Emerson-cr-Emil-Jupin-2017-billboard-1548

ბერლინში გადასვლიდან მალე, 2014 წელს, ემერსონმა თავისი სადებიუტო სინგლი Pressure გამოსცა. „Pressure იყო განაცხადი, გადაწყვეტილება, რომ თავაზიანად დაკაკუნების ნაცვლად კარი ძალით შემემტვრია“ – ბერლინში არტისტისთვის ევროპის სცენის კარი გაიღო, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ გამოცდილებებისგან , რომელიც Avalon-ს სან-ფრანცისკოში ჰქონდა. თუმცა, თავისი მშობლიური ქალაქი მას არც მოგვიანებით დავიწყებია. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა მისი კარიერისთვის გარდამტეხ რელიზში The Frontier (Whities 006.) ემერსონის აზრით, ამ რელიზში ჩანს იდეა, რომ რაც არ უნდა ეცადო, ვერ გაექცევი წარსულს და იმ ადგილს, რომელსაც ტოვებ. „მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის ასაკში იმ ადგილიდან გაქცევაზე მეტად არაფერი მინდოდა, იქაურობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაინც არ ქრება.“ არიზონის შტატი, სადაც Avalon გაიზარდა, ძირითადად გაუდაბნოებულ ტერიტორიას მოიცავს, თუმცა არტისტისთვის ამ სიცარიელეში სილამაზის დანახვა რთული არასდროს ყოფილა. იგი მსგავს მიმართებებს იყენებს მუსიკაშიც და მიიჩნევს, რომ მისი დისკოგრაფიაც სიცარიელეში, უდაბნოში სილამაზის და რაღაც საინტერესოს პოვნას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული რელიზი ერთმანეთისგან კონცეპტუალურად და მუსიკალურად განსხვავებულია, პერსონალური მიმართებები და დამოკიდებულება უცვლელი რჩება.

maxresdefault

Narcissus In Retrograde-ში, რომელიც 2016 წელს გამოიცა, აშკარად შეიმჩნევა, რომ ფირფიტის პირველ მხარეს აქცენტი მსუბუქ, საცეკვაო მუსიკაზე კეთდება, ე.წ. B მხარე კი მინიმალისტურ, ექსპერიმენტულ ჟღერადობაზე ფოკუსირიდება. საერთო ჯამში კი, განსხვავებული მუსიკალური ორიენტაციების საერთო ემოციურ კონტექსტს ქმნიან. რაც შეეხება Whities-თან მის ბოლო თანამშრომლობას, Avalon Emerson-მა მსმენელს ორი ძალიან საინტერესო კომპოზიცია შესთავაზა.  One More Fluorescent Rush გარკვეულწილად ტრადიციული ტრანს მუსიკის ნოსტალგიას გამოხატავს, რომელიც თანამედროვე მუსიკალურ ფორმებში გარდაისახა, ხოლო Finally Some Common Ground ბევრად უფრო კომპლექსური და დრამატურგიულად საინტერესო ნამუშევარია. ჯამში არტისტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ის ახალი მუსიკალური სივრცეების ძიებით არ იღლება და მუდმივად ცდილობს თავისი იდეების გადმოსაცემად ახალი, საინტერესო ფორმა მოძებნოს.

avalon-emerson-studio

დისკოგრაფიაში გამოხატული შემოქმედებითი ტენდენციები შესაბამისად აისახება მის დიჯეი სეტებშიც. ჰაუსს და ტექნო მუსიკის საზღვრებში მისი მუსიკის მოთავსება ძალიან მარტივი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ დაკვრის დროს Avalon Emerson ჩარჩოებს მაქსიმალურად გაურბის.HOROOM-ის ოთახში ის ქართველ პროდიუსერთან და დიჯეისთან, Bassiani Records-ის მენეჯერ Kvanchi-სთან ერთად დაუკრავს.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.