Bassiani: Legowelt at Warehouse [Rike]

13 თებერვალს Bassiani-ს მორიგ ივენთზე ლეგენდალური პროდუსერი და დიჯეი Legowelt დაუკრავს. Bassiani-ს მიერ დაანონსებულ ლაინ აფში, რომელიც მთელს სეზონზეა გაწერილი, ბევრ საინტერესო არტისტს ვხვდებით, მათ შორის შარშანდელი წლის ერთ-ერთ მთავარ ტექნო აქტს, Recondite-ს, ექსპერიმენტალური ტექნოს პროდუსერს Andy Stotts-ს და ასე შემდეგ, თუმცა Legowelt ცალკე აღნიშვნის ღირსია. ბოლო წლების განმავლობაში  თბილისი ელექტრონული მუსიკის კუთხით რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქი გახდა, რომელიც ხარისხიანი ელექტრონული მუსიკისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. Bassiani-ს მუსიკალური კონცეფციაც ამ სტილის მუსიკაზე კონცენტრირდება და დებიუტიდან დღემდე პროგრესულად განაგრძობს სვლას. ელექტრონული მუსიკის ყველაზე გავლენიანმა ინტერნეტ ჟურნალმა Resident Advisor-მა მთელი ეს პროცესი საინტერესოდ აღწერა და Bassiani თბილისში ხარისხიანი ტექნო და ჰაუს მუსიკის ერთ-ერთ ძირითად პლატფორმად აღიარა. Legowelt-ის ვიზიტი მთელი ამ კონცეფციის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რადგან ეს არტისტი თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში ელექტრონული მუსიკის ძველი სკოლის ერთ-ერთ ძირითად წარმომადგენლად მიიჩნევა. მის მუსიკალურ ფილოსოფიაში განსაკუთრებული როლი უჭირავს ანალოგ სინთეზატორებს, რაც განაპირობებს მისი მუსიკის გამორჩეულ ჟღერადობას.  Electronic Beats Magazine-სთან ინტერვიუში იგი აღნიშნავდა, რომ თანამედროვე ელექტრონული მუსიკისთვის დამახასიათებელი ციფრული ჟღერადობა ამ ტიპის მუსიკას მოსაწყენს ხდის. სწორედ ამიტომ, ჰოლანდიელი არტისტი დაახლოებით 20 წელია საკუთარ მუსიკას ანალოგ სინთეზატორების სპეციფიკური ჟღერადობით ამდიდრებს, რაც დროთა განმავლობაში Legowelt-ის სამარკო ნიშანიც გახდა. მისი უკანასკნელი ალბომის, Crystal Cult 2080-ის სახელწოდებაც Roland Corporation-ის სინთეზატორით, JV2080-ითაა შთაგონებული.
lego1
Legowelt ჰოლანდიელი პროდუსერის Danny Wolfers-ის მუსიკალური პროექტია, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად გამოსცემს რელიზებს სხვადასხვა ცნობილ ლეიბლებზე.  მიუხედავად იმისა, რომ Danny Wolfers დაახლოებით 30 ფსევდონიმით და რამდენიმე კოლაბორაციული პროექტის მეშვეობით ქმნიდა მუსიკას, Legowelt ის პროექტია, რითაც მან ელექტრონულ მუსიკაში საკულტო სტატუსი შეიძინა. საკუთარ მუსიკალურ გავლენებზე საუბრისას Legowelt ხშირად აღნიშნავს, რომ Detroit Techno-ს და Chicago House-ს ჟღერადობა მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული იყო. მისი მუსიკის ჰიბრიდულ ხასიათში თავის წვლილი აქვს 60-70 იანი წლების ელექტრონულ ჟღერადობას და ისეთ არტისტებს როგორებიც არიან Mort Garson, Vangelis და სხვ. Legowelt-ის აქტიური სტუდიური მოღვაწეობა 90-იანი წლების ბოლოდან იწყება და ამ პერიოდისთვის მისი სახელი ძირითადად Bunker Records-ს უკავშირდება, სადაც იგი 2005 წლამდე არელიზებდა საკუთარ მუსიკას. Legowelt-ის პირველი წარმატებული 12 ინჩიანი ჩანაწერი იყო Pimpshifter, რომლის პირველმა ტრეკმა (“Sturmvogel”) განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. 2002 წელს, Ghostly International-ზე გამოიცა კომპილაცია სახელწოდებით Tangent 2002: Disco Nouveau, რომელიც შეიცავდა Legowelt-ის ტრეკს Disco Rout. სწორედ Disco Rout-ს უკავშირდება Legowelt-ის პირველი საერთაშორისო წარმატება. ამ ტრეკზე ლიცენზია Sven Väth-ის ახლად დაარსებულმა Cocoon Recordings-მა მოიპოვა და იმავე წელს გამოუშვა ვინილზე Johannes Heil-ის რემიქსთან ერთად. მოგვიანებით Danny Wolfers აღნიშნავდა, რომ ამ ტრეკის ასეთი წარმატება ცოტა გაუგებარია, რადგან მიიჩნევს,რომ ის არაფრით გამორჩეულია მისი სხვა რელიზებისგან.წარმატების მიზეზი ალბათ ისაა, რომ მედიამ Disco Rout-ისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა. ნაწილობრივ ეს მართალიც იყო, რადგან გავლენიანმა გერმანულმა Groove Magazine-მა Disco Rout წლის საუკეთესო ტრეკად დაასახელა. 2004 წელს Danny Wolfers-მა დააარსა საკუთარი ლეიბლი, სახელწოდებით Strange Life Records, რომელიც მისი მომდევნო რილიზების მასპინძელი გახდა.
welt2
Legowelt-ის რელიზების და ალიასების რაოდენობა საკმაოდ შთამბეჭდავია, რის გამოც იგი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ პროდუსერად მიიჩნევა, რასაც მისი 9 ალბომი, უამრავი EP და 30-მდე ფსევდონიმი ადასტურებს. მისი შემოქმედებითი აქტივობა არ განელებულა ბოლო წლებში, მისი შარშანდელი ალბომი Crystal Cult 2080 კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ 4/4 ბიტის კვალდაკვალ Legowelt ისევ რჩება არტისტად, რომელიც რიტმზე მეტად მელოდიასა და ჟღერადობაზე ფოკუსირდება. მანამდე, 2012 წელს იყო ალბომი The Paranormal Soul, რომელსაც წინ უძღოდა უფასო ე.წ. self released ალბომი The Teac Life.  Legowelt საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრისას აცხადებს, რომ ის მუდმივად მუშაობს და ისეთივე ინტენსივობით  ქმნის მუსიკას, როგორც წარსულში.

წარმატებული და ნაყოფიერი სტუდიური მუშაობის კვალდაკვალ, Legowelt არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლაივ არტისტი და დიჯეი. იგი 2007-2011 წლებში მუშაობდა როგორც  რადიო დიეჯი ვებპორტალ Intergalactic FM-ზე, სადაც ჰქონდა საკუთარი ყოველკვირეული გადაცემა Astro Unicorn Radio. რაც შეეხება  Legowelt-ის ლაივს, ის მისი მუსიკის მაქსიმალური ოპტიმიზაციაა სცენაზე, რადგან მისი ლაივები შეიცავს ყველაფერს, რაც Legowelt-ის მუსიკას განსაკუთრებულს ქმნის: რეტრო სინთეზატორებს, ტექნოს, ჰაუსის, ელექტროქლეშის ენერგიულ ნაზავს და მისი ტრეკების საინტერესო რეკონსტრუქციულ ვერსიებს.

Danny Wolfers-ის თბილისურ ვიზიტს განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტიც, რომ მსგავსი ჟღერადობის მუსიკას თბილისში იშვიათად უკრავენ. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ბოლო წლებში საქართველოს თანამედროვე ელექტორნული მუსიკის ბევრი  ღირსეული წარმომადგენელი ეწვია. მისი მუსიკის განსაკუთრებულობაში,პირველ რიგში, იგულისხმება დეტროიტის და ჩიკაგოს  ჟღერადობის საინტერესო მუსიკალური სინთეზი, რომელსაც დღეს ძალიან ცოტა ელექტრონული მუსიკის პროდუსერი ინარჩუნებს. შესაბამისად, თბილისისთვის Legowelt-ის ვიზიტი ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რადგან მსმენელს აქვს შესაძლებლობა მის ლაივში იპოვოს ელექტორნული მუსიკის მთელი ისტორია, რომლის სათავეც სწორედ იქაა საიდანაც Legowelt-ის მუსიკა იწყება.



Share Blog

Facebook

[custom-facebook-feed]