CLARO INTELECTO: PEACE OF MIND

9 მარტს კლუბი BASSIANI ამსტერდამში დაარსებული ლეიბლის Delsin Records ღამეს უმასპინძლებს. Delsin უკვე 20 წელზე მეტია, რაც საკუთარ პლატფორმას საინტერესო და ინოვატორ არტისტებს უთმობს, რომელთა შორის არიან Shed, Redshape, Steve Rachmad, Delta Funktionen და სხვები. ამჯერად ლეიბლს მარკ სტიუარტი, იგივე Claro Intelecto წარადგენს, რომელიც არა მხოლოდ ლეიბლისთვის, არამედ ზოგადად ტექნოს სცენისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ჰოლანდიური ლეიბლის და Claro Intelecto-ს კოლაბორაცია 4 სტუდიურ ჩანაწერს, მათ შორის არტისტის ბოლო ორ ალბომს მოიცავს.

mark-stewart-2-x

1997 წელს დაწერილი Peace Of Mind ალბათ პირველი კომპოზიციაა, რომელიც მარკ სტიუარტის ხსენებისას გვახსენდება, რომელიც მისი კარიერის და მნიშვნელობის მთავარ განმსაზღვრელ ელემენტად იქცა. თუმცა, უკვე კლასიკად ქცეული ტრეკი Claro Intelecto-ს შემოქმედების სრულყოფილად საილუსტრაციოდ საკმარისი არ არის.

„ბავშვობაში მეზობელი მყავდა, რომელმაც პიანინოზე დაკვრას მასწავლიდა. პირველად სწორედ მის სახლში შევამჩნიე ჩემთვის უცნაური მოწყობილობა, სინთეზატორი. ჩემებმა ის გააფრთხილეს, რომ თუკი ოდესმე სინთეზატორის გაყიდვას მოინდომებდა, პირველად ჩვენთვის ეთქვა.“ – 10 წლის ბიჭისთვის ახალი სათამაშოთი გართობა დროთა განმავლობაში სერიოზულ და საინტერესო საქმიანობად იქცა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც სტიუარტმა საკუთარი მუსიკის გამოცემა გადაწყვიტა, ლეიბლს Ai Records დაუკავშირდა, რომელზეც ჯერ Peace Of Mind Ep, შემდეგ კი მისი სადებიუტო ალბომი Neurofibro გამოიცა. საწყის რელიზებში, ტექნოს გარდა, აშკარად შეიმჩნეოდა მუსიკოსის აქცენტი შედარებით უფრო ექსპერიმენტულ, Idm ჟღერადობაზე. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც Claro Intelecto ახალ მუსიკალურ პლატფორმას, Modern Love შეუერთდა, მუსიკალური ორიენტაცია მეტნაკლებად შეიცვალა. სწორედ Modern Love-სთვის შექმნილ რელიზებში გამოჩნდა სტიუარტის, როგორც დაბ ტექნო არტისტის შესაძლებლობები. თუმცა, მისთვის ეს სტატუსი ყოველთვის ბუნდოვანი და გაუგებარი იყო: “არ მიმაჩნია, რომ კლასიკური გაგებით დაბ ტექნო მუსიკას ვწერ. დაბი უფრო მეტად რიტმზე ფოკუსირებულია და მანდ ნაკლებად ნახავთ მელოდიურ პასაჟებს, თუნდაც სტრინგებს. მე კი მომწონს სტრინგები. ჩემს მუსიკას ზოგჯერ IDM-ს ეძახიან, ზოგჯერ კი Deep House-ს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ რასაც ვაკეთებ ის ტექნოა“.მოგვიანებით, სწორედ ტექნო ჟღერადობაზე მეტი ფოკუსირება გახდა 2005 წელს Modern Love-ს დატოვების მიზეზიც.

0008532865_10

„ბოლო პერიოდში ვგრძნობდი, რომ მუსიკალური კუთხით იქ ჩემი ადგილი არ იყო. ლეიბლთან საჭირო ემოციურ კავშირს ვერ ვამყარებდი, რაც ყველაფერს ცოტათი უფრო ნაძალადევს ხდიდა. იმ პერიოდში ვფიქრობდი, რომ მუსიკის კეთებასაც შევწყვეტდი“ – საბედნიეროდ სტიუარტს მუსიკასთან ურთიერთობის შეწყვეტამ არ მოუწია, რადგან ჰორიზონტზე ახალი „სახლი“, Delsin Records გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მარკი უკვე იცნობდა Delsin-ის დამფუძნებლებს, მან გადაწყვიტა, რომ ლეიბლისთვის მუსიკა ანონიმურად გაეგზავნა. მას სურდა, რომ მისი მუსიკა ყოველგვარი წინასწარი განწყობების გარეშე შეფასებულიყო. ლეიბლს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია და Claro Intelecto-სთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა. მათი წარმატებული კოლაბორაციის პირველი ყველაზე ნათელი ინდიკატორი ალბომი Reform Club იყო, რომლის შესახებაც არტისტი დღემდე აცხადებს, ის მისი შინაგანი სამყაროს საუკეთესოდ გამომხატველი ჩანაწერია. ამას ის ფაქტიც ამყარებს, რომ Reform Club-ის შექმნისას მარკი იმ პერიოდის მუსიკალურ ნაკადებს ჩამოშორებული იყო. „ალბომში ვერ იპოვით მნიშვნელოვან მუსიკალურ გავლენებს, რადგან ბოლო პერიოდი ელექტრონულ მუსიკას საერთოდ არ ვუსმენდი. უფრო მეტიც, ზოგადად მუსიკასაც იშვიათად ვუსმენდი“.

Claro Intelecto

ამის შემდეგ Claro Intelecto ლეიბლზე Stanza Ep-ით გამოჩნდა, თუმცა ახალი ალბომი მხოლოდ 5 წლიანი პაუზის შემდეგ გამოსცა. მისი განცხადებით, ამის მიზეზი განსაკუთრებული სტრატეგიული ხედვა ან ლეიბლის მითითება არ ყოფილა. პირიქით, მთელი ეს პროცესი, მუსიკის შექმნით დაწყებული და გამოცემით დასრულებული,  მისთვის იმპულსური და შემთხვევითია. სწორედ ასე შეიქმნა არტისტის ბოლო ჩანაწერი  Exhilarator.“მიუხედავად იმისა, რომ Exhilarator-ში შესულ კომპოზიციებს შორის ფუნდამენტური მსგავსებები არსებობს, შევეცადე ალბომი ცალკეული კონცეპტის გარეთ შემექმნა. მსურდა თითოეული ტრეკისთვის ინდივიდუალური ნარატივი მიმეცა“ – Exhilarator კლასიკური გაგებით ტექნო ალბომია, რომელიც Claro Intelecto-ს მუსიკალურ სამყაროს საკმაოდ მკაფიოდ გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ სტიუარტი დიჯეი სეტებსაც ხშირად უკრავს, ამჯერად იგი ლაივით წარსდგება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. შესაძლოა Claro Intelecto-ს 20 წლიანი კარიერა ერთმა ცოცხალმა შესრულებამ ვერ დაიტიოს, თუმცა მასზე უკეთ ვერავინ მოგვიყვება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მაგრამ დაუფასებელი არტისტის ისტორიას.

24177227_10154798512946394_2971696062165848930_n

 



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.