DAX J – SHADES OF BLACK

13 იანვარს კლუბი BASSIANI ბრიტანელ პროდიუსერსა და DJ-ის, ლეიბლის Monnom Black დამაარსებელს, DAX J-ს უმასპინძლებს. მასთან ერთად დაუკრავენ კლუბის რეზიდენტები, NDRX და Zesknel. რაც შეეხება Horoom-ის სივრცეს, აქ Vital Cornet-ს, იგივე Raär -სა და HVL-ს მოვუსმენთ.
“Drum N Bass და Jungle ჩემი დნმ-ის ნაწილია, ამიტომ ჩემზე მათი გავლენა ყოველთვის დიდი იქნება” – Dax J ელექტრონული ჟღერადობისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა. “ჯერ კიდევ 15 წლის ვიყავი, როდესაც დაკვრა დავიწყე. ვყიდულობდი ჩემთვის საინტერესო ჩანაწერებს და მათ საკუთარ პირატულ რადიოშოუში ვუკრავდი, რომელიც Origin FM-ზე მაუწყებლობდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო მთელი ზაფხულით იბიცაზე წასვლა, სადაც მან ახალი მუსიკალური შთაგონება იპოვა. Dax J ცხოვრების ამ ეპიზოდს თავიდან დაბადებას ადარებს და იხსენებს: “როგორც კი ზაფხული დამთავრდა, მაშინვე სტუდიაში დავბრუნდი და დავიწყე ახალ ჟღერადობაზე, ტექნოზე, მუშაობა.“

Dax-J_21

Dax J-მ საკუთარი მუსიკის გამოცემა კოლაბორაციული პროექტებით დაიწყო, რომელთაგანაც გამორჩეულია 2011-12 წლებში Chris Stanford-თან ერთად გამოშვებული რელიზები. ამ პერიოდში იგი თანამშრომლობდა Shifted, Truss, Ø [Phase] და სხვა არტისტებთან, რომლებმაც Dax J -ის ნამუშევრებისთვის საინტერესო რემიქსები შექმნეს. 2013 წელს ბრიტანელმა არტისტმა საკუთარი ლეიბლი,  Monnom Black დაარსა, რომელმაც დღემდე Dax J-ის 5 EP-ს უმასპინძლა. “ლეიბლი საკუთარი მუსიკის გამოსაცემად შევქმენი”, ამბობს მუსიკოსი, “თუმცა, პირველივე რელიზის შემდეგად იმდენი საინტერესო მუსიკოსი აღმოვაჩინე, რომ გადავწყვიტე, ლეიბლის კარი მათთვისაც გამეღო. მომავალში ვაპირებ საინტერესო არტისტების მოწვევას და ასევე იმედი მაქვს, რომ Monnom Black-ის შოუქეისებიც მალე დაიწყება.
ლეიბლის კატალოგში ყველაზე მნიშვნელოვანი კრებულია Shades Of Black, რომელიც Dax J-ის მუსიკალური კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ეს სადებიუტო ალბომი აშკარად შეიცავს ბრიტანელი მუსიკოსის ნოსტალგიას Drum N Bass-ის მიმართ, თუმცა, წამყვანი ორიენტაცია ცალსახად ტექნოა. MIxmag-მა “Shades Of Black”თვის საუკეთესო ალბომად დაასახელა და ახალაგაზდრა მუსიკოსს ინდივიდუალური მიდგომა და უკომპრომისო დამოკიდებულებები შეუქო, რამაც არტისტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. სადებიუტო ალბომის შემდეგ ბრიტანელმა არტისტმა, რომელიც უკვე ბერლინში ცხოვრობს, ძალიან მოკლე დროში საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა და მხოლოდ 2016 წელს 5 EP გამოსცა. ამ რელიზების კულმინაციაა “The Invisible Man EP”, რომლის ტრეკებსაც მსოფლიოს ცნობილ კლუბებსა და ფესტივალებზე შეხვდებით. თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არტისტი საკუთარ მიდგომებს კარგად გამოხატავს საკუთარ სეტებშიც, რომლებიც დინამიური და აგრესიული ხასიათით გამოირჩევა.

daxy

Dax J-ის გვერდით კლუბის რეზიდენტები, NDRX და Zesknel დაუკრავენ. ეს უკანასკნელი უკვე დიდი ხანია კლუბის BASSIANI ოჯახის წევრია, ამაზე მეტყველებს BAS001-ის ფარგლებში გამოსული მისი რელიზიც.  არტისტული მრავალფეროვნება კი ქართველ მუსიკოსს საშუალებას აძლევს ერთნაირი წარმატებით წარსდგეს მსმენელის წინაშე როგორც BASSIANI ასევე HOROOM-ის სივრცეებში. მისი პროექტი, სახელად IAZIKZAZUBAMI, რომელიც Lo-Fi ჰაუს ჟღერადობითა და მელოდიურობით გამოირჩევა უკვე ნაცნობია Horoom-ის მსმენელისთვის, 13 იანვარს კი იგი Zesknel-ის სახელით დაუკრავს BASSIANI-ს სივრცეში.
ამავე დღეს Horoom-ის სივრცე Vital Cornet-ს, იგივე Raär -სა და HVL-ს უმასპინძლებს. პროექტი Raär სულ რაღაც ერთი წლის წინ შეიქმნა და მისი პირველი რელიზი, სრული სტუდიური ალბომი Cause It’s Dirty 2016 წელს Gasp-ზე გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი რელიზი არტისტზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად ძალიან ცოტაა, ფრანგმა არტისტმა მაინც შეძლო ყურადღების მიქცევა. ვინტაჟური ჟღერადობისა და Lo-Fi ესთეტიკის ესიდთან შეზავების შედეგად Cornet-მა საკმაოდ საინტერესო შედეგი მიიღო, რაც მისი, როგორც მუსიკოსის, მთავარი მახასიათებელი გახდა. 2016 წლის ბოლოს Raär კიდევ ორ კოლაბორაციულ პროექტში გამოჩნდა და საკუთარ მუსიკალურ პრეფერენციებს არც აქ უღალატა. ასე რომ, ძალიან საინტერესო იქნება მისი მოსმენა არტისტული განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ახლა Raär იმყოფება.



Share Blog

Facebook

[custom-facebook-feed]