DEMDIKE STARE: LIBERATION THROUGH HEARING

ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, BASSIANI-სთვის ახალი სეზონი რომ გამოწვევა იქნებოდა, ამის გამოცნობა რთული არ ყოფილა. თუმცა, თავის მხრივ, გამოწვევების წინაშე დგება მსმენელიც, რომელიც კლუბში DEMDIKE STARE-ს მოსასმენად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ BASSIANI ყველაზე მეტად ტექნოსთან ასოცირდება, კლუბი მსმენელს პერიოდულად სხვა მუსიკალური სივრცეების გაცნობასაც სთავაზობს. ბოლოს ასეთი ექსპერიმენტი POSH ISOLATION-ის საღამო იყო, ამჯერად კი DEMDIKE STARE-ს დრო დადგა.
Demdike Stare
SEAN CANTY და MILES WHITTAKER ბავშვობის მეგობრები არიან, მაგრამ საერთო მუსიკალური მოგზაურობა 10 წლის წინ დაიწყეს. WHITTAKER ძირითადად ჰარდკორ მუსიკას, ტექნოს და ჯანგლს უსმენდა, CANTY კი უმეტესად ჰიპ-ჰოპ კულტურით და კინომუსიკით იყო გატაცებული. მათი მუსიკალური ორიენტაციები კი საბოლოოდ უცნაურ და საინტერესო სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ და მივიღეთ ის, რასაც თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში სამწუხაროდ ძალიან იშვიათად ვხვდებით.

Demdike Stare

„ჩვენ ვერ გავიმეორებთ იმას, რაც უკვე არსებობს. ვერც საკუთარ თავს გავიმეორებთ და ვერც იმას, რაც ელექტრონულ მუსიკაში უკანასკნელი 25 წლის მანძილზე კეთდება“ – WHITTAKER-სთვის ყველაფერი ის, რაც ელექტრონული მუსიკის სცენის წინა ფლანგზე ჩანს, მოსაწყენი და მოძველებულია. მისთვის მუსიკის კონტექსტში მოქცევა და ზედმეტად კონცეპტუალიზებაც კი უინტერესოა – მთავარია აკეთო ის, რისიც გჯერა. მისი აზრით, თავის დროზე ჯანგლის ან დრამ & ბეისის მთელი ხიბლი სწორედ გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღება იყო. „ბავშვები ახალ მუსიკალურ ფორმებს ისე ქმნიდნენ, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რას აკეთებდნენ. ყოველგვარი კონტექსტის განცდისგან დაცლილი იყვნენ. სხვები იძახდნენ, რომ ეს ყველაზე ცუდი მუსიკაა, მაგრამ ამან დროს გაუძლო, ეს ფაქტია“.

demdike stare

DEMDAKE პირველად მე-17 საუკუნეში გაჟღერდა და ცნობილი ჯადოქრის, ELIZABETH SOUTHERN-ის მეტსახელი იყო. ჯადოქრობისთვის და 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებული ELIZABETH ციხეში გარდაიცვალა, მანამდე, სანამ ვინმე გაარკვევდა დამნაშავე იყო თუ არა. ბრიტანელმა მუსიკოსებმა მისი სახელი თავიანთი ახალი პროექტისთვის აირჩიეს, რომელიც ასევე დიდი დოზით არის ოკულტიზმთან და მისტიციზმთან დაკავშირებული. DEMDIKE STARE-ს მოსმენა გარკვეულწილად სპირიტუალური გამოცდილებაა, თავისი სიბნელით და შიშის ეფექტით.

Demdike Stare - Symbiosis

ამ ეფექტის გემო მსმენელმა 2009 წელს ალბომით SYMBIOSIS გაუგო. იმის გათვალისწინებით, რომ არტისტების ძველი ჰობიდან გამომდინარე, მათი ფირფიტების კოლექციაში ბევრი საინტერესო ჩანაწერის მოძიება შეიძლებოდა, DEMDIKE STARE თავდაპირველად სემპლებზე ორიენტირებული პროექტი იყო. ტრადიციული ემბინეტ ჟღერადობის მიღმა, მუსიკოსები არ ერიდებოდნენ პერკუსიული ელემენტების გამოყენებას, რაც საბოლოოდ მათთვის დამახასიათებელი ნიშანიც გახდა. MODERN LOVE წლებია საინტერესო არტისტების საყვარელ პლატფორმად იქცა და გასაკვირი არ არის, რომ DEMDIKE STARE-ს ყველა მნიშვნელოვან ჩანაწერს სწორედ ეს ლეიბლი მასპინძლობს.

demdike stare

დროდადრო, აქტიურ შემოქმედებით პროცესში, პროექტმა თავისი ხასიათი კიდევ უფრო დეტალურად გამოხატა და ალბათ კულმინაციას ყველაზე უკეთ ალბომში WONDERLAND მიაღწია. ამ ნამუშევარში ძველი ოკულტისტური თემები და სპირიტუალური ატმოსფერო ჰარმონიაში საცეკვაო მოედნის რიტმებთან მოვიდა. პერკუსიის დიდი დოზით გამოყენებამ DEMDIKE STARE თავის მუსიკალურ ფესვებს კი არ მოაშორა, არამედ ახალი განზომილება შესძინა. მიუხედავად იმისა, რომ დუეტმა საკლუბო ატმოსფეროსთან დაახლოვება ცოტათი უფრო ადრე, 7 სერიისგან შემდგარი პროექტით TESTPRESSING დაიწყო, WONDERLAND მაინც ის ჩანაწერია, სადაც ყველაფერი, რაც SEAN CANTY და MILES WHITTAKER-ს უკეთებიათ, ერთიან ფორმაში მოექცა და ადვილად აღქმადი გახდა. ადვილად აღქმადი, მაგრამ არა კომფორტული ან კონფორმისტული. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მათი მუსიკალური იდეების ვიზუალური გამოხატვის ფორმები – ალბომის გარეკანი, პოსტერები და მთლიანად ვიზუალური კონცეპტი ერთი ერთში იმეორებს მისტიციზმის იდეებს.

CANTY და WHITTAKER არ უარყოფენ, რომ მათი ჩანაწერები სიბნელისკენ არიან მიდრეკილნი, მაგრამ მათი მუსიკალური სამყარო ბევრ სხვა საიდუმლოსაც ინახავს. სიბნელე BASSIANI-სთვის უცხო არ არის. არც ახალი გამოწვევების წინაშე დადგომა.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.