DIMI ANGELIS – FLIGHT TO THE MOON

19 იანვარს, კლუბში BASSIANI ანდერგრაუნდ ტექნო სცენის წარმომადგენელი, პროდიუსერი და დიჯეი Dimi Angelis დაუკრავს. ლეიბლის ANGLS Records დამფუძნებლის 20 წლიანი მუსიკალური კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული ამსტერდამთან, თუმცა, დროთა განმავლობაში მისი რეპუტაცია და გავლენა გლობალურ მუსიკალურ სცენაზეც გავრცელდა. Dimi Angelis-თან ერთად BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე კლუბის რეზიდენტი NDRX დაუკრავს. Dimi Angelis-ის ადრეული მუსიკალური გამოცდილება დრამ მანქანებთან და სასულე ინსტრუმენტებთან “თამაშით“ შემოიფარგლებოდა, რადგან თინეიჯერობისას ის ძირითადად ბენდთან ერთად დაკვრას ამჯობინებდა. „[ჩვენს ბენდს] დიდი კონცერტი არასდროს ჩაუტარებია, თუმცა ერთად ხშირად ვუკრავდით. მაშინ ძირითადად ისეთ როკ ბენდებს ვუსმენდი, როგორებიც არიან Talking Heads, Genesis, Pink Floyd და ა.შ.“

Dimi-Angélis

90-იანი წლების დასაწყისში მისი მუსიკალური ვექტორი შეიცვალა, რადგან კლუბში ბარმენად მუშაობის დროს Dimi იმ პერიოდისთვის აქტუალურ ელექტრონულ მუსიკას გაეცნო. როგორც თვითონ იხსენებს, დროთა განმავლობაში თვითონაც გაუჩნდა განცდა, რომ ელექტრონულ მუსიკაში ბედი უნდა ეცადა. „მაშინ ჩემი ერთი მეგობარი რამდენიმე თვით უცხოეთში მიდიოდა და თავისი ფირსაკრავები მე დამიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფირფიტების დაკვრა ძალიან მომწონდა, დიჯეინგზე, როგორც პროფესიულ საქმიანობაზე, მაშინ არც ვფიქრობდი“. 1995 წელს Dimi Angelis იმ პერიოდის საცეკვაო მუსიკის გავლენიან არტისტებს, Estroe და Steve Rachmad-ს დაუახლოვდა. ამ უკანასკნელმა მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია, რის შედეგადაც Angelis უფრო მეტად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირებული გახდა.მოგვიანებით, მან სწორედ Rachmad-ის დახმარებით გაიცნო Jeroen Search, რომელიც პროექტის A&S ფარგლებში Angelis-ის მთავარი კოლაბორატორი გახდა.

AS-Press-Pic

„მას შემდე რაც Steve-მა ერთმანეთი გაგავაცნო, კონტაქტი არ შეგვიწყვეტია. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდვით, რომ მუსიკაში მსგავსი გემოვნება გვქონდა. იმ პერიოდისთვის Jeroen უკვე წერდა მუსიკას და გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუკი სტუდიაში მეც შვუერთდებოდი.“ არტისტების პირველმა კოლაბორაციულმა პროექტმა დღის სინათლე 2003 წელს ნახა და მას შემდეგ Angelis და Jeroen-ს ერთად მუშაობა არ შეუწყვეტიათ. ამის მიზეზად მუსიკოსები იმ ბუნებრივ კავშირს ასახელებენ, რომელიც სტუდიური მუშაობის დროს ვლინდება. „როდესაც ერთად ვმუშაობთ, თითქოს სტუდიაში რაღაც მაგიური ხდება და ძალიან კარგია, რომ ეს მაგია წლების მანძილზე არ გვტოვებს“.

მიუხედავად იმისა, რომ A&S ყოველწლიურად გამოსცემდა ახალ მუსიკას, არტისტებმა სადებიუტო ალბომზე მუშაობა 2013 წელს დაიწყეს და ერთი წლის შემდეგ A&S Records-ზე დაარელიზეს. განსხვავებით წინა ნამუშევრებისგან, სადაც ძირითადი აქცენტი საცეკვაო მოედნისთვის შესაფერის მუსიკაზე კეთდებოდა, სადებიუტო ალბომში A&S-მა ახალი მუსიკალური ტერიტორიის მოსინჯვაც სცადა. ამ ცვლილების მიზეზი კი თავად Jeff Mills იყო: „მან შთაგვავგონა, რომ ტექნო მუსიკის მიმართ ახლებური ხედვა ჩამოგვეყალიბებინა და ალბომისადმი უფრო კონცეპტუალური მიდგომა შეგვერჩია. პირველი სესიები ცოტა უცნაური იყო, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი გამარტივდა და ზუსტად მივხვდით რისი გაკეთებაც გვინდოდა.“

2014 წლიდან Dimi Angelis-მა აქტიურად დაიწყო სოლო რელიზების გაკეთებაც. მისი მუსიკა საკუთარ ლეიბლს გაცდა და ადგილი Krill Music, Falling Ethics და Construct Re-Form-ის დისკოგრაფიაშიც იპოვა. Dimi Angelis-ის შთამბეჭდავი დისკოგრაფია მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთი მხარეა, თუმცა მისი, როგორც დიჯეის მნიშვნელობა, ცალკეულ აღნიშვნას იმსახურებს. 2 დეკადის განმავლობაში Angelis თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ვენიუს თუ ფესტივალის სტუმარი იყო, მაგრამ ის ანდერგრაუნდ სივრცის საზღვრებს არასდროს გასცდენია, რაც ყოველთვის მისი ცნობიერი არჩევანი იყო. ამსტერდამელი არტისტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისთვის მუსიკისაში მინიმალიზმი განსაკუთრებული ღირებულებაა, რაც მის სეტებსა და დისკოგრაფიაში თანაბრად გამოიხატება. თუმცა, მინიმალიზმი არ ნიშნავს, რომ მთავარი მუსიკალური იდეები ზედაპირზე დევს და ღრმად ჩასვლა საჭირო არ არის. პირიქით, Dimi Angelis არასდროს ტოვებს მსმენელს ზედაპირზე, რადგან მოგზაურობის მომენტი მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.