DJ STINGRAY: LEAD FROM THE SHADOWS

“სახელი ჯეიმსმა (DREXCIYA) მოიფიქრა, მას სურდა, რომ ჩემი სახელი DJ STINGRAY ყოფილიყო, მე კი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ნიღაბიც ჯეიმსის იდეა იყო, რაზეც თავიდან უარი ვთქვი, რადგან მისი დიზაინი არ მომწონდა. შემდეგ კი, როდესაც მისი სახლი დავტოვე, პოლიციის აქსესუარების მაღაზია ვნახე და მაშინვე მივხვდი თუ როგორი ნიღაბი მჭირდებოდა.“ – DJ STINGRAY-ზე საუბარი საკულტო სტატუსის მქონე პროექტის, DREXCIYA-ს გარეშე თითქმის შეუძლებელია.

DJ Stingray by George Nebieridze

მიუხედავად იმისა, რომ SHERARD INGRAM-ის ყველა პროექტი საოცრად თვითმყოფადი და ავტონომიურია, DREXCIYA-სთან ასოცირება მისი შემოქმედებითი ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. “მათ კომპოზიციებს ყოველთვის ვუკრავდი, რადგან მთელი მათი დისკოგრაფიის ფანი ვიყავი. შესაბამისად, როდესაც ჯეიმსმა მხარზე ხელი დამადო და მთხოვა ტურნეში მათთან ერთად წავსულიყავი, ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო. თუ ამას კარიერის კუთხით შევხედავთ, შემიძლია ვაღიარო, რომ მათთან ასოცირებაც კი ჩემთვის ახალ შემოქმედებით ეტაპზე გადასვლა იყო.“

DJ Stingray by George Nebieridze

ასეთ თამამი, ინოვაციური და უნიკალური კოლექტივის გვერდით დაკვრა მისთვის შანსი იყო საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინა. როგორც თვითონ იხსენებს, ყველაზე პროვოკაციული კომპოზიციების დაკვრის დროსაც კი ის თავს თავისუფლად გრძნობდა, რადგან იმ ავტორიტეტის ქვეშ, DREXCIYA-ს გააჩნდა, თითოეული სარისკო შემოქმედებითი გადაწყვეტილება ლეგიტიმური და დაფასებული იყო. რასაკვირველია DREXCIYA საკუთარ რეპუტაციას მუსიკის გარდა კონცეპტუალური მიდგომით და მითოსის არსებობით ქმნიდა, მაგრამ SHERARD განმარტავს, რომ ის პირველ რიგში სწორედ მუსიკით იყო მოხიბლული და არა იმ მისტიური საბურველით, რომელიც პროექტს გააჩნდა.

dj-stingray-02

როდესაც ჯეიმსი გარდაიცვალა და ყველა მიხვდა, რომ მის გარეშე პროექტი ვერ იარსებებდა, როგორც DREXCIYA-ს წევრმა GERALD DONALD-მა, ასევე STINGRAY-მ აქცენტი სოლო საქმიანობაზე გააკეთა. ამიტომაც DREXCIYAN DJ STINGRAY-ის სახელით ცნობილი არტისტი უბრალოდ DJ STINGRAY გახდა: „2003 წელს მორიგ საერთო ტურნეს ვგეგმავდით, მაგრამ ჯეიმსის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა. მის საპატივცემულოდ გადავწყვიტე სახელი DREXCIYAN სოლო კარიერაში არ გამომეყენებინა. გარდა ამისა, ახალი სახელი ახალ იდენტობას მაძლევდა. სწორედ ამიტომ, DJ STINGRAY-ს სახელით მუსიკის შექმნა საკმაოდ გვიან დავიწყე.“ მათთვის, ვინც SHERARD INGRAM-ის სტუდიური მუშაობით ინტერესდებოდა, უფრო ცნობილი სახელი URBAN TRIBE იყო – პროექტი, რომლის ფარგლებშიც სადებიუტო ალბომი THE COLLAPSE OF MODERN CULTURE 1998 წელს გამოიცა. DJ STINGRAY პროექტის მთავარი სახე და წევრი იყო, თუმცა ძირითადად URBAN TRIBE კოლაბორაციული გაერთიანება იყო, სადაც ANTHONY SHAKIR, CARL CRAIG და KENNY DIXON JR. ერთიანდებოდნენ.  კენი დიქსონი და STINGRAY ერთ სამეზობლოში და ერთ სკოლაში სწავლობდნენ: „ერთ დღესაც სკოლაში ვიყავით და რადიოში მოსმენილი ერთ-ერთი მიქსის შესახებ ვლაპარაკობდი. THE ELECTRIFYING MOJO-ს მიქსი იყო. კენიმ კი თქვა, რომ მას უკეთ გამიქსვა შეეძლო, რაც მე არ დავიჯერე. მან მითხრა, რომ დაამტკიცებდა.“ სკოლის შემდეგ მეგობრები კენის სახლში წავიდნენ, სადაც მან ფირსაკრავი პირველად ნახა. დანარჩენი კი ისტორიაა.. „ჩვენ მეგობრები ვიყავით, ბურთს ერთად ვთამაშობდით, მაგრამ როდესაც მან დიჯეის სამყარო მაჩვენა, ეს უკვე სხვა რეალობა იყო, რეალობა, რომელსაც მის შემდეგ არასდროს მოვცილებივარ. მგონი მაშინ 1983 წელი იყო.“

90-იან წლებში დაწყებული URBAN TRIBE ჯერ კიდევ 2010 წლამდე აქტიური მუსიკალური პროექტი იყო, 4 ალბომით და უფრო მეტი გამოცემული EP-ით. პარალელურად, 2007 წლიდან ის DJ STINGRAY-ს სახით გააქტიურდა და იმაზე უფრო პროდუქტიული პროდიუსერი გახდა, ვიდრე მთელი 80-90-იან წლებში იყო. ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ მუსიკის შექმნა ტექნიკურად უფრო მარტივი გახდა, რის გამოც გლობალურ მუსიკალურ სამყაროში მოვლენები სწრაფად ვითარდება. ამ პირობებში კი აუცილებელია საკუთარი მესიჯების სწრაფად და სწორად გაჟღერება, მოდუნება და პასიურ მდგომარეობაში ყოფნა კი უბრალოდ არ ღირს. URBAN TRIBE-სგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად დაბალ ტემპო-რიტმზე ორიენტირებული პროექტი იყო, მისი სოლო ნამუშევრები აბსოლუტურად სხვა ხასიათის და განწყობის მატარებელია.

DJ Stingray by George Nebieridze

DREXCIYA-სთან აფილაცია და მაღალი ტემპო-რიტმის მიმართ სიყვარული არტისტს იმ ‘ფასად დაუჯდა’, რომ ის ელექტროს ახალი ტალღის სახედ იქცა, თუმცა თვითონ აღნიშნავს, რომ მისთვის ამ მუსიკას ჯერ კიდევ ტექნო ჰქვია. თუმცა გასაგებია, რომ ფირფიტების მაღაზიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მაიამის ბასს მუსიკის და R&B-ია სიყვარული ტექნოსადმი მის აღქმას სხვებისგან ნამდვილად გამოარჩევდა. აქედან გამომდინარე,  არტისტის ყველა ჩანაწერი ერთ ხელწერას ატარებს, რომელსაც არც დროსთან და არც ინდუსტრიის მუსიკალურ პრიორიტეტებთან არაფერი საერთო არ აქვს – DJ STINGRAY ამ წესებით არ თამაშობს. ეს თითოეულ მის მსმენელს გაცნობიერებული აქვს. ასევე აუცილებელია იმის გაცნობიერებაც, რომ არა მუსიკალურ შთაგონებაზე საუბრისას მუსიკოსი პირველ რიგში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე აპელირებს. „კონკრეტული პოლიტიკური და სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მსოფლიო სულ უფრო და უფრო იკუმშება და პატარა ხდება. თითქოს ინდივიდუალიზმისთვის იმდენი ადგილი აღარ რჩება – სტანდარტიზაცია და კომერციალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჩემი მიზანია, რომ ამ შეზღუდულ სივრცეში თავისუფლების მანიფესტაცია შესაძლებელი გავხადო, თუნდაც მუსიკის გზით. ჩემი კომპოზიციის სათაურებიც ხშირად ამ მიმართულებით მიანიშნებენ“

djstingray-11.12.2012--616x331

შეზღუდულ, მართულ გარემოში, სადაც მოქმედების, ქცევის პროგნოზირებისთვის ყველაფრის კონტროლი ხორციელდება, DJ STINGRAY-სთვის გამოსავალი თავისუფალი ნების გამოხატვა და უკომპრომისო მოქმედებაა, რაც მის შემოქმედებით საქმიანობას მარტივად ეტყობა. სწორედ ამიტომ არის ის არაპროგრნოზირებადი. მნიშვნელობა არ აქვს როგორ მოემზადები, DJ STINGRAY-სთვის მზად ვერასდროს იქნები.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.