HONEY SOUNDSYSTEM: BROTHERHOOD

„ერთ გუნდად ყოფნა ზოგჯერ ძალიან რთულია, რადგან HONEY SOUNDSYSTEM-ის თითოეულ წევრს თავისი უნიკალური სტილი, მუსიკალური შეხედულებები და მიდგომა აქვს“ – სან ფრანცისკოს სცენაზე ყველაზე გავლენიანი ქვიარ კოლექტივის ერთ-ერთი წევრი JACOB SPERBER აღნიშნავს, რომ არა საერთო ფუნდამენტური ღირებულებები და მიზანი, HONEY SOUNDSYSTEM ამდენი ხნის მანძილზე არსებობა გაუჭირდებოდა – „ზოგიერთი ჩვენგანი სან ფრანცისკოში საკუთარ რეალობას გამოექცა, ზოგს კი უბრალოდ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება სურდა.„HoneySoundSystem

2006 წელს, სხვადასხვა მიზეზებით ერთ სივრცეში აღმოჩენილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს შეექმნათ კოლექტივი, რომელიც ქალაქის ქვიარ სცენას ახალ განზომილებას მიანიჭებდა და გლობალურ მუსიკალურ რუკაზეც მონიშნავდა. აქ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კონკრეტულ გეოგრაფიულ მდებარეობასთან დაკავშირებული ისტორიული სენსიტიურობაც – სან ფრანცისკო იყო პირველი ქალაქი, რომელშიც დისკო კულტურამ პირველი ნაბიჯები გადადგა, სანამ  ნიუ იორკში გლობალურ ფენომენად გადაიქცეოდა.

JASON KENDIG, JACOB SPERBER, JOSH CHEON და BEZIÉR მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ HONEY SOUNDSYSTEM-ის წვეულებები საკულტო ხასიათის გახდებოდა. თუმცა დროსთან ერთად ნათელი გახდა, რომ მათი კონცეფცია სან ფრანცისკოს ფარგლებს გასცდა და საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. ამავდროულად, ამ არტისტების საქმიანობის საკლუბო ღამეების ორგანიზებამდე დაყვანა ძალიან უსამართლოა – თითოეული მათგანი კოლექტივის მისიად საცეკვაო მოედნისთვის დროის მანქანის ფუნქციის მინიჭებას მიიჩნევს. კონტექსტის, კონკრეტული დროითი ან სივრცითი განზომილების გათვალისწინების ნაცვლად, HONEY SOUNDSYSTEM-ის მიზანია ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ამ ყველაფერზე მაღლა დგას და იძლევა მუსიკის ახლებურად აღქმის შესაძლებლობას. JASON KENDIG ხშირად აღნიშნავს, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც მოისმენთ იმ მუსიკას, რომელიც შესაძლოა სხვაგან ვერასდროს მოისმინოთ.
HoneySoundSystem

DJ SPRINKLES, HONEY DIJON, MR TIES და ელექტრონული მუსიკის სამყაროს სხვა საინტერესო დიჯეებთან ერთად ჩატარებული წვეულებების შემდეგ, კოლექტივის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი პლატფორმა უფრო მულტიფუნქციური გაეხადათ. ამის ლოგიკური შედეგი აღმოჩნდა ერთდროულად სამი ლეიბლის: DARK ENTRIES, DISCAIRE და  HNYTRX-ის შექმნა. სამივე მათგანი როგორც მუსიკალურად, ასევე კონცეპტუალური მიდგომის მხრივ განსხვავებულ მუსიკას გვთავაზობენ. მათგან ყველაზე აქტიური DARK ENTRIES არის, რომელიც 2009 წლის შემდეგ ყოველ წელს სტაბილურად რამდენიმე რელიზს გამოსცემს და მსმენელს იმედგაცრუებულს არასდროს ტოვებს. ნიუ ვეივის, დარქვეივის, ელექტროს, სინთ პოპის და ინდუსტრიული ჟღერადობის უცნაური სინთეზის ქვეშ, DARK ENTRIES იდეალურად აჩვენებს იმას, თუ რამდენად შორს არის სწორხაზოვნებისგან HONEY SOUNDSYSTEM. 2015 წელს ამ პლატფორმის სტუმარი თავად PSYCHIC TV იყო, რომელიც ავანგარდული ელექტრონული მუსიკის საკულტო პროექტია.

მსგავს ეკლექტიზმს ვხვდებით დანარჩენ ორ ლეიბლზეც, თუმცა ჰაუს მუსიკის და ტექნოს დამატებით, DISCAIRE და  HNYTRX უფრო მეტად საცეკვაო ელექტრონულ მუსიკაზე არის ორიენტირებული. სხვადასხვა მუსიკალური პლატფორმის და მიმართულების მიუხედავად, არტისტები არ კარგავენ იმ მთავარ ღირებულებით ღერძს, რომელიც კოლექტივს აერთიანებს: „ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო გლობალური ქსელის შემქნა, რომელიც ყველა ქვიარ სცენას ერთმანეთან დააკავშირებდა. და ეს უნდა გაგვეკეთებინა მუსიკით, რომელიც ჩვენთვის მუდმივად ტრანსფორმირებადია. წლების მანძილზე კი, ტრანსფორმაციის შედეგად საკუთარი სტილი ჩამოგვიყალიბდა, რომელიც ჩვენს ხელწერად იქცა“. HoneySoundSystem

HONEY SOUNDSYSTEM-ის წევრების განსხვავებული მუსიკალური გამოცდილება და ორიენტაცია საბოლოოდ ამ გუნდის მთავარ უპირატესობად იქცა. მათი ლეიბლების დისკოგრაფია და ფირფიტების კოლექცია უზარმაზარ მუსიკალურ ენციკლოპედიას ქმნის, რომელსაც ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საცეკვაო მოედნებზე აზიარებენ. მუსიკასთან ერთად კი მათთვის მნიშვნელოვანია ის კულტურული მემკვიდრეობაც, რომელიც საკლუბო სფეროს ისტორია ინახავს. ამ ისტორიის ახალი ფურცლები კი BASSIANI-ს დახმარებითაც იწერება, შესაბამისად მათი HOROOM-ში ვიზიტი ძალიან ბევრი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.