LAKUTI & TAMA SUMO: United we are Stronger

30 ნოემბერს HOROOM-ის ოთახი TAMA SUMO-ს, LAKUTI-სა და ZURKIN-ს უმასპინძლებს. იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რომლებიც ჯერ HOROOM-ის ქვიარ საღამოების, ხოლო შემდეგ ახალი საცეკვაო მოედნის შექმნას დაედო საფუძვლად, შესაძლოა ითქვას, რომ ამ ღამეს აღნიშნული სივრცე დაარსებიდან ელოდა.

Lakuti&TamaSumo

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ TAMA SUMO და LAKUTI ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც უაღრესად თვითმყოფადი არტისტები არიან, ერთიანობაში ისინი იმ იდეის შესანიშნავ განსხეულებას წარმოადგენენ, რომელიც საცეკვაო მუსიკის საძირკველში დევს. მათი ცხოვრება და შემოქმედებითი მოღვაწეობაც პოლიტიკური კონტექსტით არის დატვირთული. იშვიათად თუ შევხვდებით ისეთ არტისტებს, რომლებიც მსგავს პასუხისმგებლობას ისევე სერიოზულად ეკიდებიან, როგორც ეს მუსიკოსები.

Lakuti&TamaSumo

,,ძალიან სამწუხაროა, რომ საკლუბო სივრცეში, რომელიც სრულიად სხვა ღირებულებებზე აშენდა, ადგილი სექსიზმის, ჰომოფობიის და რასიზმისთვისაც გამოიძებნა“ – TAMA SUMO ღიად ლესბოსელი არტისტი და აქტივისტია, რომელიც მასთან ქორწინებაში მყოფ LAKUTI-სთან ერთად მუდმივად ცდილობს სცენის მანკიერებების გამოკვეთას და აღმოფხვრას. Boiler Room-ის ცნობილი სეტით დაწყებული და სხვადასხვა მუსიკალური თუ საგანმანათლებლო პროექტებით დასრულებული, ეს ორი არტისტი თითოეულ ნაბიჯს პოლიტიკურ განცხადებად აქცევენ, რომელიც სივრცის გაჯანსაღებისკენაა ორიენტირებული. „არტისტები უამრავ ადამიანს უკავშირდებიან და ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს“ – თუმცა, ბევრისგან განსხვავებით, სოციალურ თუ პოლიტიკურ განზომილებაზე აქცენტის პარალელურად, TAMA SUMO-ს მუსიკა არ კარგავს იმ მაგიას, რომელსაც ჰაუს და ტექნო მოძრაობა მუდმივად ატარებდა.

„ნახე, რა აღმოვაჩინე?!“ – აღნიშნავს TAMA SUMO. მათ სტუდიურ ოთახებს შორის ეს გადაძახილი ერთად მუშაობის ერთ-ერთი ყველზე ღირსშესანიშნავი მომენტია. მუდმივად ახლის ძიება, აღმოჩენა და შემდეგ ერთმანეთთან თუ მსმენელთან გაზიარება ამ დუეტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. LAKUTI-სთან ერთად ის PANORAMA BAR-ის ცნობილი ღონისძიებათა სერიის, FINEST FRIDAY-ს და ლეიბლის SUD ELECTRONIC კურატორია. სანამ ერთობლივ პროექტებს შექმნიდნენ, LAKUTI, იგივე LERATO KHATI სამხრეთ აფრიკის საცეკვაო ელექტრონული მუსიკის სცენის ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა იყო. და ეს დღემდე არ შეცვლილა. ჯერ კიდევ 80-იან წლებში, შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნათესავების დახმარებით, მას ხელი ჩიკაგოს ჰაუს მუსიკის სცენის ღირებულ ჩანაწერებზე მიუწვდებოდა, რამაც მისი მუსიკალური ორიენტაცია მნიშვნელოვნად განსაზღვრა. 90-იანი წლების დასაწყისში, ის პირველ რეივ წვეულებას დაესწრო, რასაც ის რელიგიურ გამოცდილებას ადარებს. ამას პირველი კლუბის დაარსებაც მოჰყვა. ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში, LERATO თავის შექმნილ სივრცეში, PLANET HENDON-ში უკრავდა და აზიარებდა იმ მუსიკას, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა.

LakutiTamaSumo

როგორც LAKUTI იხსენებს, 80-90 იანი წლების იოჰანესბურგში განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, კანის ფერი ან ღირებულებათა სისტემა დიდ აგრესიას იწვევდა და ადამიანებისთვის საშიშ გარემოს ქმნიდა. ამ პირობებში ის სხვადასხვა კულტურული, რასობრივი თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან ერთად ცდილობდა შეექმნა უსაფრთხო სივრცე, რომელიც თვითგამოხატვის შესაძლებლობას შექმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ წლებთან ერთად ვითარება ოდნავ შეიცვალა, LAKUTI მიიჩნევს, რომ პატრიარქარული კულტურის მახინჯ გამოვლინებებთან ბრძოლა დღემდე არ დასრულებულა და ამ ბრძოლისგან თავისუფალი ვერც მუსიკა იქნება. FINEST FRIDAY-ს შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივიც ეს იდეაა.

Lakuti

როგორც უკვე აღინიშნა, HOROOM-სთვის ზემოთხსენებული იდეები საკმაოდ ნაცნობია, რაც ამ კონკრეტულ ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს და პასუხისმგებლობას სძენს. რაც შეეხება მუსიკას, აქ ყველაზე ნაკლებად უნდა ვიდარდოთ – TAMA SUMO, LAKUTI და ZURKIN უკვე ყველა კითხვის პასუხია.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.