Lawrence, Dial & Manhattan EP

3 აპრილს Bassian-მა ჰამბურგელი პროდუსერი და დიჯეი Peter M. Kersten მოიწვია, რომელიც მუსიკას ორი ძირითადი ფსევდონიმით, Lawrence და Sten-ით აკეთებს. ივენთზე ასევე დაუკრავს ქართველი დიჯეი გიო შენგელია, ხოლო ვიზუალს პოპულარული ქართველი ვიზუალ არტისტი Jara გააკეთებს. Lawrence მუსიკას აქტიურად 90-იანი წლების ბოლოდან აკეთებს, მისი დიკოგრაფია 6 სტუდიურ ალბომს და 40-მდე EP ს მოიცავს.

„სახელი Lawrence სავარაუდოდ სხვა ცნობილი Lawrence-ებით არის შთაგონებული, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად არ ვიცი საიდან მოდის ჩემი ფსევდონიმი“ – ასე გიპასუხებთ Peter Kersten კითხვაზე თუ დაინტერესდებით საიდან მოდის მისი ფსევდონიმი. ასევე არ ღირს მისი ადრეული პროფესიის გახსენებისას ვახსენოთ, რომ იგი ოდესღაც მებაღე იყო. Kersten თვლის, რომ თავისი ძველი პროფესიით („landscaper“) იგი ბევრად განსხვავებულ საქმეს აკეთებდა, ვიდრე უბრალოდ მცენარეების გაზრდა და მოვლაა. თუმცა ამბობს, რომ მას ხეების მოვლაც შეუძლია და აქვს ლიცენზია მართოს ყველა დიდი მანქანა. მიუხედავად ამისა, ყველაზე მთავარი რაც Lawrence-ს შეუძლია, ესაა მუსიკის დახმარებით ადამიანებში სხვადასხვა ემოციების გამოწვევა. ეს ემოციაც არ არის მრავალფეროვანი, ყველაზე ხშირად მისი მუსიკა ხასიათდება ისეთი ზედსართავი სახელებით, როგორიცაა მელანქოლიური ან სევდიანი.
Lawrence surati webistivs
Peter Kersten-მა მეგობრებთან ერთად 2000 წელს დაარსა ლეიბლი Dial Records, რომელიც, როგორც თვითონ ამბობენ, დღეს ფოკუსირდება პოსტმინიმალისტურ საცეკვაო მუსიკაზე. სწორედ ეს ლეიბლი იყო Lawrence-ს პირველი რელიზების სახლი, რის შემდეგაც Dial Records-მა ისეთ არტისტებს უმასპინძლა, როგორებიც არიან Pantha Du Prince, Efdemin, Roman Flügel, John Roberts და ა.შ. ამჟამად Dial Records ბერლინიდან ფუნქციონირებს, თუმცა იგი ჰამბურგში დაარსდა, ისევე როგორც Kersten სხვა ლეიბლები, მაგალითად Smallville და Sky Walking. მოგვიანებით Dial Records მოექცა ელექტრონული მუსიკის ლეგენდის, Sven Vath-ის ყურადღების ქვეშ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ამ ლეიბლის რელიზებს ხშირად შევხვდებით Sven Vath-ის სეტებში. გარდა ლეიბლებთან დაკავშირებული საქმიანობისა, Kersten ძალიან პროდუქტიული პროდუსერია, რაც მის დიდ დისკოგრაფიაში გამოიხატება. ამ დისკოგრაფიის კარგი სტარტი იყო 2002 წელს გამოსული ალბომი „Lawrence“, რომელსაც შემდეგ კიდევ 5 სტუდიური ალბომი მოჰყვა. „Lawrence“ ხასიათდებოდა ტექნო და ჰაუს ჟღერადობით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმოდა ექსპერიმენტალური მუსიკისთვის დამახასიათებელ სტილს, რაც შემდგომში გერმანელი არტისტის მთავარი მუსიკალური ნიშანი გახდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი რაც მის ალბომებს ახასიათებს არის მათი მელანქოლიური და ღრმა ემოციური ბექგრაუნდი. გერმანელი არტისტი არ შემოიფარგლება მხოლოდ საკუთარი ლეიბლებით და მის რელიზებს შევხვდებით ბევრ სხვა ლეიბლზეც, მათ შორის Mule, Kompakt, Ghostly International, Pampa Records, Liebe*Detail და ა.შ. Lawrence-სთვის უშუალო მუსიკალური ინსპირაციების გამოძებნა ძალიან რთულია. როგორც თვითონ არტისტი აღნიშნავს, მას ძალიან მოსწონს ინდი და ფოკ მუსიკა, განსაკუთრებით კი მუსიკოსი Will Oldham, რომელიც სასცენო სახელით, Bonnie ‘Prince’ Billy-ით უფრო არის ცნობილი.

თუკი Lawrence-ს ერთ-ერთი ლეიბლის, Smallville Records-ის ოფიციალურ ინტერნეტ მაღაზიაში შევიხედავთ, ვნახავთ, რომ ერთერთ მაისურს აწერია ციტატა (“Dawn is mine but I will share it”) Bonnie ‘Prince’ Billy-ის სიმღერიდან “At Break of Day”. უფრო ადრეულ მუსიკალურ გავლენებში კი მოიაზრება 90-იანი წლების რეივ სცენა, რომელიც Kersten-სთვის ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყარო გახდა. როგორც თვითონ იხსენებს, იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი Acid House და Techno ჟღერადობა საკუტარი მუსიკის ხასიათს ძალიან განსაზღვრავს. ეს განსაკუთრებით ეხება მის კიდევ ერთ მუსიკალურ პროექტს, Sten-ს.

„განსხვავებების მიუხედავად ჩემი ყველა პროექტი ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან. Sten უფრო მეტად მინიმალისტურია და გამოხატავს ჩემი ცხოვრების იმ ნაწილს, რომელიც მე დენსფლორზე გავატარე“ – ასე ახასიათებს Sten-ს Peter Kersten. პროდუსერული საქმიანობის პარალელურად Lawrence აქტიური დიეჯია, რომელსაც ხშირად ვხვდებით როგორც რეზიდენტ დიჯეის ჰამბურგის კლუბებში The Golden Pudel და Click. ასევე საკუთარი ლეიბლის შოუქეისების ფარგლებში იგი პერიოდულად უკრავდა Panorama Bar-ში და მსოფლიოს სხვადასხვა კლუბებში.

Lawrence-ს უკანასკნელი Manhattan EP, რომელიც სამი ტრეკისგან შედგება, 9 მარტს Smallville Records-ზე გამოვიდა. თუ გავიხსნებთ არტისტის მიერ 2014 წლის ბოლოს, Mule Musiq-ზე გამოშვებულ ალბომს A Day In The Life, ვნახავთ, რომ Manhattan EP-ში შემავალი ტრეკები უფრო მეტად House და Techno მიმართულებაზე ფოკუსირდება ვიდრე A Day In The Life-სთვის დამახასიათებელ ექსპერიმენტალური და ამბიენტ მუსიკის ნაზავზე. ვებპორტალმა XLR8R-მა Manhattan EP-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ EP-ში Lawrence იმეორებს Techno + House + Ambient მოდელს, რომელიც მისი პროდუქციისთვის დამახასიათებელ სტილად იქცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

Manhattan EP-ის პირველი ტრეკია Nowhere Is A Place, რომელიც არტისტის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მელანქოლიური ატმოსფეროთი გამოირჩევა. მელოდიური და მსუბუქი ინტროს შემდეგ Nowhere Is A Place უფრო ბნელი და ატმოსფერული ხდება, რაც ცივი ჟღერადობის პადების და ჯაზ მუსიკისთვის დამახასიათებელი მძიმე ბასის დამსახურებაა. შეიძლება ითქვას, რომ Manhattan EP-დან ეს ტრეკი ყველაზე მეტად შეეფერება Lawrence-ს მუსიკალურ პორტრეტს. შემდეგი ტრეკი, რომელიც Lawrence და Ghostly International-ის გამორჩეული არტისტის, Heathered Pearls-ის ერთობლივი ნამუშევარია, იმეორებს ალბომის სათაურს და ჰაუს მუსიკის ძირითად ტრადიციებს. Manhattan მთელი ქრონომეტრაჟის მანძილზე პროგრესულად ვითარდება, ტრადიციული ბითის და ბასის პარალელურად დროდადრო ჩნდება პადები, რომელიც კარგ ატმოსფერულ ფონს უკეთებს მთლიანად ტრეკს. Manhattan EP-ის უკანასკნელ ტრეკში კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ Lawrence-ზე მეტად მისი ალიასის, Sten-ის გავლენა ჩანს რაც მძიმე, ტექნოზე ორიენტირებულ ჟღერადობაში ვლინდება. Dark & Stormy-ზე თვითონ ტრეკის სათაურიც ბევრს ამბობს, გერმანელი არტისტი აშკარად შეეცადა, რომ ალბომის EP-ის

საერთო ჟღერადობა ბნელი და მელანქოლიური ყოფილიყო რაც აისახა მის თითოეულ ტრეკზე. მიუხედავად იმისა, რომ Dark & Stormy მძიმე, რიტმული ჟღერადობით და პერკუსიაზე უფრო მეტი აქცენტით გამოირჩევა, იგი არ კარგავს Manhattan EP-ის საერთო კონცეფციისთვის დამახასიათებელ საერთო ემოციურ განწყობას. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად რიტმული ჟღერადობისა, ეს რელიზი არ არის მხოლოდ კლუბური გარემოსთვის გამიზნული, მისი მოსმენა შეიძლება ყველგან, რადგან ზოგად მუსიკალურ ატმოსფეროს და განწყობას Manhattan EP-ის ყველა ტრეკი კლუბის გარეთაც ინარჩუნებს.

შეგახსნებთ, რომ 2015 წლის დასაწყისში, გერმანელი არტისტის ტრეკი Sapphire დარელიზდა ლეიბლ Underground Quality-ის კომპილაციის მეშვებოით, რომელიც DJ Jus-Ed ს ლეიბლის ათი წლის იუბილეს ეძღვნებოდა. Lawrence-ს გარდა კომპილაციაში მონაწილეობდნენ Dj Koze, Son of Sound, Jo Nathan, Arcarsenal, Alexkid & Hector, Diego Gamez და თავად ლეიბლის ბოსი DJ Jus-Ed, რომელმაც კომპილაციაში თავისი ტრეკი, Whale Dance შეიტანა.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.