LIVITY SOUND: UK AND BEYOND

“ეს არ არის უბრალოდ ლეიბლი, ესაა კოლექტივი და რაც მთავარია- ეს არის იდეა” -თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში მსგავსი სიტყვებით ძალიან ბევრი გვესაუბრება, მაგრამ როცა საქმე LIVITY SOUND-ს ეხება, ეს სულაც არ ჟღერს პათეტიკურად ან გადაჭარბებულად. 2011 წელს , ბრიტანელი  არტისტების, PEVERELIST, KOWTON და ASUSU-ს მიერ დაფუძნებული კოლექტივი ტექნოს, გრაიმის, დაბსტეპის და ბას მუსიკის საუკეთესო ტრადიციებს ცოცხალ ფორმებში ინარჩუნებს და მუსიკალურ მეხსიერებას წარმატებით უნახავს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრისტოლში დაფუძნებული არტისტები ყველაზე ნაკლებად ღელავენ ჟანრებზე და LIVITY SOUND-ის  „ტექნოს და დაბსტეპის“ შეხვედრის წერტილად გამოცხადებასაც არასერიოზულად უყურებენ.

peverslist

„ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში დაბსტეპის ეტაპი წლების წინ დადგა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. არასდროს მდომებია ლეიბლისთვის მსგავსი ჩარჩოს შექმნა.“ – TOM FORD, იგივე PEVERELIST, რომელიც ბრიტანული მუსიკალური სცენის ცოცხალი ლეგენდაა, ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მუსიკას თავისუფლება სჭირდება. ამის კარგი მაგალითი მისი სოლო კარიერაა, რომელიც კოლექტივის შექმნამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ამ კარიერის პირველი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ფირფიტების მაღაზია ROOTED-ს უკავშირდება, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ბრისტოლის დაბსტეპ სცენის ცენტრალური პლატფორმა იყო. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ PEVERLIST ან ROOTED მხოლოდ ერთი კონკრეტული ქალაქის კონტექსტში განიხილებოდნენ – FORD-ის მუსიკალური გემოვნება და შემოქმედებითი გავლენა ადვილად შეიმჩნეოდა მთელს სამხრეთ ლონდონის სცენაზეც. ეს გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც 2006 წელს ლეიბლი PUNCH DRUNK შექმნა, სადაც მისი სადებიუტო ალბომი JARVIK MINDSTATE გამოიცა. ამის შემდეგ PUNCH DRUNK ბევრი ახალბედა არტისტის თავშესაფარი და ტრამპლინიც გახდა, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც გამოჩნდა, ის იყო, რომ PEVERELIST თავის შემოქმედებაში სხვადასხვა მუსიკალური არეალის გაერთიანებას ცდილობდა და საკმაოდ წარმატებითაც.

kowton & peverelist

ვითარება შეიცვალა 2010 წელს, როდესაც ROOTED-მა არსებობა შეწყვიტა და მისგან შექმნილი ვაკუუმის შევსება IDLE HANDS-მა დაიწყო, მუსიკალურმა მაღაზიამ, რომლის ოჯახის წევრიც JOE COWTON გახდა. KOWTON და TOM FORD-ის კოლაბორაცია ლოგიკურად, მაგრამ ყოველგვარი კონკრეტული გეგმის გარეშე დაიწყო. ორივე მათგანმა იცოდა, რომ ბრისტოლი ძველი მუსიკალური ნოსტალგიის სასაფლაოდ არ უნდა ქცეულიყო და ამ პროცესში მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „რაღაც ახალის“ ძიებაში ორი არტისტი ერთმანეთს დაუახლოვდა, რისი შედეგიცაა ერთობლივი  ჩანაწერი BENEATH RADAR , რომელმაც ფაქტობრივად LIVITY SOUND-ს დაუდო სათავე. მათ მოგვიანებით შეუერთდათ ლონდონელი ASUSU და კოლექტივიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

asusu-livity020

სამი განსხვავებული, მაგრამ საერთო იდეის მქონე არტისტის შემოქმედებითი საქმიანობა გეგმაზომიერ მოქმედებაზე მეტად „თავისუფალი ვარდნის“ პრინციპზე იყო აგებული – ისინი ცდილობდნენ სულ ცოტა ბრისტოლის სცენისთვის ახალი სუნთქვის შესაძლებლობა მიეცათ, ჟანრების, ჩარჩოების და ზედმეტი კონიუქტურის გარეშე. ეს შესაძლებლობა არა მხოლოდ სცენას, არამედ თავად მათაც სჭირდებოდათ, რადგან მათ არ სურდათ სიკვდილის გზაზე მყოფი დაბსტეპ სცენის ტყვეები გამხდარიყვნენ. KOWTON იხსენებს, რომ „დაბსტეპის ოქროს ხანა 2000-იანი წლების დასაწყისი იყო, ხოლო 2009/2010 წლებში არტისტები ცდილობდნენ მოეძებნათ გზები, რათა ეს მუსიკალური მიმართულება კვლავ რელევანტური გაეხადათ“.  KOWTON და PEVERLIST-ის მიზანი კი ეს არ ყოფილა – მათ ძველ მუსიკალურ გაკვეთილებს ახალი დანიშნულება მისცეს, ხოლო დაბსტეპსაც მშვიდად განსვენების საშუალება. იგივე აზრზე იყო ASUSU-ც, რომელიც აღნიშნავს, რომ როდესაც JOE და TOM-ს კომპოზიციები პირველად გაუგზავნა, მისი და დაბსტეპის ისტორია უკვე დასრულებული იყო. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ის უარყვეს, რასაც წლები აკეთებდნენ, არავითარ შემთხვევაში. მათი მხრიდან ზედმეტი ინტერვენციისგან თავშეკავება პირველ რიგში ბრიტანული მუსიკალური ტრადიციის მიმართ პატივისცემის გამოხატვა იყო. ბრიტანულ მუსიკალურ ტრადიციაში კი ის იგულისხმება, რასაც KOWTON ბრიტანულ გზას ეძახის: „ბევრი ჩვენი მეგობარი და თანამოაზრე ერთი შეხედვით შეიძლება უბრალოდ ტექნოს აკეთებდეს, მაგრამ ისინი ამას განსხვავებულად, ბრიტანულად აკეთებენ.“

Livity-sound-logo

ბრიტანული სპეციფიკა, ბრიტანული სული, ბრიტანული ჟღერადობა… ეს ტერმინები მუსიკის ჟურნალისტიკაში დიდი ხანია არსებობს და ალბათ კიდევ ბევრ თაობას გამოიცვლის, მაგრამ ფაქტია, რომ ამას თავისი საფუძველი აქვს. LIVITY SOUND-ს კი ამ ყველაფრის შენებაში ძალიან ბევრი აგური აქვს ჩადებული. პირველ რიგში ისინი არა ლეიბლის მფლობელები ან არტისტები, არამედ მუსიკის მსმენელები არიან და რეალურ განსხვავებას სწორედ ეს იძლევა. ამ განსხვავებას BASSIANI-ს მსმენელი 8 თებერვალს იგრძნობს.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.