Free event tickets is selling until 6 PM

NINA KRAVIZ AND HER TRIP

16 დეკემბერს კლუბი BASSIANI თავისი კონცეპტის, HOROOM-ის ინტეგრირების გზით წარმოგიდგენთ ახალ სივრცეს, რომელიც კლუბის პარალელურად იმუშავებს და ძირითადად ჰაუსის ჟღერადობაზე იქნება ორიენტირებული. ახალ ოთახის რეზიდენტი იქნება Kvanchi, რომელიც გახსნის დღეს HVL და Route 8-სთან ერთად შეეცდება მსმენელისთვის შესაფერისი მუსიკალური განწყობის შექმნას. რაც შეეხება BASSIANI-ის მთავარ ოთახს, ამ დღეს აქ NINA KRAVIZ თავისი ლეიბლის, трип-ის არტისტებთან ერთად დაუკრავს. BJARKI და NIKITA ZABELIN რამდენიმე წელია რაც KRAVIZ-თან თანამშრომლობენ, შესაბამისად მათ ერთადაც ძალიან კარგად გამოსდით კონკრეტული ღამის ხასიათის განსაზღვრა.

nina-kraviz1

„მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი დროის ან ჟანრის მუსიკით ვინტერესდებოდი, ტექსტურა ყოველთვის ერთი იყო. მნიშვნელობა არ აქვს რა ჟანრის მუსიკას დავუკრავ, რამდენადაც ის ყოველთვის სპეციფიკურ ემოციას გადმოცემს, სპეციფიკური იმპულსები აქვს. ვფიქრობდი, რომ ვიღაც იქნებოდა ვინც კონკრეტულად ამ ტიპის ემოციას გადმოსცემს და მუსიკის ასეთ ბუნებაზე ფოკუსირდება. თუმცა, ირგვლივ მიმოვიხედე და მსგავსი არავინ იყო“ – Nina Kraviz-მა трип სწორედ კონკრეტული და სპეციფიკური ემოციების გადმოსაცემად შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ლეიბლისთვის მუსიკას განსხვავებული მუსიკალური გემოვნების ადამიანები წერენ, შედეგი ყოველთვის ერთია, საერთო ემოციური განწყობის შექმნა და მსმენელისთვის წარდგენა. პირველი რელიზისთვის ციმბირელ არტისტს ტექნო ვეტერანები Terrence Dixon, Exos და Steve Stoll შეუერთდნენ. პარალელურად კი ადგილი Parrish Smith და Bjarki-ის ორი ახალი პროექტისთვისაც გამოიძებნა. ამ უკანასკნელმა ეს შანსი ძალიან კარგად გამოიყენა და 2015 წელს პირველ სოლო რელიზის ფარგლებში წლის ტექნო ჰიტი, I Wanna Go Bang გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპოზიცია ლეიბლის ყველაზე ცნობილ რელიზად და სახედ იქცა, აღსანიშნავია ისიც, რომ трип-ის კატალოგში უკვე AFX (Aphex Twin), Luke Slater, Delta Funktionen, Fred P, Vakula და სხვა არტისტების ნამუშევრებიც მოიპოვება.

11902312_1121594477855476_7861790913363490227_n-1

Nina Kraviz-ის მუსიკალური კარიერა ნამდვილად არ არის სწორხაზოვანი. პირიქით, ის ყოველთვის ეკლექტური იყო და შესაბამისად მის სხვადასხვა პერიოდში გამოცემულ რელიზებსა თუ დიჯეი სეტებში შეიძლება ბევრი კონტრასტული ელემენტი ვიპოვოთ. რაც შეეხება трип, აქ უკვე Nina უფრო მეტად დამაჯერებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ლეიბლი ძალიან მალე გახდა კონკრეტული კონცეპტუალური ჩარჩოს გამომხატველი რაც არა მარტო მუსიკაში, არამედ ვიზუალებსა და ლეიბლის შოუქეისებში გამოიხატა. თუმცა, საინტერესო დეტალია ისიც, რომ, როგორც თვითონ აღნიშნავს, არტისტებისთვის ძალიან რთულია გამოიცნონ თუ კონკრეტულად რას მოიცავს ეს კონცეპტი: „პირველ რიგში მე მათ (არტისტებს) ვეუბნები, რომ გამომიგზავნონ ყველაფერი, რაც შექმნილი აქვთ. მათ შორის ისიც, რაც მათ შეიძლება სძულდეთ. იმიტომ, რომ შეიძლება მე სწორედ ეგ მომწონდეს. მათ წინასწარ არასდროს უნდა იფიქრონ მე რა მომეწონება, რადგან ამის გამოცნობა შეუძლებელია.“

Kraviz-ს ლეიბლის სხვადასხვა არტისტები ორგანული მუსიკის მონადირეს უწოდებენ და ეს შემთხვევითი შეფასება არ არის. წლების მანძილზე მისი ძიების პროცესი მსმენელისთვის ადვილი დასანახი იყო. დღეს კი მისი პოზიცია უფრო მეტად თვალსაჩინოა და ამავდროულად ბუნდოვანიც. ის ერთნაირად უყვართ დიდი ფესტივალებსა და პატარა კლუბებში, მისი პერსონა კი თანაბრად საინტერესო გახდა როგორც ანდერგაუნდ, ასევე ელექტრონული მუსიკის მეინსტრიმ სივრცისთვის. Nina-ს დღევანდელი არტისტული სახე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცოტა ხნის წინ გამოცემულ მიქსში fabric 91. ამ მიქსში საკუთარი ლეიბლის რჩეული რელიზების გვერდით Kraviz გვერდს არ უვლის ემბიენტს IDM ესთეტიკის კომპოზიციებს, დაბ ტექნოს და რა თქმა უნდა ეისიდ ჟღერადობას, რომელიც ბოლო პერიოდში მისი სეტების ყველაზე დასამახსოვრებელ პასაჟად იქცა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველა კლუბსა თუ ფესტივალზე Nina-სგან რაღაც არაორდინალურს, კონტექსტისგან ამოვარდნილს მოელიან, ის კი ამ მოლოდინს ამართლებს. ზუსტად იგივეს ვარაუდი შეიძლება BASSIANI-ზეც. თუმცა იმ საღამოს ის მარტო არ იქნება.

rs-206105-Bjarki_ROLLING_STONE9985-copy

Bjarki Runar Sigurdarson, იგივე Bjarki ლეიბლ трип-ის მთავარი დამრტყმელი ძალაა. მას შეიძლება Nina Kraviz-ის აღმოჩენაც დავარქვათ, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ Bjarki-მ აქეთ აღმოაჩინა трип. როდესაც მისი თანამოქალაქე Exos-სგან ახალი ლეიბლის შესახებ გაიგო, თავისი საუკეთესო ნამუშევრები შეკრიბა და კოპენჰაგენში ნინას გადასცა. შემდეგ რაც მოხდა, უკვე ისტორიაა და ეს ისტორია კიდევ გრძელდება. როგორც თავად აღნიშნავს მისთვის კომფორტული სივრცე იქაა, სადაც „მუსიკას იღებენ ისეთს, როგორიც არის. და არ ცდილობენ რომელიმე კონკრეტული სტილის ან ჩარჩოსთვის მორგებას“. ტექნოს, ემბიენტის და რიგ შემთხვევებში ბრეიქბითის გავლენით ისლანდიელმა მუსიკოსმა მხოლოდ წელს 3 სტუდიური ალბომი გამოსცა, სადაცა ნათლად დაანახა ყველას, რომ ის თავისუფლად მოქმედებს და აკეთებს იმას რაც სურს. ზუსტად იგივეს უნდა ველოდოთ მისი დიჯეი სეტისგან, სადაც Bjarki ისევე დიდი ყურადღებით ეკიდება მუსიკალური საზღვრების კვეთას, როგორც საკუთარ პროდუქციაში.

social_image_id

Bjarki -სგან განსხვავებით Nikita Zabelin შედარებით უფრო გამოცდილი არტისტია, რომელმაც საკუთარი მუსიკალური კარიერა 2009 წლიდან დაიწყო. იმ პერიოდში გერმანულ Hi Freaks-ზე გამოცემული სამი რელიზის შემდეგ Zabelin-მა ყურადღება უფრო მეტად დიჯეინგზე გადაიტანა და კლუბ Monasterio-ს რეზიდენტი გახდა. პარალელურად იგი ჩართულია Techno Makes Sense და Resonance Moscow-ის ფართების ორგანიზებაში, რაც თავის მხრივ რუსული ანდეგრაუნდ სცენის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. იგი трип-ის ოჯახს 2015 წელს გამოცემული ტრეკით, Rush-ით შეუერთდა და მას შემდეგ პერიოდულად ჩნდება ლეიბლის კომპილაციებშიც. Bjarki და NINA KRAVIZ-თან ერთად სწორედ ის გაუძღვება BASSIANI-ის მსმენელს ელექტრონული მუსიკის სამყაროში.

15259241_1153643351409703_6260176392075630277_o

რაც შეეხება HOROOM-ის ოთახს, მისი მიზანია BASSIANI-ს კვალდაკვალ თანასწორობასა და თავისუფლებაზე დაფუძნებული სივრცე შექმნას. ოთახის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ისიც, რომ იგი არ გაიმეორებს BASSIANI-ის მუსიკალურ პოლიტიკას. პირიქით, ხშირ შემთხვევაში ორი დენსფლორი ერთმანეთისგან მუსიკალური თვალსაზრისით გამიჯნული იქნება. გახსნის დღეს ROUTE8-ს მოწვევაც შემთხვევითი არ არის. Lobster Theremin-ის ოჯახის წევრი კარგად იცნობს ქართველ მსმენელს და თან კარგად ესადაგება HOROOM-ის მუსიკალურ მხარეს. This Raw Feeling EP, რომელიც 2015 წელს გამოიცა, უნგრელი პროდუსერისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რის შემდეგაც მან კიდევ უფრო მეტად მიიქცია ელექტრონული მუსიკის სცენის ყურადღება. ჩიკაგო ჰაუს სცენისთვის დამახასიათებელი საუნდი და ხშირ შემთხვევაში ვინტაჟური, Lo-Fi ესთეტიკა მისი სამარკო ნიშანია, რაც HOROOM-ის ფართებისთვისაც არ არის უცხო. შესაბამისად Kvnachi და HVL-თან ერთად იგი ბასიანის მთავარი დენსფლორისგან განსხვავებულ მუსიკალურ გამოცდილებას გვპირდება .



Share Blog

Facebook