Review: Boyd Schidt – Morning Utopia

Various ‎– 003
Label:Studio R° ‎– 003Format:3 × Vinyl, 12″, 33 ⅓ RPM, Compilation, 180g
Country:Germany
Released:Nov 2014
Genre:Electronic
Style:Techno, House


2
1
2014 წლის ნოემბერში, გერმანულმა ლეიბლმა Studio r°-მა რიგით მესამე VA კომპილაცია გამოუშვა ვინილზე, სადაც ელექტორნული მუსიკის ვეტერანებთან ერთად რამდენიმე ახალი სახელიც გვხვდება. კომპილაციაში შესულია ისეთი არტისტების ტრეკები, როგორებიც არიან ტექნოს ვეტერანი Brendon Moeller, Mike Parker, Zadig, Fred P და ასე შემდეგ. 12 ტრეკისგან შემდგარი კომპილაციის ერთ-ერთი ტრეკი ქართული ტექნოს პროექტის Boyd Schidt-ის ანგარიშზეა, რომლის Morning Utopia მთლიანი კომპილაციის ერთ-ერთი გამორჩეული ტრეკია.
ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ტექნო დუეტის, Greenbeam & Leon-ის წევრმა ლეონ ლოლიშვილმა თავისი სოლო პროექტი Boyd Schidt რამდენიმე წლის წინ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ლეონი არ არის ის პროდუსერი, რომელიც მუსიკაში რისკავს, რადგან, როგორც ვიცით, მისი ყოველი მუსიკალური კონცეფცია ცალკე პროექტის ქვეშ გაერთიანდა და არასდროს კვეთდა ერთმანეთს. Greenebam & Leon-ის პარალელურად, ლეონმა აჩი თაბუკაშვილთან (Greenbeam) ერთად დაიწყო პროექტი Autumn Tree. ამ ორ პროექტის მუსიკალური ფილოსოფია რადიკალურად განსხვავებულია. Greenbeam & Leon თავიდანვე მინიმალზე იყო ორიენტირებული, რომელიც მოგვიანებით ტექნოს ჟღერადობით გამდიდრდა, Autumn Tree კი დასაწყისიდანვე მსუბუქი ჟღერადობით გამოირჩეოდა და ძირითადად Downtempo და ექსპერიმენტალურ ჟღერადობაზე ფოკუსირდებოდა. ვინაიდან მისი ადრეული პროექტები მეტნაკლებად განსაზღვრულ მუსიკალურ ჩარჩოებში ექცეოდა, ნათელი იყო, რომ Boyd Schidt-იც ამ ტრადიციას გააგრძელებდა. 2010 წლის შემდეგ Boyd Schidt რამდენიმე სოლიდურ ლეიბლზე გამოჩნდა, მათ შორისა Mo’s Ferry, Wavreform Records, Emote Music. ამ პროექტმა ნაწლობრივ გააგრძელა Greenebam & Leon-ის ტრადიცია, რადგან Boyd Schidt-ის რელიზებიც ძირითადად ტექნოს აგრესიულ ხასიათს ატარებს, სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული Morning Utopia.
1384030_664653563581493_1888811616_n
ამ კონტექსტით, Morning Utopia არა მარტო Various ‎– 003 კომპილაციაში, არამედ არტისტის მთლიან დისკოგრაფიაშიც განსაკუთრებულია. კომპილაციის საერთო ჟღერადობა საკმაოდ მძიმე და ერთფეროვანია, ტრეკების უმეტესობა ტრადიციული ტექნოს ჩარჩოში ჯდება. ალბომის საერთო ჟღერადობასთან კონტრასტს მეტნაკლებად Weitone, Fred P და Boyd Schidt​-ის ტრეკები ქმნიან. Morning Utopia, განსხვავებით კომპილაციაში შემავალი სხვა ტრეკებისგან, არ ატარებს აგრესიულ ატმოსფეროს. Kick-ით და იმპულსური სინთებით გაჯერებული მინიმალისტური ინტრო ერთი წუთის შემდეგ უწყვეტი, ღრმა ბასით მდიდრდება, რომელსაც ლოგიკურად მოსდევს პერკუსიების მოდულაცია. მსგავსი ტრადიციული დასაწყისი უცხო არა არის Boyd Schidt-ის ადრეული ნამუშევრებისთვის, თუმცა მეორე წუთიდან Pad შემოსვლა (fade in ეფექტით) აშკარას ხდის, რომ ეს ტრეკი არ იქნება ტრადიციული Boyd Schidt-ის სტილი. Pad ერთ-ერთი მთავარი წამყვანი დეტალია Morning Utopia-სთვის და ეს არტისტმაც კარგად იცის, რადგან ინტენსიური პერკუსიების შემდეგ ის ნელნელა იწყებს პერკუსიების მინიმალიზებას და გვთვავაზობს Pad-ის სოლოს, რომელიც ამ ტრეკის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. სამწუხაროდ ეს მონაკვეთი არც თუ ისე ხანგძლივია, იმპულსური სინთები რამდენიმე ნოტით აწყობილ მელოდიაში გადადის, რომელიც Reverb ეფექტის დახმარებით მუდმივ მოდულაციას იწყებს. რბილ სინთეზატორულ ფონს თუ არ ჩავთვლით, სწორედ ამ მელოდიის და პერკუსიების ცვალებადი ტონები ქმნის ტრეკის რიტმულ ჰარმონიას, რომელსაც ბასის ერთიანობა ორგანულად აერთებს. ტრეკის დასასრულისკენ ჯერ კიდევ შემორჩენილია საოცრად გემოვნებიანი ატმოსფერული ფონის შტაბეჭდილება და ეს შთაბეჭდილება ტრეკის დასრულების შემდეგაც რჩება. Morning Utopia-ს ტექნიკური მახასიათებლები მხოლოდ მის სტრუქტურას გამოხატავს, თუმცა მისი ნამდვილი ღირებულება მის კომპლექსურობაშია.
Morning Utopia აბსოლუტურად ორიგინალური პროდუქტია, თუმცა მისი თვითმყოფადობა არ გამორიცხავს გარკვეული პარალელების გავლებას. 2014 წელი ტექნო და ჰაუს მუსიკისთვის უდავოდ წარმატებული იყო. როგორც ხდება ხოლმე, ბევრი ახალი ტალანტი და ტენდენცია გამოჩნდა, რომელიც მეტნაკლებად დომინირებდა შარშან. ერთ-ერთი ძირითადი ტენდენცია კი იყო ჰაუსის და ტექნოს უფრო მეტად დაახლოვება, აგრესიული და რბილი ჟღერადობის ოპტიმალური შერწყმა. რამდენიმე ლეიბლი მიზანმიმართულად უჭერდა მხარს ამ ტიპის სინთეზს, მათ შორის Giegling, რომელიც დამსახურებულად გახდა 2014 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა თავის გამორჩეულ არტისტებთან ერთად. მიუხედავდ იმისა, რომ Traumprinz ყველაზე მეტად გამოხატავს ამ ლეიბლის ფილოსოფიას, ფაქტია, რომ ეს ტენდენცია ცალკეულ არტისტებზე არ დადის, ეს მუსიკალური მიდგომა უფრო მეტად პიროვნული და გულრწფელია. ეს მიდგომა არის ის, რისი მეშვეობითაც თანამედროვე ელექტრონული მუსიკა საკუთარ ინტელექტუალურ ტრადიციას აყალიბებს. Boyd Schidt-ის ეს რელიზიც ამ კონტექსტის მატარებლად შეგვიძია მივიჩნიოთ, რადგან ის არ არის რომელიმე პროექტის ჩარჩოში მოქცეული, ის არის არტისტის განცდითი სამყაროს კარგი რეალიზაცია. Morning Utopia-ს აქვს ხასიათი, რომელიც პიროვნულია, რომლის უკან არ დგას Boyd Schidt, მის უკან დგას პიროვნება, რომელიც მუსიკას განიცდის. ეს პარალელი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ შეიძლება დროს წინ არ ვუსწრებთ, მაგრამ არც უკან ჩამოვრჩებით. მუდმივი კრიტიკის მიუხედავად ფაქტია, რომ ქართული ელექტორნული მუსიკის განვითარება საკმაოდ თანმიმდევრული და სწორ პრიორიტეტებზე ორიენტირებულია. ადრინდელი პრობლემა, რომ არტისტებს საკუთარი იდეების ტექნიკურად რეალიზება უჭირთ არც იმდენად მასიურია და ამის მაგალითია Boyd Schidt-ის Morning Utopia. ეს ტრეკი თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოა ამ პროექტისთვის და შესაძლოა საეტაპოც კი აღმოჩნდეს, როგორც არტისტისთვის, ასევე ქართული ჰაუს და ტექნო სცენისთვის.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.