Review: HVL – Lucky Star Of High Minded

Label: Rough House Rosie – RHR 007
Format: Vinyl, 12″, 33 ⅓ RPM, EP
Country: Germany
Released: 19 Jan 2015

A1 Your Heart Speaks For You 5:49                     B1 She Can Land On A Dime 5:06
A2 Lucky Star Of High Minded 6:40                     B2 Wild Combination 5:29
CS550396-01A-BIG
CS550396-01B-BIG
ქართველმა პროდუსერმა გიგი ჯიქიამ, რომელიც მუსიკას HVL-ის სახელის ქვეშ ქმნის, 19 იანვარს გერმანულ ლეიბლ Rough House Rosie-ზე ახალი Lucky Star Of High Minded EP გამოუშვა. გიგი ჯიქიას ქართველი მსმენელი ჯერ კიდევ Okinawa Lifestyle-დან იცნობს, როდესაც იგი დათო დათუნაშვილთან ერთად სწორედ ამ პროექტის სახელით ქმნიდა მუსიკას. პროექტი 2009 წელს შეიქმნა და 5 უფასო რელიზის გამოცემა მოასწრო, რის შემდეგაც Okinawa Lifestyle-მა არსებობა შეწყვიტა და მისმა წევრებმა სოლო კარიერა დაიწყეს. მათი 2010 წლის ალბომის, Naha-ს ტრეკი Levan ელექტრონავტების გამარჯვებული გახდა წლის ტრეკის ნომიანციაში, ხოლო Underwater (2011)-ის მთავარი სინგლი Nii ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მარგალიტია. Okinawa Lifestyle-ს შემდეგ გიგი ჯიქიამ სოლო პროექტი HVL შექმნა და რამდენიმე ლეიბლზე გამოსცა თავისი მუსიკა : Rough House Rosie, Housewax, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს, ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე („ელექტრონავტები“) ეს პროექტი მსმენელის ფავორიტი გახდა და წლის ელექტრონავტად დასახელდა.

18453706310724398327
HVL-ის დებიუტი Rough House Rosie-ზე 2013 წელს შედგა, როდესაც მან 4 ტრეკისგან შემდგარი EP, სახელად Deep Survey დაარელიზა. იმავე წელს Rough House Rosie-ზე HVL და Alex Danilov-ის საერთო Split Screen EP გამოვიდა. შესაბამისად Lucky Star Of High Minded EP არტისტისთვის რიგით მეორე სოლო რელიზია, რომელიც ამ გერმანულ ლეიბლზე გამოიცა. ქართველ არტისტს საკმაოდ მრავალფეროვანი დისკოგრაფია აქვს და HVL-იც არ მოიაზრება კონკრეტულ მუსიკალურ ჟანრში, თუმცა ამ პროექტის მუსიკალური კონცეფცია ყველაზე ახლოს მსუბუქ ჰაუს ჟღერადობასთანაა. Lucky Star Of High Minded EP გარკვეულწილად აგრძელებს ამ ტრადიციას, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ EP-ის ჟღერადობა ტრადიციული Deep House-ის ჩარჩოშია. 4 ტრეკისგან შემდგარი ალბომის პირველი ტრეკია Your Heart Speaks For You, ალბომის სხვა ტრეკებისგან განსახვავებით, ოდნავ ხანგძლივი ინტორთი გამოირჩევა, რომელიც შემდეგში მთლიანად გაჰყვება ტრეკს. ერთწუთიან ინტროს მოსდევს ბითი, რომელიც საკმაოდ ორგანულად ეთავსება ტრეკის ბექგრაუნდს და მის რიტმულობას კიდევ უფრო გამოკვეთს. კომპოზიციის შუა ნაწილში გაჟღერებული მელოდიაც საკმაოდ ბუნდოვანია, რადგან გამოყენებული ეფექტები მას ტრეკის ატმოსფერულ ფონთან უკეთებს ჰარმონიას. მთლიან კონტექსტს ძალიან უხდება არამასიური, ერთჯერადი ვოკალის სემპლები და სინთები, რომელიც პერიოდულად ამდიდრებს კომპოზიციას. შეიძლება ითქვას, რომ Your Heart Speaks For You საკმარის წარმოდგენას გვიქმნის მთლიან ალბომზე, რადგან დანარჩენი ტრეკებიც იმეორებენ მ ტენდენციას, რომელსაც ალბომის პირველ ტრეკში ვხვდებით. ამ მუსიკალურ კრებულის პირველი მოსმენისას რაც აუცილებლად იქცევს ყურადღებას, ესაა Dub Techno-ს ორიენტირები, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთება She Can Land On A Dime-ში. პერკუსიების მინიმალიზების ხარჯზე ბითი რიტმულ გამოსახვას უკეთებს ფონად მიმავალს სინთებს, რომელიც მუდმივი მანიპულირებით Dub Techno-ს საუკეთესო ტრადიციებს იმეორებს. არტისტი არც ამ ტრეკში იყენებს მკვეთრს ბასს, და როგორც მთლიანად ალბომში, აქაც ცდილობს, რომ კომპოზიციების ყოველი მუსიკალური ელემენტი თანაბრად მნიშვნელოვანი გახადოს. შესაბამისად მთელს ალბომში იშვიათად ვხვდებით სოლო პარტიებს, აქცენტი ძირითადად კომპოზიციების ამბიენტ ატმოსფეროზე კეთდება, რომელიც პერიოდულად მდიდრდება ბითით ან რამდენიმე ნოტისგან შემდგარი მელოდიით. მოკლედ რომ ვთქვათ, Can Land On A Dime ტიპური Dub Techno მიმართულების ტრეკია, რომელიც საკმაოდ დაბალი ტემპით (116BPM) გვამოგზაურებს პერკუსიების და ბითის მუდმივი მანიპულაციით, რომელშიც ვოკალის სემპლები და იმპულსური ბასი ტრეკის ზოგად კომპოზიციურობას უზრუნველყოფს. განმეორებითი მუსიკალური პარტიებით გამოირჩევა Wild Combination, რომელიც დასაწყისიდანვე იწყებს განვითარებას პროგრესივის სტილში, რაც უცხო არ არის HVL-ის ძველი რელიზებისთვისაც. საინტერესოა ისიც, რომ ამ ტრეკში არტისტი არ ცდილობს ტრადიციული 4/4 ბითით შექმნას კომპოზიციის რიტმულობა, რაც ტრეკის შუა ნაწილიდან განსაკუთრებით საგრძნობია და საინტერესო. ალბომის მთავარი სინგლი, რომელიც ამ რილიზის სახელწოდებასაც იმეორებს, შეიძლება ითქვას, რომ კომპოზიციურად ყველაზე სრულყოფილია. Lucky Star Of High Minded თავიდანვე იწყებს ტრეკის ყველა ძირითადი ელემენტის გაცნობას. რიტმულ დასაწყისს მალევე უერთდება ცივი Pad, რომელიც ნაკლებად გვხვდება სხვა ტრეკებში, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად გემოვნებითაა შერჩეული. ამას ემატება მელოდიის და პერკუსიის განმეორებითი პარტიები, რომელიც ტრეკს ქაოტურობას უკარგავს და მას მუდმივ რიტმულობას უნარჩუნებს, განსაკუთრებით კი ტრეკის შუა, ძირითად ნაწილში. კომპოზიციის ბოლო ნაწილში ხდება ტრეკის ზოგადი ხასიათის ოდნავი შეცვლა, როდესაც არტისტი ივიწყებს მთავარ მელოდიურ პარტიას და პერკუსიების და Pad-ის 40 წამიან დუეტს გვთავაზობს.

საერთო ჯამში Lucky Star Of High Minded EP საკმაოდ საინტერესო ალბომია, ბნელი, ატმოსფერული ჟღერადობის გამო, რომელიც ალბომის ზოგად Dub Techno-ს ჟღერადობასთან ხარისხიან სინთეზს ქმნის.



Share Blog

Facebook

[custom-facebook-feed]