TINFOIL: THE WOLVES OF HELLFIRE

გასული სეზონი, როგორც BASSIANI / HOROOM-ისთვის, ასევე მთელი ქართული საკლუბო სივრცისთვის ძალიან რთული და გამომწვევი აღმოჩნდა. პოლიციის მხრიდან შეიარაღებული რეიდი, საპროტესტო აქციები და დაპირისპირებები ქუჩებსა თუ სოციალურ ქსელებში, დაძაბულობა, სტრესი. ეს ყველაფერი არ ყოფილა ლოკალურ ჩარჩოში გამომწყვდეული მოვლენების ჯაჭვი – საერთაშორისო მედიამ და გლობალურმა საკლუბო სამყარომ შეაფასა და მხარდაჭერაც დააფიქსირა. ახლა ჯერი ისევ ადგილობრივ სცენაზეა, რადგან ძველებურად არაფერი იქნება.

TBILISI RAVE REVOLUTION

თავის მხრივ, BASSIANI / HOROOM გაჩერებას არ აპირებს და უფრო მეტიც, ახალი სეზონიდან ახალი იდეებითა და ენერგიით ბრუნდება. კლუბის რეზიდენტებთან: HVL, ZITTO, CADENCY AKA HÉCTOR OAKS, KVANCHI ერთად, რომლებიც მთელი ამ პროცესების ცენტრში მოექცნენ, სეზონის გახსნის დღეს, ირლანდიური ტექნო დუეტი TINFOIL დაუკრავს, რომელიც DEFEKT-მა და SUNIL SHARPE-მა 2014 წელს ჩამოაყალიბეს.

Tinfoil

“ტექნო ერთგულებას მოითხოვს“ – SUNIL SHARPE-ის ეს ფრაზა კარგად ასახავს მის დამოკიდებულებას იმ საქმისადმი, რომელსაც ის წლებია ემსახურება. როგორც დიჯეი, SHARPE ტექნიკურად იმდენად კარგად არის განსწავლული, რომ ხშირად გვავიწყდება მისი შემოქმედებითი საქმიანობის მეორე მხარე. MATT FLANAGAN (DEFEKT)-თან ერთად, ირლანდიელი არტისტი უკვე წლებია პროექტ TINFOIL-ის სახელით მუსიკას ქმნის. 2018 წელს კი, ამ შემოქმედებითი გაერთიანების სადებიუტო ალბომი ON A ROLL ვიხილეთ.

SUNIL და MATT ერთ სტუდიაში უკვე 4 წელზე მეტია მუშაობენ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 6 EP ჩაწერეს, სადაც ანალოგური, ბრუტალური ტექნო ჟღერადობისადმი ინტერესი მკაფიოდ გამოხატეს. თუმცა ON A ROLL ის ჩანაწერია, რომელიც TINFOIL-ს ახალ განზომილებას აძლევს და თანამედროვე ტექნო სცენაზე უფრო მკვეთრად აფიქსირებს.

„მე და MATT მუსიკას განსხვავებულ ვიზუალიზაციას ვუკეთებთ, თუმცა როდესაც საქმე ტექნოს ეხება, ორივენი ერთ ფუნდამენტზე ვდგავართ. არ მინდა ამის ზედმეტად კონცეპტუალიზაცია, მაგრამ ორივეს გვინდოდა რაღაც ისეთი შეგვექმნა, რაშიც ირლანდიური განწყობა დაფიქსირდებოდა.“- როგორც ალბომში შესული კომპოზიციების სათაურები, ასევე საველე ჩანაწერები და ჟღერადობა ნამდვილად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მუსიკოსები ირლანდიური კულტურული ელემენტებით არიან შთაგონებული. რასაკვირველია, მშობლიური კულტურის გავლენა ხელოვანზე ხშირად აირეკლება, მაგრამ როდესაც საქმე ისეთ უნივერსალურ ენას ეხება, როგორიც ტექნოა, მსგავსი სპეციფიკის გათვალისწინება ბევრად უფრო რთულია.

tinfoil

ცეკვის, როგორც განუყოფელი კულტურული ელემენტის მნიშვნელობა ირლანდიაში ყოველთვის კარგად ესმოდათ. თუმცა ირლანდიაში დღეს ელექტრონული მუსიკის სცენა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მთელი რიგი პროცესების კარგად გაანალიზება ძალიან რთულია. ამ პირობებში,  SUNIL და MATT მიიჩნევენ, რომ ალბომის გამოცემას და მუსიკალური ტერიტორიის მონიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამავდროულად საინტერესოა, რომ როგორც მუსიკოსები ამბობენ, კონცეპტუალური ალბომი. არა ფიქრის, არამედ განცდის შედეგად შეიქმნა: „როდესაც ჩვენ მუსიკას ვქმნით, ფიქრს ვწყვეტთ. იმის 98 პროცენტი, რაც გესმით იმპროვიზაციის შედეგია.“

იმპროვიზაცია და მოულოდნელობა ისაა, რასაც TINFOIL-ისგან მუდმივად უნდა ველოდოთ, მათ შორის BASSIANI / HOROOM-ის სივრცეშიც. არტისტები აღნიშნავენ, რომ მათი სურვილია მსმენელს დასამახსოვრებელი, განსაკუთრებული ღამე შესთავაზონ და თუკი ეს ექსტრემალური, რადიკალური გზით მიიღწევა, საწინააღმდეგო არც არაფერი აქვთ. თუ რას ნიშნავს ტექნოში ექსტრემიზმი, ამის გაკვეთილს TINFOIL-ი სეზონის პირველ ღონისძებაზე ჩაატარებს. მოახლოებული საკლუბო ღამის წინ SUNIL SHARPE მაისის მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა: „შეგიძლიათ გამოგზავნოთ სპეციალური რაზმი, ისინი ვერაფერს დაგვაკლებენ“. კლუბის კარები ამჯერად მხოლოდ მოცეკვავეებისთვის გაიხსნება.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.