BASSIANI/HOROOM: 01.02.19

FAST FORWARD PRODUCTIONS: SUGAR, SCHACKE, REPRO LIVE, HVL, MERCURRIO


2015 წელს დანიაში დაფუძნებული DIY პლატფორმა FAST FORWARD PRODUCTIONS ადგილობრივი სცენის ინოვატორ არტისტებს აერთიანებს. სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, პლატფორმის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უსაფრთხო საცეკვაო სივრცის შექმნა იყო. სექსიზმის, რასიზმის, ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, FAST FORWARD-მა ერთგვარი ინკლუზიური სივრცე შექმნა, რომელიც საერთო ღირებულებების და ფასეულობების მქონე ადამიანებს აერთიანებდა.

დროთა განმავლობაში პლატფორმა იმდენად განვითარდა, რომ ლოკალურ კონტექსტს გასცდა და საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. ამავდროულად, FAST FORWARD-მა არტისტების სააგენტო ჩამოაყალიბა, რომელიც დანიის ელექტრონული მუსიკის სცენის როგორც გამოცდილ, ასევე ახალი ტალღის არტისტებს აერთიანებს. მათ შორის არიან REPRO, FUNERAL FUTURE, SUGAR, RUNE BAGGE, SCHACKE, DJ IBON. SUGAR კოპენჰაგენში დაბადებული დიჯეი, პროდიუსერი და FAST FORWARD-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. სანამ ის გლობალური სცენის ნაწილი გახდებოდა, დანიის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებს უწევდა კურატორობა, რომელმაც სცენის განვითარებას დიდი ბიძგი მისცა, ხოლო SUGAR სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა საინტერესო არტისტი. მისმა მუსიკალურმა სტილმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ლეიბლის ჟღერადობაც: სწრაფი, დინამიკური და მელოდიური ტექნო, რომელიც FAST FORWARD-ის სამარკო ნიშანია, SUGAR-ის გემოვნებასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია.

პანკ-როკ ბენდებში დაკვრის შემდეგ, დანიელმა მუსიკოსმა SCHACKE-მ გადაწყვიტა, რომ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი მთლიანად საცეკვაო მუსიკისადმი მიეძღვნა. ის აგრესია და ბრუტალიზმი, რომელიც მის ადრეულ მუსიკას ახასიათებდა, წარმატებით ტრანსფორმირდა ტექნოშიც. COURTESY-ის ლეიბლ ECOTHERM-ზე და KULOR-ზე გამოცემული მუსიკით SCHACKE-მ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ შემოქმედებით პროცესში ის კომპრომისებზე არ მიდის. დაარსების დღიდან FAST FORWARD-ის მისია იყო, როგორც დიჯეებისთვის, ასევე ცოცხალი სეტების შემსრულებლებისთვის განვითარებისთვის საჭირო პლატფორმა შეექმნა. ერთ-ერთი ასეთ არტისტად, რომელმაც თავისი შანსი კარგად გამოიყენა REPRO შეგვიძლია ჩავთვალოთ. მელანქოლიური ატმოსფეროთი და 90-იანი წლების ტექნო სცენის ნოსტალგიის გათვალისწინებით, REPRO ცდილობს საკუთარ მუსიკას ავთენტურობა და თვითმყოფადობა შეუნარჩუნოს. ტექნოს უკომპრომისო ხასიათი, რომელიც მის სეტებსა და ლაივებში მუდმივად იკვეთება, FAST FORWARD-ის საღამოს ერთგვარი კულმინაცია იქნება.

2018 წელს გამოცემული წარმატებული ალბომის, OSTATI-ს და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიგი ჯიქია (HVL) თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. მისი მუსიკალური პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია, რომ როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე HVL ყველანაირი კომპრომისის გარეშე ახერხებს მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს. თავის მხრივ ბევრი წარდგენა არ სჭირდება MERCURRIO-ს, რომელიც HOROOM-ის ლოიალური მსმენელის საყვარელი დიჯეია. როგორც თავად აღნიშნავს, შემოქმედებითი საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. ეს მიდგომა კი კარგად ვლინდება მის დიჯეი სეტებში. მუსიკის შერჩევის და მსმენლთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი MERCURRIO-ს ახალი თაობის გამორჩეულ დიჯეიდ აქცევს.


00:00-03:00 SCHACKE
03:00-05:00 REPRO
05:00-END SUGAR
00:00-04:00 HVL
04:00-END MERCURRIO