BASSIANI/HOROOM: 03.04.20

MONNOM BLACK NIGHT: DAX J, THE HORRORIST, UVB, NINASUPSA, ZEINKALI


3 აპრილს, კლუბი BASSIANI ბრიტანელ პროდიუსერსა და DJ-ის, ლეიბლის Monnom Black დამაარსებელ DAX J-ს და ოლივერ ჩესლერის პროექტს The Horrorist-ს უმასპინძლებს. მათთან ერთად კი Sebastien Michel დაუკრავს, რომელსაც მსმენელი ფსევდონიმით UVB იცნობს. Dax J ბერლინში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და დიჯეია, ვისი სახელიც გლობალური ტექნოს სცენისთვის ბოლო წლებში საკმაოდ ნაცნობი გახდა. ლონდონში დაბადებული არტისტი ადრეულ წლებში ადგილობრივი მუსიკალური სცენის, კერძოდ კი UK Garage, ჯანგლის და დრამ ენ ბეისის გავლენას განიცდიდა, რაც მის შემოქმედებით საქმიანობაზე მნიშვნელოვნად აისახა. Goldie, Andy C და Bad Company -ით შთაგონებული დაქსი ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში პირატულ რადიოში დიჯეიდ მუშაობდა, რაც მას საბოლოოდ სკოლის მიტოვების ფასადაც დაუჯდა. სანაცვლოდ კი, ლონდონის სახელგანთქმული Black Market Records-ის დახმარებით, მან ვინილების შეგროვება დაიწყო და გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი რესურსები საყვარელ საქმეში დაეხარჯა. 18 წლის ასაკში მან დასავლეთ ლონდონის ინსტიტუტში სწავლის დაწყება გადაწყვიტა, სადაც მუსიკის წარმოების საფუძვლებს ეცნობოდა. პარალელურად კი Dangerous-ის ფსევდონიმით ლეიბლზე Urban Takeover სადებიუტო რელიზი გამოსცა. ამას მალევე საკუთარ პლატფორმაზე, Xplicit Recordings-ზე გამოცემული კრებული Dooms Day / Slow Da Bass მოჰყვა. ამ ორ ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ იმ პერიოდში Dax J ჯერ კიდევ დრამ ენ ბეისის გავლენის ქვეშ იყო, რაც პირდაპირ აისახებოდა მისი კომპოზიციების ჟღერადობასა და სტრუქტურაზე.  მუსიკისადმი მისი დამოკიდებულების ცვლილება შემდეგ რელიზებში ძალიან მკაფიოდ აისახა, რაც ძირითადად ტექნო ჟღერადობის გავლენამ განაპირობა – ჯერ Gynoid Audio და შემდეგ კი Dj Deeo-ის Deeply Rooted-ზე გამოცემული კომპოზიციებით მან ახალი მუსიკალური სივრცეების მონიშვნა დაიწყო. ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა 2015 წელს, როდესაც არტისტის სადებიუტო ალბომი Shades Of Black გამოსცა. ეს ტენდენცია გაგრძელდა მის მორიგ და დღეისთვის ბოლო სტუდიურ ალბომში Offending Public Morality, რომელიც Dax J-ის მუსიკალური სამყაროს მეგზურად შეიძლება გამოვიყენოთ. ხისტი, უხეში და აგრესიული ტონი მის სამარკო ნიშნად იქცა როგორც პროდიუსინგში, ასევე დიჯეი სეტებში, სადაც ლონდონელი არტისტი ერთ სივრცეში აქცევს თავისი შემოქმედებითი საქმიანობის ყველა ეტაპს და ტექნოს გვერდით არ ივიწყებს იმ მემკვიდრეობას, რომელიც ტრადიციულმა ბრიტანულმა ელექტრონულმა მუსიკამ დატოვა. Dax J-თან ერთად, მსმენელს BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე The Horrorist-ის ლაივის მოსმენაც შეეძლებათ. The Horrorist ნამდვილად არ არის კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შესაფერისი არტისტი – მნიშვნელობა არ აქვს რომელ ჩარჩოში ეცდებით მისი მუსიკის მოქცევას, იქნება ეს ელექტრო, EBM, ტექნო თუ სინთფანკი, ის ყოველთვის იმას შემოგთავაზებთ რისთვისაც მზად არ ხართ. მისი მუსიკალური საქმიანობა ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და როგორც პროდიუსერი ისეთ ლეიბლებთან მუშაობდა, როგორებიცაა Universal, Sony და Warner. თუმცა მისთვის ეს საკმარისი არ იყო, რის გამოც გადაწყვიტა მეტი აქცენტი სოლო კარიერაზე გაეკეთებინა, რისი შედეგიცაა 1996 წელს დაარსებული ლეიბლი Things To Come Records. ამ პლატფორმაზე ჩესლერმა ზედიზედ რამდენიმე კრებული გამოსცა, რაც 2001 წელს სადებიუტო ალბომით Manic Panic-ით დაგვირგვინდა. Manic Panic იდეალურად მოიცავდა იმ პანიკურ, რიგ შემთხვევებში კი უკიდურესად ჰარდკორ მიდგომას, რომელიც შემდეგში The Horrorist-ის განმსაზღვრელ ნიშნად იქცა. ეს შემოქმედებითი ხაზი, რა თქმა უნდა, მის შემდეგ სტუდიური ნამუშევრებშიც გაგრძლედა, რამაც არტისტის კარგი რეპუტაცია მნიშნელოვნად განსაზღვრა. რაც შეეხება UVB-ს, მან მუსიკის შექმნა 2009 წელს დაიწყო, ხოლო რამდენიმე წლის მერე ამსტერდამში დაფუძნებულ MORD-ზე სადებიუტო ნამუშევრები გამოსცა. არტისტული თავისუფლების მასშტაბის კიდევ უფრო გაზრიდსთვის მან საკუთარი ლეიბლი Body Theory დააფუძნა, რაც მისი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა.

NINASUPSA ქართველი დიჯეის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტია. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი გახდა. მისთვისთვის შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ბგერითი სიგნალი – 90-იანი წლების პოპ მუსიკით დაწყებული და BOARDS OF CANADA-ს შემოქმედებით დამთავრებული. HOROOM-ის ოთახში ასევე ჯაბა უჯმაჯურიძის და ვლადიმერ ნაჭყებიას მუსიკალური დუეტის,  Zeinkali-ს მოსმენა იქნება შესაძლებელი. ამ ორი არტისტის გემოვნება სხვადასხვა მუსიკალურ სივრცეებს ერთნაირი წარმატებით მოიცავს, რის გამოც Zeinkali-ს სეტები ყოველთვის გამორჩეული და მრავალფეროვანია. 2016 წელს, მათ საკუთარ ლეიბლზე Zeinkali Records სადებიუტო კრებული IŠTAR გამოსცეს, რისი ავტორიც იტალიელი პროდიუსერი ჯიორჯო ლუცერი, იგივე 6D22 იყო.


Please Login to buy tickets