BASSIANI/HOROOM: 03.05.19

MONNOM BLACK NIGHT: DAX J, THE HORRORIST, NEWA, YOSSI AMOYAL, MERCURRIO


Dax J ბერლინში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და დიჯეია, ვისი სახელიც გლობალური ტექნოს სცენისთვის ბოლო წლებში საკმაოდ ნაცნობი გახდა. ლონდონში დაბადებული არტისტი ადრეულ წლებში ადგილობრივი მუსიკალური სცენის, კერძოდ კი UK Garage, ჯანგლის და დრამ ენ ბეისის გავლენას განიცდიდა, რაც მის შემოქმედებით საქმიანობაზე მნიშვნელოვნად აისახა. Goldie, Andy C და Bad Company -ით შთაგონებული დაქსი Dax ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში პიარტულ რადიოში დიჯეიდ მუშაობდა, რაც მას საბოლოოდ სკოლის მიტოვების ფასადაც დაუჯდა. სანაცვლოდ კი, ლონდონის სახელგანთქმული Black Market Records-ის დახმარებით, მან ვინილების შეგროვება დაიწყო და გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი რესურსები საყვარელ საქმეში დაეხარჯა.
18 წლის ასაკში მან დასავლეთ ლონდონის ინსტიტუტში სწავლის დაწყება გადაწყვიტა, სადაც მუსიკის წარმოების საფუძვლებს ეცნობოდა. პარალელურად კი Dangerous-ის ფსევდონიმით ლეიბლზე Urban Takeover სადებიუტო რელიზი გამოსცა. ამას მალევე საკუთარ პლატფორმაზე, Xplicit Recordings-ზე გამოცემული კრებული Dooms Day / Slow Da Bass მოჰყვა. ამ ორ ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ იმ პერიოდში Dax J ჯერ კიდევ დრამ ენ ბეისის გავლენის ქვეშ იყო, რაც პირდაპირ აისახებოდა მისი კომპოზიციების ჟღერადობასა და სტრუქტურაზე.
2007 წელს, როდესაც მან უნივერსიტეტში სწავლა დაამთავრა, ახალი შთაგონების საძიებლად მსოფლიო საკლუბო სცენების გარშემო მოგზაურობა დაიწყო, რომლის დროსაც ტექნო ჟღერადობას ახლოდან გაეცნო. როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისი კარიერისთვის გარდამტეხი მომენტი იყო. მუსიკისადმი მისი დამოკიდებულების ცვლილება შემდეგ რელიზებში ძალიან მკაფიოდ აისახა, ჯერ Gynoid Audio და შემდეგ კი Dj Deeo-ის Deeply Rooted-ზე გამოცემული კომპოზიციებით მან ახალი მუსიკალური სივრცეების მონიშვნა დაიწყო. ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა 2015 წელს, როდესაც არტისტის სადებიუტო ალბომი Shades Of Black გამოსცა. კრიტიკოსების და მსმენელის რჩეულ ალბომში Dax J ერთის მხრივ მკაფიოდ მიანიშნებდა საკუთარ მუსიკალურ ფესვებზე, მეორეს მხრივ კი ნათლად აჩვენებდა, რომ არტისტის შემოქმედებითი პრიორიტეტი ტექნოს უკომპრომოსო და “დაუმუშავებელ” ფაქტურასთან ჭიდილი იყო. ეს ტენდენცია გაგრძელდა მის მორიგ და დღეისთვის ბოლო სტუდიურ ალბომში Offending Public Morality, რომელიც Dax J-ის მუსიკალური სამყაროს მეგზურად შეიძლება გამოვიყენოთ. ხისტი, უხეში და აგრესიული ტონი მის სამარკო ნიშნად იქცა როგორც პროდიუსინგში, ასევე დიჯეი სეტებში, სადაც ლონდონელი არტისტი ერთ სივრცეში აქცევს თავისი შემოქმედებითი საქმიანობის ყველა ეტაპს და ტექნოს გვერდით არ ივიწყებს იმ მემკვიდრეობას, რომელიც ტრადიციულმა ბრიტანულმა ელექტრონულმა მუსიკამ დატოვა.
Dax J-თან ერთად, მსმენელს BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე ოლივერ ჩესლერის პროექტის, The Horrorist-ის ლაივის მოსმენაც შეეძლებათ. The Horrorist ნამდვილად არ არის კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შესაფერისი არტისტი – მნიშვნელობა არ აქვს რომელ ჩარჩოში ეცდებით მისი მუსიკის მოქცევას, იქნება ეს ელექტრო, EBM, ტექნო თუ სინთფანკი, ის ყოველთვის იმას შემოგთავაზებთ რისთვისაც მზად არ ხართ. მისი მუსიკალური საქმიანობა ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და როგორც პროდიუსერი ისეთ ლეიბლებთან მუშაობდა, როგორებიცაა Universal, Sony და Warner. თუმცა მისთვის ეს საკმარისი არ იყო, რის გამოც გადაწყვიტა მეტი აქცენტი სოლო კარიერაზე გაეკეთებინა, რისი შედეგიცაა 1996 წელს დაარსებული ლეიბლი Things To Come Records. ამ პლატფორმაზე ჩესლერმა ზედიზედ რამდენიმე კრებული გამოსცა, რაც 2001 წელს სადებიუტო ალბომით Manic Panic-ით დაგვირგვინდა. Manic Panic იდეალურად მოიცავდა იმ პანიკურ, რიგ შემთხვევებში კი უკიდურესად ჰარდკორ მიდგომას, რომელიც შემდეგში The Horrorist-ის განმსაზღვრელ ნიშნად იქცა. ეს შემოქმედებითი ხაზი, რა თქმა უნდა, მის შემდეგ სტუდიური ნამუშევრებშიც გაგრძლედა, რამაც არტისტის კარგი რეპუტაცია მნიშნელოვნად განსაზღვრა. მისი უკანასკნელი ნამუშევარი კი ლეიბლზე aufnahme + wiedergabe წელს გამოიცა, სადაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ტექნო მუსიკასთან ინდუსტრიული ჟღერადობის და EBM-ის სინთეზი მასზე კარგად არც თუ ისე ბევრს გამოსდის. არტისტის ძალიან ექსპრესიული, თამამი შემოქმედებითი გამოვილინებები მისი ლაივ შესრულების შეუცვლელი ნაწილია. შესაბამისად, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი The Horrorist-სგან რაღაც ძალიან განსაკუთრებულს და არაპროგრონიზრებადს უნდა ელოდეს.
სამაგიეროდ ყველამ კარგად ვიცით რას უნდა ველოდოთ NEWA-სგან, რომელიც დღეისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ტექნო არტისტია. ის კარიერის დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში ლოკალურ კონტექსტს გასცდა და საერთაშორისო მუსიკალური სცენის ღირსეულ მონაწილედ იქცა. SEMANTICA RECORDS, KLOCKWORKS, BASSIANI RECORDS და ICONTRAX-ზე გამოცემული კომპოზიციების შემდეგ NEWA-სთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიხსნა, რაც ქართველმა არტისტმა ძალიან კარგად გამოიყენა. BERGHAIN, AWAKENINGS, KNOCKDOWN CENTER და სხვა წარმატებული კლუბების და ფესტივალების ხშირი სტუმარი თავისი კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპზე იმყოფება, რის გამოც მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.
BASSIANI-ს სივრცისგან განსხვავებული მუსიკალური გამოცდილება ელის HOROOM-ის მსმენელს, რომელთა მასპინძლებიც Yossi Amoyal და Mercurrio იქნებიან. Yossi მუსიკოსი, დიჯეი, ხმის ინჟინერი და ლეიბლის Sushitech Records დამფუძნებელია. Baby Ford, Carl Craig და The Orb-ის შთაგონებით Yossi ელექტრონული ჟღერადობით ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაინტერესდა და შემდეგში მისი ეს ინტერესი ამ სფეროსთან მრავალი სხვადასხვა პროფილით გადაიკვეთა. საკუთარი ემოციების მუსიკით გაზიარების სურვილით, Amoyal ლოკალურ კლუბებში დიჯეიდ მუშაობა დაიწყო. ვინაიდან ეს საქმიანობა მისთვის უაღრესად ინტიმური იყო, არასდროს უფიქრია, რომ მეინსტრიმ სცენის ნაწილი გამხდარიყო. პირიქით, ის ყოველთვის ცდილობდა მსმენელისთვის მუსიკის ყველაზე ღრმა და საინტერესო შრეები შეეთავაზებინა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მიხვდა, რომ მსმენელთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად საკუთარი მუსიკის შექმნაც სურდა, რის გამოც ლეიბლი Sushitech Records დაარსა. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინში მოღვაწე არტისტი საკუთარ მუსიკას იშიათად გამოსცემს, ის ყოველთვის ცდილობს ბოლომდე გულრწფელი და ავთენტური იყოს. ეს მიდგომა კიდევ უფრო ნათლად ვლინდება არტისტის დიჯეი სეტებში, სადაც Yossi ყოველთვის ახერხებს მსმენელის ყურადღების მართვას და მათთვის საინტერესო მუსიკალური მოგზაურობის შეთავაზებას. მასთან ერთად კლუბის რეზიდენტი Mercurrio დაუკრავს, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. შესაბამისად ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მუსიკა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი იყოს. მისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცეკვაო მოედანთან ადაპტირების და ინტერაქციის ფაქტორი, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, მსმენელთან უშუალო ურთიერთობისას მიღებული ენერგია ყოველთვის განსაკუთრებულია.

00:00-03:00 NEWA
03:00-04:00 THE HORRORIST (LIVE)
04:00-END DAX J
00:00-04:00 MERCURRIO
04:00-END YOSSI AMOYAL