BASSIANI/HOROOM: 04.01.19

BASSIANI: NIHAD TULE, INLAND, HENNING BAER
HOROOM: IAZIKZAZUBAMI LIVE, NINASUPSA, MERCURRIO


90-იანი წლებიდან შვედეთის ტექნო სცენა ევროპული საცეკვაო მუსიკის სივრცის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო. CARI LEKEBUSCH, ADAM BEYER, JESPER DAHLBÄCK, JOEL MULL და სცენის სხვა ვეტერანები ცდილობდნენ, რომ თავიანთი თვითმყოფადი, ავტონომიური მუსიკალური გარემო შეექმნათ, სადაც არტისტები საკუთარ შემოქმედებით იდეებს განახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი არტისტი, ვინც ამ სივრცეში საკუთარი თავი იპოვა, NIHAD TULE იყო, რომელიც შვედეთის ტექნო სცენის ახალი თაობის სახეა. RANDOM ISLAND, SKUDGE და DRUMCODE LTD-ზე გამოცემული მუსიკით, TULE-მ მკაფიოდ გამოხატა არტისტული პრიორიტეტები, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისთვის ეს საკმარისი არ იყო. სწორედ ამიტომ, მან შექმნა ლეიბლი SLOBODA, რომელიც შემოქმედებითი თავისუფლების უფრო მეტი ხარისხით გამოირჩეოდა, ვიდრე ყველა ის პლატფორმა, რომელთანაც TULE ადრე თანამშრომლობდა. 2013 წლიდან არტისტმა SLOBODA-ზე 5 კრებული გამოსცა, სადაც საკუთარი მრავალფეროვანი გემოვნება და არტისტული შესაძლებლობები კიდევ უფრო საინტერესოდ გამოხატა. 2018 წელს NIHAD TULE ძველ პლატფორმაზე RANDOM ISLAND კიდევ ერთხელ დაბრუნდა და 4 კომპოზიციისგან შემდგარი კრებული RINº16 გამოსცა. სტუდიური საქმიანობის მსგავსად, TULE-ს სეტებიც შორს არის სწორხაზოვნებისგან – ის მუდმივად გამოცდას უწყობს საკუთარ თავს და მსმენელს.

INLAND-სთვის 2018 წელი განსაკუთრებული გამოდგა – კონცეპტუალისტ არტისტს JULIAN CHARRIÈRE-თან თანამშრომლობით მან სადებიუტო ალბომი AN INVITATION TO DISAPPEAR გამოსცა. OSTGUT TON-ის შვილობილ ლეიბლ A-TON-ზე გამოსული კრებული, რომელიც CHARRIÈRE-ს 76-წუთიანი ვიდეო ინსტალაციისათვის შექმნილ საუნდტრეკს მოიცავს, ტექნო ორიენტაციის პარალელურად, INLAND-ის ექსპერიმენტულ და ავანგარდულ იდეებსაც აერთიანებს. ემბიენტ, IDM და ტექნო ჟღერადობაზე აქცენტით, AN INVITATION TO DISAPPEAR ბრიტანელი არტისტის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ჩანაწერია. ED DAVENPORT, იგივე INLAND-ის კარიერა კი დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო, როდესაც DAVENPORT-მა პირველი რელიზი საკუთარ ლეიბლზე COUNTERCHANGE RECORDINGS გამოაქვეყნა. ერთი წლის შემდეგ კი, INFRASTRUCTURE NEW YORK-ზე მისი და ლეგენდარული FUNCTION-ის საერთო კრებულმა იხილა დღის სინათლე. ამის შემდეგ INLAND-ის მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად გაიზარდა და არტისტსაც იმედები არ გაუცრუებია. მისი დისკოგრაფიის კიდევ ერთი საინტერესო მონაკვეთია კომპოზიცია TSERETELI, რომელიც სწორედ BASSIANI-ზე დაკვრის შემდგომ ემოციას აღწერს.

მუსიკალურ სივრცეში HENNING BAER-ის მოღვაწეობა ღონისძიებათა სერიით GROUNDED THEORY იწყება, რომლის კურატორი და რეზიდენტიც თავად იყო. ეს სერიეული ივენთები ბერლინის საკლუბო სცენაზე შეუმჩენველი არ დარჩენილა, რამაც არტისტისადმი ყურადღებაც მნიშვნელოვნად გაზარდა. ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ტრადიცია და ექსპერიმენტული ჟღერადობა ის მთავარი ფოკუსი იყო, რაც HENNING BAER-ის GROUNDED THEORY-ს საფუძვლად დაედო. შესაბამისად გასაკვირი არც არის, რომ მისი სოლო კარიერაც ამ იდეებს აირეკლავს. 2011 წლიდან მან მუსიკის აქტიურად გამოცემა დაიწყო, რისი კულმინაციაც 2017 წლის ალბომი SHATTERPROOF იყო. ამ ჩანაწერით მუსიკოსმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი მიზანი მხოლოდ საცეკვაო მუსიკის შექმნა კი არა, ღირებული, საინტერესო მუსიკალური ექსპერიმენტებია.

HOROOM-ის ოთახი ამჯერად ზუკა ბაბუნაშვილის პროექტს IAZIKZAZUBAMI უმასპინძლებს, რომელიც ქართველი არტისტის ფართო მუსიკალური სპექტრის ერთ-ერთი საინტერესო გამოვლინებაა. ჰაუს და ეისიდ ჟღერადობაზე აქცენტით, IAZIKZAZUBAMI მსმენელს საცეკვაო მოედნისთვის ადაპტურ და მრავალფეროვან ცოცხალ შესრულებას სთავაზობს.საინტერესოა ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტის, NINASUPSA-ს მოსმენაც, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. ნინას მუსიკალური გემოვნება არასდროს ექცევა რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოში, რის გამოც მისი სეტები ყოველთვის დივერსიფიცირებული და სიურპრიზებით აღსავსეა. ბევრი წარდგენა არ სჭირდება MERCURRIO-ს, რომელიც HOROOM-ის ლოიალური მსმენელის საყვარელი დიჯეია. მუსიკის შერჩევის და მსმენლთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი MERCURRIO-ს ახალი თაობის გამორჩეულ დიჯეიდ აქცევს.


BASSIANI
00:00-03:00 INLAND
03:00-05:00 HENNING BAER
05:00-END NIHAD TULE
HOROOM
00:00-03:00 NINASUPSA
03:00-04:00 IAZIKZAZUBAMI (LIVE)
04:00-END MERCURRIO