BASSIANI/HOROOM: 05.04.19

SHED, KANCHELI, BMI, FINN JOHANNSEN, ZURKIN B2B VAKHO


“ჩვენ ყველა ვიყენებთ ტერმინს ტექნო, მაგრამ ის ყველას ერთმანეთისგან განსხვავებულად გვესმის. ზოგი მიიიჩნევს, რომ ტექნო უბრალოდ დრამის სტანდარტულ სექციაზე აგებული მუსიკაა და სხვა არაფერი, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები – ტექნო უფრო მეტია. ის შეიძლება იყოს ბნელი, ან პირიქით, ბედნიერებას გამოხატავდეს. ამიტომ, ამ გაუგებრობის გამოსზოგჯერ ისეთ ადგილას ვხვდები, სადაც ჩემგან სხვა რამეს ელიან. მაგრამე მე ტექნო ვარ – ნამდვილად ტექნო” – გასაკვირი არ არის თუ რატომ უწევს SHED-ს ამის თქმა – მისი მუსიკა სხვისას არ ჰგავს და მისი შემოქმედების ერთი მარტივი ტერმინით აღწერა შეუძლებელია.
SHED ფრანკფურტში დაიბადა, სადაც ელექტრონულ მუსიკას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, თუმცა მისი მუსიკალური გავლენები ძირითადად მაინც ბერლინს უკავშირდება, სადაც ის 2002 წლიდან მოღვაწეობს. ის ხშირად აღნიშნავს, რომ ტექნო ბერლინის გარეშე არ არსებობს და ეს მუსიკა არსად ისე არ ჟღერს, როგორც ბერლინში. არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით Red Planet Express თავის ლეიბლზე Soloaction Records გამოსცა. ამას მოჰყვა სადებიუტო ალბომი Shedding the Past, რომელიც Resident Advisor-მა არამარტო წლის საუკეთესო ალბომად, არამედ დეკადის გამორჩეულ ჩანაწერებს შორის დაასახელა. Shedding the Past შორს იყო ორთოდოქსული ტექნო ჟღერადობიდან, მაგრამ ეს არ ყოფილა ტექნოს იგნორირების მცდელობა. პირიქით, SHED შეეცადა ბევრისთვის ნაცნობი ჟღერადობისთვის ახალი განზომილებები შეეძინა. ეს მცდელობები გაგრძელდა მის მომდევნო ნამუშევრებში The Traveller, The Killer და The Final Experiment. მიუხედავად იმისა, რომ არტისტმა განსხვავებული მუსიკალური გემოვნების მქონე ლეიბლებთან, მათ შორის Ostgut Ton, 50Weapons, Monkeytown Records და Delsin-თან ითანამშრომლა, მას საკუთარი ხელწერა არასდროს დაუკარგავს. მისი ექსპერიმენტები დღემდე გრძელდება და ეს თავს იჩენს როგორც სტუდიურ ნამუშევრებში, ასევე ლაივსა და დიჯეი სეტებშიც, სადაც SHED ყოველთვის არაპროგნოზირებადი და ამოუცნობია.
BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე ასევე დაუკრავს ადგილობრივი სცენის გამორჩეული არტისტი KANCHELI, რომელიც თავის დიჯეი სეტებში როგორც დეტროიტის მემკვიდრეობას, ასევე ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებს ინახავს. მისთვის 2018 წელიც განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბ BERGHAIN-ში მიიწვიეს, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე ძალიან ხშირად დამტკიცებულა.
ბაკურ მეტრეველი, იგივე BMI კი ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მუსიკალური პროდიუსერია – ის პროექტების 3SULI, SOULVENT და OCHTACHORON წევრია, რომელის ფარგლებშიც, ბოლო წლებში რამდენიმე საინტერესო ჩანაწერი გამოიცა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ლეიბლ DE RE-ზე გამოცემული ალბომი LAND OF META, რომელიც 2018 წლის ერთ-ერთი საინტერესო ჩანაწერია. BMI-ის დიჯეი სეტები არტისტის სტუდიური საქმიანობის ველს სცილდება და სხვა, უფრო ფართო მუსიკალურ სივრცეებსაც მოიცავს.
პარალელურად HOROOM-ის ოთახში FINN JOHANNSEN, ZURKIN და VAKHO დაუკრავენ. FINN JOHANNSEN ბერლინში მოღვაწე ვეტერანი დიჯეი და პუბლიცისტია, რომელმაც მუსიკასთან ურთიერთობა ადრეულ ასაკში DISCO, SOUL, POST PUNK და SYNTH POP-ის გავლენით დაიწყო. 80-იან წლებში კი ის უკვე დიჯეინგით დაინტერესდა, რამაც მისი სამომავლო მოღვაწეობა სამუდამოდ განსაზღვრა. JOHANNSEN-ის მრავალფეროვანი მუსიკალური გემოვნება კარგად ვლინდება მის დაკრულ სეტებშიც, სადაც არტისტი საცეკვაო მუსიკის ისტორიიდან საუკეთესო მომენტებს აცოცხლებს და მსმენელს ახალი შთაბეჭდილებების განცდის საშუალებას აძლევს.
მისი ქართველი მასპინძლები ლეიბლ VODKAST RECORDS-ის დამფუძნებლები ZURKIN და VAKHO იქნებიან. ZURKIN ქართული საკლუბო სცენის გამორჩეული არტისტია, რომელიც ამავდროულად საქართველოში პირველი და ერთადერთი მოქმედი მუსიკალური მაღაზიის, VODKAST RECORDS-ის თანადამფუძნებელია. განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნება და ტექნიკური უნარ-ჩვევები ZURKIN-ის დიჯეი სეტებს საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს. ვახო გამცემლიძე, იგივე VAKHO ადგილობრივი სცენის ვეტერანი არტისტია, რომელსაც ქართული საკლუბო სივრცის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. მისი ეკლექტური დიჯეი სეტები სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციების და ესთეტიკის ნაზავს წარმოადგენს, რაც მისი, როგორც სელექტორის განსაკუთრებულ უნარს უსვამს ხაზს.

00:00-03:00 BMI
03:00-05:00 SHED
05:00-END KANCHELI
00:00-05:00 ZURKIN B2B VAKHO
05:00-END FINN JOHANNSEN