BASSIANI/HOROOM: 07.06.19

EFDEMIN, JD J, TELEPHONES, VAKHO


7 ივნისს კლუბი BASSIANI ბერლინელ პროდიუსერს და დიჯეის, ლეიბლ NAIF RECORDS-ის დამფუძნებელს, DIAL RECORDS-ის ერთ-ერთ მთავარ სახეს და კლუბ BERGHAIN-ის რეზიდენტ, EFDEMIN-ს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი მუსიკას 1999 წლიდან წერს, მისი პირველი მნიშვნელოვანი რელიზი 2004 წელს გამოვიდა DIAL-ზე, სახელწოდებით KLEINE WIRRNISS EP. ამის შემდეგ გერმანელმა არტისტმა 3 სტუდიური ალბომის და უამრავი EP-ის გამოცემა მოასწრო, რამაც ელექტრონული მუსიკის სცენაზე მისი გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა.‎
PHILLIP SOLLMANN-სთვის სახელი EFDEMIN ახალგაზრდობის მოგონებებთან ასოცირდება. როგორც თვითონ ამბობს MIKHAIL EFDEMIN ერთ-ერთი რადიონოველის გმირი იყო, რომლისაც ყველას ეშინოდა. თუმცა ამ სახელის რაიმე გზით მის მუსიკასთან დაკავშირება სრულიად შეუძლებელია – „მე უბრალოდ მომეწონა სახელი და ავიღე, ჩემს მუსიკასთან მას კავშირი არ აქვს“.
ავსტრიაში კომპიუტერული მუსიკის შესწავლის შემდეგ SOLLMANN-მა გადაწყვიტა აქტიურად დაბრუნებოდა თავის მუსიკალურ იდეებს, რომელსაც იგი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან ავითარებდა. როდესაც საკუთარი მუსიკისთვის პლატფორმის ძიება დაიწყო, არჩევანი ადვილი გასაკეთებელი აღმოჩნდა – „ DIAL RECORDS-ის კარი ყოველთვის ღია იყო საინტერესო პროექტებისთვის. მათ კატალოგში ერთნაირად მოიძებნება ადგილი როგორც ექსპერიმენტალური მუსიკისთვის, ასევე ტექნოსთვის. აქ ყველაფერს ნახავთ, დაწყებული ავანგარუდლი ფოლკ მუსიკით, დამთავრებული მინიმალით ან DEEP HOUSE-ით.”
ლეიბლის მსგავსი მუსიკალური პოლიტიკა EFDEMIN-სთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან გერმანელი არტისტი ძალიან განსხვავდება იმ საშუალო სტატისტიკური „გერმანელი არტისტებისგან“, რომელთა დისკოგრაფიაშიც ანგლოსაქსური მუსიკის ნაკვალევი იშვიათად მოიძებნება. პირიქით, დეტროიტის და ჩიკაგოს კლასიკური ჟღერადობა SOLLMANN-ის მუსიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ზემოთხსენებულ ლეიბლზე გამოსული ალბომიც, სახელწოდებით CHICAGO, სწორედ ამ გავლენების დამადასტურებელია. იგი საზღვრებიდან გასვლას ბევრად ადვილად ახერხებს, როცა საქმე უშუალოდ შექმინს პროცეს ეხება, რადგან მისი აზრით კომფორტის ზონის დატოვება და მის გარეთ ახალი განცდების ძიება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არტისტისთვის. ამ შეხედულების დადასტურებაა მისი უკანასკნელი ალბომი DECAY, რომელიც არტისტის იაპონიაში მიღებული შთაბეჭდილებებით არის შექმნილი. აზიური კულტურის და კონკრეტულად იაპონური ცხოვრების წესისადმი შემოქმედებითმა მიმღებლობამ მისი დისკოგრაფია ბევრად უფრო საინტერესო გახადა. ეს არ ეხება მხოლოდ სტუდიურ მუშაობას, ეს ეხება დიჯეინგსაც, რომელიც EFDEMIN-ის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის სფეროა.
„ძალიან რთულია შენს საკუთარ მოგზაურობაში ყველას წაყვანა. ისინი ბორტზე უნდა იყვნენ და შენი წესები უნდა ესმოდეთ. ამავდროულად შენც უნდა გესმოდეს მათი და აცნობიერებდე მათ საჭიროებას. სოციალური მეცნიერებების დონეზე ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ერთ დღესაც ვიღაც დაწერს წიგნს ამაზე – დიჯეინგი, როგორც საზოგადოების კონტროლის საშუალება“ – SOLLMANN-ის ვარაუდი აზრს მოკლებული არაა და ალბათ ოდესმე წიგნს მართლაც დაწერენ ამაზე, თუმცა თავისთავად ძალიან საინტერესოა, რომ იგი თავიდანვე აცნობიერებს მის, როგორც დიჯეის ძალაუფლებას.
JD J ქართველი დიჯეის და ლეიბლ ZEINKALI-ს კურატორის, ჯაბა უჯმაჯურიძის პროექტია, რომელიც ამავდროულად VODKAST-ის ოჯახის წევრიცაა. მუსიკალური გემოვნება, სელექციის უნარი და დაკვრის ტექნიკა JD J-ს სეტებს საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს, რომელიც ჟანრობრივად და სტილისტურად ყოველთვის საინტერესოდაა დაბალანსებული.
TELEPHONES ნორვეგიაში დაბადებული არტისტის, HENNING SEVERUD-ის სასცენო ფსევდონიმია, რომელიც 2010 წლიდან აქტიურად გამოსცემს მუსიკას. BJØRN TORSKE-ს მუსიკის გავლენით SEVERUD ელექტრონული ჟღერადობით ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაინტერესდა. ეს ინტერესი კი საბოლოოდ მის შემოქმედებით საქმიანობაზეც აისახა. 2010 წელს არტისტამ, სადებიუტო კრებული გამოსცა, რასაც მალევე მოჰყვა DJ FETT BURGER თანამშრომლობა. 2014 წელს კი ის GERD JANSON და THORSTEN SCHEU-ს დაარსებულ ლეიბლს RUNNING BACK შეუერთდა, სადაც საბოლოოდ მისი სადებიუტო ალბომი VIBE TELEMETRY გამოიცა. VIBE TELEMETRY კარგად ასახავს არტისტის ორიენტაციას ე.წ. BALEARIC ესთეტიკაზე, თუმცა TELEPHONES არც ჰაუსის და დისკოს კარგ ტრადიციებს ივიწყებს. არტისტის ეკლექტური და მრავალფეროვანი გემოვნება როგორც მის დისკოგრაფიაში, ასევე დიჯეი სეტებშიც ნათლად ჩანს. HOROOM-ის ოთახში მისი კომპანიონი ვახო გამცემლიძე, იგივე VAKHO იქნება. VAKHO ადგილობრივი სცენის ვეტერანი არტისტია, რომელსაც ქართული საკლუბო სივრცის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. მისი დივერსიფიცირებული დიჯეი სეტები სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციების და ესთეტიკის ნაზავს წარმოადგენს, რაც მისი, როგორც სელექტორის განსაკუთრებულ უნარს უსვამს ხაზს.

00:00-04:00 JD J
04:00-END EFDEMIN
00:00-04:00 VAKHO
04:00-END TELEPHONES