BASSIANI/HOROOM: 08.02.19

LIVITY SOUND: HODGE, PEVERLIST, COURTESY, KHVEDELIANI, KVANCHI


“ეს არ არის უბრალოდ ლეიბლი, ესაა კოლექტივი და რაც მთავარია – ეს არის იდეა” – ბრისტოლის მუსიკის სცენაზე ძნელად მოიძებნა უფრო გავლენიანი და პროდუქტიული კოლექტივი, ვიდრე LIVITY SOUND. ბრიტანელი არტისტების, PEVERELIST, KOWTON და ASUSU-ს მიერ დაფუძნებული კოლექტივი ტექნოს, გრაიმის, დაბსტეპის და ბას მუსიკის საუკეთესო ტრადიციებს ცოცხალ ფორმებში ინარჩუნებს და მუსიკალურ მეხსიერებას წარმატებით უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული არტისტი საკმაოდ საინტერესო სოლო კარიერით გამოირჩევა, LIVITY SOUND-ის პროექტია, სადაც მათი შემოქმედებითი პოტენციალის ახალი განზომილება გამოვლინდა. როგორც ლეიბლმა, LIVITY SOUND-მა ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო და დღეისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი კატალოგიც დააგროვა. PEVERELIST, KOWTON, ASUSU, HODGE, LAUREL HALO და სხვა ინოვატორი არტისტების რელიზებით, ლეიბლი წამყვან ბრიტანულ პლატფორმად იქცა, რომელიც მუსიკის მოყვარულებს მუდმივად ახალ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.

TOM FORD, იგივე PEVERELIST ბრიტანული მუსიკალური სცენის ცოცხალი ლეგენდაა. 90-იანი წლებიდან დღემდე მისი შემოქმედებითი საქმიანობა მუსიკის სხვადასხვა შრეებთან ურთიერთობას მოიცავდა და სცენის განვითარებაში მისი როლი ყოველთვის გადამწყვეტი იყო. 2000-იანი წლების დასაწყისიდან დახურვის დღემდე (2010 წელი) ის ფირფიტების მაღაზია ROOTED-ში მუშაობდა, რომელიც ბრისტოლის დაბსტეპ სცენის ცენტრალური პლატფორმა იყო. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ PEVERLIST ან ROOTED მხოლოდ ერთი კონკრეტული ქალაქის კონტექსტში განიხილებოდნენ – FORD-ის მუსიკალური გემოვნება და შემოქმედებითი გავლენა ადვილად შეიმჩნეოდა სამხრეთ ლონდონის სცენაზეც. 2006 წელს არტისტის მშობლიური პლატფორმა თავისი დაარსებული ლეიბლი PUNCH DRUNK გახდა, რომელმაც მოგვიანებით PEVERELIST-ის სადებიუტო ალბომს JARVIK MINDSTATE უმასპინძლა. შემდგომ ჩანაწერებში, დაბსტეპზე ორიენტაციის მიუხედავად, კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთა, რომ არტისტი თავის შემოქმედებაში სხვადასხვა მუსიკალური არეალის გაერთიანებას ცდილობდა და საკმაოდ წარმატებითაც. ამ მისიაში მისი თანამგზავრები KOWTON და ASUSU-ც აღმოჩნდნენ. წლების მანძილზე KOWTON ადგილობრივ სცენაზე ტექნო, ჰაუსის და გრაიმის საუკეთესო კონტრიბუტორად მიიჩნეოდა. ის ასევე IDLE HANDS-ის ოჯახის წევრიც გახდა – მუსიკალური მაღაზიის, რომელმაც დღის სინათლე ROOTED-ის დახურვიდან ძალიან მალე იხილა. 2011 წელს, PEVERELIST-თან ერთად მან კოლაბორაციული ჩანაწერი BENEATH RADAR შექმნა, რომელმაც ფაქტობრივად LIVITY SOUND-ს დაუდო სათავე. მათ მოგვიანებით შეუერთდათ ლონდონელი ASUSU და კოლექტივიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

HODGE, იგივე JAKE MARTIN ლეიბლზე მოგვიანებით, 2017 წელს გამოჩნდა, თუმცა PEVERELIST-სთვის ის კარგად ნაცნობი არტისტი იყო, რადგან იგი HODGE-ს ადრე საკუთარ პლატფორმებზე DNUOS YTIVIL და PUNCH DRUNK მასპინძლობდა. MARTIN-ის კარიერად თუ შევაფასებთ, ვნახავთ, რომ ის სრულიად ამოვარდნილია ინდუსტრიის წესებიდან: HODGE არასდროს ცდილობს სტრატეგიულად მიუდგეს მუსიკის გამოცემას და ყოველთვის აქვეყნებს იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. სწორედ ამის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მან 8 ჩანაწერი დაარელიზა. მსგავსი მიდგომის პარალელურად, HODGE არასდროს არის სწორხაზოვანი, რასაც მის მუსიკალურ ფესვებს უნდა ვუმადლოდეთ. დაბსტეპის, დრამ & ბეის და გარაჟის გავლენა მისი დისკოგრაფიას და დიჯეი სეტებს ბევრად უფრო მრავალფეროვანს ხდის.

რაც შეეხება COURTESY-ს, 2018 წელს BERGHAIN, DEKMANTEL, DE SCHOOL და მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ ფესტივალზე დაკრული სეტები მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა გზით ვითარდება დანიური სცენის გამორჩეული სახის მუსიკალური კარიერა. ერთი შეხედვით მივიწყებული მუსიკალური ტრადიციების და მეორეს მხრივ თანამედროვე ჟღერადობების საინტერესოდ შეზავება ის უპირატესობაა, რამაც COURTESY თანამედროვე საკლუბო სცენის უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ არტისტად აქცია. ლეიბლ ECTOTHERM-ის დახმარებით, რომელსაც ის MAMA SNAKE-სთან ერთად მართავს, დანიელი მუსიკოსი ადგილობრივი სცენის მთავარი აქსელერატორი გახდა.

HOROOM-ის სივრცის მასპინძლები კი კლუბის რეზიდენტი თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI და KHVEDELIANI იქნებიან. BASSIANI-ს ბაზაზე დაფუძნებული ლეიბლის, BASSIANI RECORDS-ის კურატორს და თბილისის სცენის გამორჩეული სელექტორს HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. შესაბამისად, მისი დაბრუნება ყოველთვის საინტერესოა. KVANCHI-ს კომპანიონი სანდრო ხვედელიანი იქნება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა საკლუბო სცენაზე, თუმცა დახვეწილი მუსიკალური გემოვნების და კარგი სელექციის უნარით ის ადგილობრივი კლუბების ხშირი სტუმარი გახდა.


00:00-03:00 HODGE
03:00-05:00 COURTESY
05:00-END PEVERELIST
00:00-04:00 KHVEDELIANI
04:00-END KVANCHI