BASSIANI/HOROOM: 08.11.19

LAURENT GARNIER, KVANCHI, NDRX, THE GHOST, IKA


8 ნოემბერს LAURENT GARNIER საქართველოში პირველად დაუკრავს. LAURENT GARNIER არტისტების ისეთ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც თავიანთი მუსიკალური კულტურის სახეს წარმოადგენენ. ფრანგი პროდიუსერი და დიჯეი უკვე 25 წელზე მეტია ქმნის იმ მემკვიდრეობას, რომელსაც ყოველი მომდევნო თაობა ყურადღებით აკვირდება და შთაგონების წყაროდ იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მუსიკის სცენა და საკლუბო კულტურა ძალიან სწრაფი ტემპით იცვლება , GARNIER-ს რელევანტურობა ეჭვის ქვეშ არასდროს დამდგარა – ის ყოველთვის ახერხებს მსმენელს შესთავაზოს საინტერესო და აქტუალური მუსიკა, რომელიც როგორც ძველი სკოლის ტრადიციებს, ასევე თანამედროვე ტენდენციებსაც ითვალისწინებს. ფრანგი არტისტის გარდა, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე KVANCHI და NDRX-ის მოსმენა იქნება შესაძლებელი. თუ ამ ორი არტისტის მუსიკალურ პალიტრას გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ეს საკლუბო საღამო სხვადახვა ჟანრობრივი საზღვრების გადაკვეთის წერტილი იქნება.

 

HOROOM-ის სტუმარი ელექტრონული მუსიკის დუეტი THE GHOST იქნება, რომელიც გერმანელმა არტისტებმა JAMES CREED და JOSH TWEEK დააფუძნეს. ბავშვობის მეგობრებმა, რომლებიც საერთო მუსიკალურ გემოვნებას და ხედვას იზიარებდნენ, გადაწყვიტეს შემოქმედებითი საქმიანობა ერთობლივად დაეწყოთ, რისი შედეგიც პროექტი THE GHOST აღმოჩნდა. HOROOM-ის მსმენელს THE GHOST-ის მოსმენის საშუალება უკვე ჰქონდათ, შესაბამისად, ადვილად შეიძლება ვივარაუდოთ თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს მათი მოსმენა. კომპანიონობას იკა ბერძენიშვილი, იგივე IKA გაუწევს, რომელიც კლუბის სტაჟიან მსმენელს კარგად ახსოვს, როგორც დივერსიფიცირებული გემოვნების და საინტერესო სელექციის უნარის მქონე დიჯეი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საკლუბო სივრცეში მისი მოსმენა არც თუ ისე ხშირად არის შესაძლებელი, IKA-ს სეტები ყოველთვის განსაკუთრებულია – ის ხშირად გვერდს უვლის სტანდარტულ 4/4 რიტმს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციების საუკეთესო ნიმუშებს უზიარებს.

00:00-03:00 KVANCHI
03:00-06:00 LAURENT GARNIER
06:00-END NDRX
00:00-04:00 IKA
04:00-END THE GHOST