BASSIANI/HOROOM: 10.05.19

SANDRIEN, ZITTO, KASSEM MOSSE & LOWTEC, JD J, IKA


“მუსიკაში სქესზე ყურადღების გამახვილება მოსაწყენია“ – Sandrien დაახლოებით 20 წელია მუსიკის სფეროში მოღვაწეობს. მანამდე ის ჰოკეის პროფესიონალი მოთამაშე იყო, თუმცა რამდენიმე წელიწადში მიხვდა, რომ მისთვის მუსიკა ბევრად მნიშვნელოვანი იყო. როგორც თვითონ იხსნებს, მთავარი უნარი, რომელიც სპორტულმა გამოცდილებამ განუვითარა, წნეხის ქვეშ წარმატების მიღწევისკენ სწრაფვაა. „ მივხვდი, რომ მუსიკის დაკვრა მსიამოვნებდა და დავიწყე იმის კეთება, რასაც ვაკეთებ. მთელი ამ დროის განმავლობაში არასდროს მქონია განცდა, რომ ჩემი სქესის გამო პროცესის გარეთ უნდა დავრჩენილიყავი, ან ის შესაძლებლობები არ უნდა მიმეღო, რომელიც ბიჭებს ჰქონდათ. სქესს მნიშვნელობა არ აქვს, თუ რაღაც გაინტერესებს, მას უნდა მისდიო“.
Sandrien-ის მუსიკალური საქმიანობა ყველაზე მეტად ლეგენდალურ ამსტერდამულ კლუბს Trouw უკავშირდება, რომლის რეზიდენტიც 4 წლის განმავლობაში იყო. როგორც აღნიშავს, რეზიდენტობის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ მას დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაკვრა უწევდა. „თავდაპირველად, როდესაც ე.წ. ვორმ აფ სეტებს ვუკრავდი საშუალება მქონდა ყველანაირი ტიპის მუსიკა დამეტესტა. კარგ ხმის სისტემაზე სხვადასხვანაირი მუსიკის ხშირად დაკვრა კი განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტი იყო.“ – მოგვიანებით, როდესაც კლუბმა სანდრიენს მუსიკალურ პროგრამაში ლავირების საშუალება მისცა, მან ეს შანსიც კარგად გამოიყენა. ამიტომაც, ის ხაზს უსვამს, რომ დიჯეის უნარების ჩამოსაყალიბებლად კლუბის რეზიდენტად ყოფნა საუკეთესო საშუალება. კარიერის საწყის პერიოდში, სოლო სეტების პარალელურად, ის ხშირად კარლოს ვალდესთან ერთად უკრავდა. Mal Borrowed & Frei Bauwerker – ამ ფსევდონიმით კარლოსი და სანდრიენი დაახლოებით 17 წლის მანძილზე უკრავდნენ. დიჯეები აღნიშნავდნენ, რომ მათი გემოვნება საკმარისად ემთხვეოდა საიმისოდ, რომ წარმატებული კოლაბორაცია შეძლებოდათ. უფრო მეტიც, სანდრიენი აღნიშნავდა, რომ სეტის დროს ერთმანეთთან საუბარიც კი არ უწევდათ, იმდენად ზუსტად ხვდებოდნენ პროცესის დინამიკას. კიდევ ერთი კოლაბორაციული პროექტი, რომელზეც ამსტერდამელი არტისტი მუშაობდა იყო Amsterdam Assholes, რომელიც კლუბში დაკვრასთან ერთად სტუდიურ საქმიანობასაც მოიცავდა. თუმცა მუსიკოსის შემოქმედებაში ცალკეული რელიზები ფრაგმენტულად ჩნდება, რადგან სანდრიენისთვის სტუდიური მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული და სპეციფიკურია: „ჩემთვის მუსიკის დაკვრა ბევრად უფრო კომფორტულია. ამას წლებია ვაკეთებ და ყველაფერი საკმაოდ ბუნებრივად გამომდის. ხოლო იმისთვის, რომ მუსიკა შევქმნა, კონკრეტული შემოქმედებით მდგომარეობაში უნდა ვიყო, რაც არც თუ ისე ხშირად ხდება“.
რეზიდენტობისას მიღებული გამოცდილების ნაწილია ისიც, რომ მას მსმენელთან ხშირი ურთიერთობა გარკვეული გამოწვევის წინაშე აყენებდა. ეს პირველ რიგში მოტივაცია იყო, რომელიც მას ახალი მუსიკალური სივრცეების ათვისებისთვის ბიძგს აძლევდა. სწორედ ამიტომ, ის არის დიჯეი, რომელმაც კარგად იცის წარსული და ამავდროულად ყოველთვის რელევანტურად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა არსებობა შეწყვიტა, სანდრიენის შემოქმედებით საქმიანობაში ვაკუუმი არ გაჩენილა – ის კვლავინდებურად ახერხებს მსმენელისთვის ახალი და საინტერესო მუსიკის შეთავაზებას. ცალკეული საკითხია ის მეთოდები და უნარები, რომლითაც ის ამ მსმენელთან ურთიერთობს. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამსტერდამელმა არტისტმა აღნიშნა, რომ ბერგჰაინის, ლონდონური ვილიჯ ანდერგრაუნდის და ამსტერდამული De School-ის მიღმა, საქართველოში, კერძოდ კი საკლუბო სფეროში, საინტერესო პროცესები ვითარდება.ამიტომ, თბილისში მისი ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
ზედიზედ მეორედ, Sandrien-ის კომპანიონი კლუბის რეზიდენტი ZITTO იქნება, რომელსაც ქართველი მსმენელისთვის დიდი წარსდგენა არ სჭირდება. CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკვრის შემდეგ აშკარაა, რომ ZITTO ლოკალური არტისტის კონტექტს გაცდა. თუმცა მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მის გემოვნებაზე ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტის ტრადიციული ჟღერადობის გავლენა შეიმჩნევა, ZITTO მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა.

10 მაისს HOROOM-ის მუსიკალური შემადგენლობა ნამდვილად განსაკუთრებული და ცოტათი არასტანდარტულიც არის. Kassem Mosse, Lowtec და Fit Siegel-ის ერთ სივრცეში მოსმენა ნამდვილად დიდი ფუფუნებაა. ელექტრონული მუსიკის მსმენელისთვის Kassem Mosse უპირობო ავტორიტეტია, რომელიც წლების მანძილზე უკომპრომისოდ ავითარებს იმ მუსიკალურ იდეებს, რომლისაც სჯერა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია Workshop – ლეიბლი, რომელიც არცერთ სხვა ლეიბლს არ ჰგავს და არც არასდროს შეგეშლებათ სხვაში. ავტონომიურობა და ანონიმურობის განცდა, რომელის მის კარიერას მუდმივად თან სდევს, გერმანელ არტისტს ანდერგრაუნდს ტექნო სცენის მისტრიურ პერსონად აქცევს. აბსტრაქტული ტექნო ჟღერადობის და ჰაუს მუსიკის “Workshop-ული” სინთეზი როგორც მის დისკოგრაფიას, ასევე დიჯეი სეტებსაც მკაფიო ხაზად გასდევს. Horoom-ის საცეკვაო მოედანზე მასთან ერთად ლეიბლის კიდევ ერთი გამორჩეული სახე, Jens Kuhn, იგივე Lowtec წარსდგება, რომლის მუსიკალური კარიერაც უკვე 20 წელიწადზე მეტს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ Lowtec საკუთარ მუსიკას Out To Lunch და Playhouse-ზე ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოსცემდა, ის Workshop-ის ოჯახს დაარსებიდანვე შემოურთდა და შეიძლება ითქვას, რომ ლეიბლის ჟღერადობა მნიშვნელოვნად განსაზღვრა. გარდა იმისა, რომ ის პლატფორმის პირველი რელიზის ავტორია, Workshop-ზე ასევე გამოცემული აქვს 4 კრებული, სადაც ნათლად იკითხება არტისტის აქცენტები ექსპერიმენტულ ტექნოსა და ჰაუს მუსიკის დაბ ორიენტაციაზე. ზემოთხსენებული არტისტებისგან განსხვავებული მუსიკალური გზა აქვს Fit Siegel-ს, რომელსაც ქართველი მსმენელის ძალიან კარგად იცნობს. ატმოსფერულ ჰაუს მუსიკასა და მელოდიურ პასაჟებზე აქცენტით გამორჩეული არტისტი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2015 წელს მოექცა, როდესაც წლის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი Carmine გამოსცა. HOROOM-ის ოთახში ასევე ლეიბლ ZEINKALI-ს კურატორი და VODKAST RECORDS-ის ოჯახის წევრი JD J და ახალი თაობის გამორჩეული დიჯეი IKA დაუკრავენ.


00:00-04:00 ZITTO
04:00-END SANDRIEN
00:00-03:30 JD J
03:30-05:00 KASSEM MOSSE & LOWTEC (LIVE)
05:00-END IKA