BASSIANI/HOROOM: 12.04.19

LUKE SLATER, ZITTO, NDRX, JM MOSER, MERCURRIO


Luke Slater ბრიტანული ელექტრონული მუსიკის სცენის ნამდვილი ლეგენდაა, რომელიც თავად ამ სცენის დაბადებასაც კი მოესწრო. ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც ადგილობრივი ესიდ ჰაუსის სცენა ბრიტანეთის კულტურული ფენომენი ხდებოდა, Slater ლონდონის საკულტო კლუბში Heaven-ში პირველ ნაბიჯებს დგამდა. Heaven ადგილობრივი ლგბტ სცენის მთავარი პლატფორმა იყო, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ხანგძლივი ქვიარ ივენთების სერია G-A-Y დაიბადა.
არტისტის სადებიუტო სინგლი ჯერ კიდევ 1989 წელს გამოიცა, რასაც მალევე მოჰყვა სხვადასხვა რელიზები ლეიბლებზე Peacefrog Records, General Production Recordings და DJax. განსხვავებული მუსიკალური იდეების გადმოსაცემად Slater მუსიკას სხვადასხვა ფსევდონიმით გამოსცემდა, რომელთა შორის განსაკუთრებით წარმატებული The X-Tront და Planetary Assault Systems აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელმა ბრიტანული ტექნო სცენის ჟღერადობის განსაზღვრაში უმთავრესი როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სლეიტერის კომპოზიციები ბრიტანულ ჩარტებშიც კი ხვდებოდა, მისი ანდერგრაუნდ ორიენტაცია და ანტი კომერციული მიდგომა ცალსახა იყო. 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში Luke Slater ყოველწლიურად საოცრად პროდუქტიული იყო: მისი EP და ალბომები არამარტო სცენის მიმართულებას ცვლიდა, არამედ ახალ სტანდარტებს ამკვიდრებდა, რომელიც ახალი თაობისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული იყო.
2006 წელს არტისტმა ლეიბლი Mote-Evolver შექმნა, რომელიც ისეთი არტისტების პლატფორმა გახდა, როგორებიც Cari Lekebusch, Samuli Kemppi, Marcel Fengler და Lucy არიან. 3 წლის შემდეგ კი ლეიბლზე Ostgut Ton თავად Planetary Assault Systems დაბრუნდა და ზედიზედ 3 ალბომი გამოსცა. ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტექნო სცენაზე მისი გავლენა და როლი განუსაზღვრელია.
Luke Slater-ის ქართველი მასპინძლები Zitto და NDRX იქნებიან. Zitto არა მხოლოდ ადგილობრივი ტექნო სცენის მამოძრავებელი ძალაა, არამედ საერთაშორისო სცენის წარმატებული დიჯეიც. ამას CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკრული სეტებიც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ მის გემოვნებაზე ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტის ტრადიციული ჟღერადობის გავლენა შეიმჩნევა, ZITTO მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება NDRX-ს, მისი გამოცდილება და შემოქმედებითი მრავალფეროვნება კლუბის საღამოებს ყოველთვის გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებად აქცევს. მისი სტილისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი და მოულოდნელობა, NDRX-ის არტისტული სახის მთავარი ელემენტებია.
Horoom-ის ოთახში მსმენელს JM MOSER და MERCURRIO-ს მოსმენა შეეძლებათ. Berlin Community Radio-ს გადაცემის, Brown Rice-ს რეზიდენტი დიჯეი თავისი არაკონფორმისტული მიდგომით ნამდვილად გამორჩეული არტისტია. JM MOSER-ის რადიოშოუ მუსიკალურად იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ საცეკვაო მუსიკის გარდა, რეგის, აზიური მუსიკალური ტრადიციების და უკიდურესად ექსპერიმენტული ჟღერადობის მქონე მუსიკას ვხვდებით. მსგავსი მიდგომა ვრცელდება არტისტის დიჯეი სეტებში, რაც Horoom-ის ოთახს იდეალურად შეეფერება. მასთან ერთად კლუბის რეზიდენტი Mercurrio დაუკრავს, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. შესაბამისად ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მუსიკა მრავალფეროვანი იყოს. მისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცეკვაო მოედანთან ადაპტირების და ინტერაქციის ფაქტორი, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, მსმენელთან უშუალო ურთიერთობისას მიღებული ენერგია ყოველთვის განსაკუთრებულია.

00:00-03:00 ZITTO
03:00-06:00 LUKE SLATER
06:00-END NDRX
00:00-05:00 MERCURRIO
05:00-END JM MOSER