BASSIANI/HOROOM: 13.09.19

FUNCTION, NDRX, ATEQ, HVL


DAVE SUMNER ტექნო სცენის ნამდვილი ლეგენდაა, რომელიც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში გლობალური საკლუბო სცენის შეუცვლელ ფიგურად იქცა. ბრუკლინერი არტისტი უამრავი საინტერესო კოლაბორაციული პროექტის და კოლექტივის წევრი იყო, მაგრამ მისი ინდივიდუალური ხელწერა და შემოქმედებითი სტილი ყოველთვის გამოკვეთილია. ნიუ იორკში საკლუბო სცენის ოქროს წლების მონაწილე 2004 წელს SANDWELL DISTRICT-ს შეუერთდა და SILENT SERVANT-თან ერთად კოლექტივის ისტორიაში ახალი ეტაპის შენება დაიწყო. ეს პროცესი 2012 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ კი თითოეულმა არტისტმა საკუთარი ინდივიდუალური გზით სიარული აირჩია.
SANDWELL DISTRICT-ის შემდეგ DAVE SUMNER-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი OSTGUT TON-ის ოჯახში შესვლა იყო, რის გამოც იგი ავტომატურად გახდა კლუბ BERGHAIN-ის რეზიდენტიც. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი ალბომი, სახელწოდებით INCUBATION, რომელიც არა მარტო FUNCTION-ისთვის, არამედ OSTGUT TON-ისთვისაც ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა. ამ ალბომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამერიკელი არტისტი ძირითადად ბნელ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსირდება, რაც არა მარტო მის პროდუქციაში, არამედ მის სეტებსა და ლაივებშიც ნათლად ვლინდება. ანდერგრაუნდ ჟღერადობაზე და კონკრეტულად ტექნოზე საკუთარ განსაკუთრებულ დამოკიდებულებებს SUMNER იმით ხსნის, რომ მისი აზრით, ტექნო ყველაზე თავისუფალი და ღია მუსიკაა, რომლის ჩარჩოში მოქცევაც ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ FUNCTION-ის დიჯეი სეტებში შეგვიძლია სხვადახვა მუსიკალური მიმართულების მქონე კომპოზიციების მოსმენა, მის ლაივებში ადვილად შეიმჩნევა მძიმე, ატმოსფერულ და ინდუსტრიულ ტექნოზე პოზიციონირება. „დაკვრის სტრატეგიის შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინება. დიდი მნიშნელობა აქვს პატარა კლუბში ვუკრავ თუ დიდი ფესტივალზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. მე მაქვს იდეები, თუ როგორ მინდა დავუკრა, მაგრამ ყველაფერი მაშინ წყდება, როცა ზუსტად დაკვრის დრო მოდის. ამ დროს აუცილებელია წინასწარ შეაფასო მსმენელი და დააკვირდე სხვა დიჯეისაც, რომელიც მანამდე უკრავს, რადგან ამან შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს გეგმებში“ – 25 წლიანმა გამოცდილებამ FUNCTION თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და რესპექტაბელურ დიჯეიდ აქცია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ლაივ აქტები, რომელიც მუსიკალურად სრულიად სხვა განზომილებას ეკუთვნის. FUNCTION კარიერის თითქმის ყველა ეტაპზე აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა კოლაბორაციულ პროექტზე, მათ შორის ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან REGIS (PORTION REFORM) და TOBIAS, ასევე აღსანიშნავია მისი კოლაბორაცია VATICAN SHADOW-სთან, სახელწოდებით GAMES HAVE RULES.
NDRX ქართული ელექტონული მუსიკის სცენის აქტივისტი და კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ამ სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართველმა არტისტმა ისეთ ფესტივალებსა და კლუბებში დაუკრა, როგორებიცაა Exit Festival სერბეთში, CTM Festival, ფრანკფურტის Robert Johnson, Berghain, ნიუ იორკის კლუბი Basement, სიეტლში მდებარე ქვიარ სივრცე Kremwerk, ODD ბრაზილია, Fasforward კოპენჰაგენი, Spielraum და Herrensauna-ს ქვიარ ღამეები ამსტერდამსა და ბერლინში. NDRX-ის შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია 11TH, ქართველი არტისტების მიერ დაარსებული გაერთიანება, რომელსაც ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში დღემდე განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.
HOROOM-ის ოთახი 13 სექტემბერს ATEQ და HVL-ს მასპინძლობს. გერმანელი პროდიუსერი და DJ ATEQ, ვაიმარში დაფუძნებული ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ლეიბლის Giegling წევრი და თანადამაარსებელია. მისი დისკოგრაფია 2011 წელს, Giegling-ზე გამოსული Res EP-ით იწყება, რომელსაც ორიოდე წელიწადში ალბომი SIG და EDWARD -თან ერთად შექმნილი კოლაბორაციული ჩანაწერი მოჰყვა. არტისტის შემოქმედება პირდაპირ დაკავშირებულია Giegling-ის კოლექტივის გამორჩეული და დასამახსოვრებელი ჟღერადობის ჩამოყალიბებასთან. მისი კომპანიონი გიგი ჯიქია, იგივე HVL იქნება, რომელიც HOROOM-ის საცეკვაო მოედნის ერთ-ერთი რეზიდენტია. HVL-ის შემოქმედებითი საქმიანობა ბოლო წლებში განსაკუთრებით საინტერესო გახდა. შარშანდელი ალბომის, OSTATI-ს და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. წლევანდელ გაზაფხულზე კი, BASSIANI RECORDS-ზე მისი მორიგი ალბომი RHYTMIC SONATAS გამოიცა, რომელიც ეროვნული სტადიონის ქვეშ არსებული ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. საცეკვაო რიტმების გარდა, არტისტი ალბომში აქცენტს ატმოსფერულ ფონზეც აკეთებს, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ შტრიხებს ახლებურ კონტექსტს მატებს. ნამუშევრის კომპლექსური ხასიათი და დელიკატური ტექსტურები Rhythmic Sonatas ქართული ანდერგრაუნდ სცენის სრულყოფილ მეგზურად აქცევს. HVL -ის მუსიკალური პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია, რომ როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე ის ყველანაირი კომპრომისის გარეშე ახერხებს მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს.

00:00-04:00 NDRX
04:00-END FUNCTION
00:00-04:00 HVL
04:00-END ATEQ