BASSIANI/HOROOM: 15.03.19

SEMANTICA NIGHT: SVRECA, NEWA, BEN UFO, HVL, JD J


SVRECA , იგივე ENRIQUE MENA ესპანელი არტისტი და ბოლო დეკადის უმნიშვნელოვანესი ტექნო ლეიბლის, SEMANTICA RECORDS-ის დამფუძნებელია. მისი შემოქმედებითი საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული SEMANTICA-სთან, რადგან 2006 წლის შემდეგ ლეიბლი ის მთავარი პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც მადრიდელი არტისტი თანამედროვე ტექნო სცენას გარდაქმნის. წლების წინ ლეიბლის პირველი სტუმარი VLADISLAV DELAY, რომელმაც ზედიზედ სამი ჩანაწერი გამოაქვეყნა, ხოლო თავად SVRECA-ს დებიუტი 2009 წელს, OSCAR MULERO-სთან ერთად შედგა. ამის შემდეგ MENA მუსიკას პერიოდულად JEALOUS GOD,WARM UP RECORDINGS , UMS RECORDINGS-ზეც გამოსცემდა, რადგან მისი ლეიბლი ახალ მასშტაბებზე გადავიდა.
SVRECA არ უარყოფს იმასაც, რომ SEMANTICA თავიდან „ეგოისტური“ მიზნებისთვის იყო განკუთვნილი. მას უნდოდა ჰქონოდა ლეიბლი, რომელსაც საკუთარ შემოქმედებით პლატფორმად გამოიყენებდა, თუმცა წლების მანძილზე მუსიკალური პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. „ლეიბლის საწყისი რელიზები დიდი რისკის მატარებელი აღმოჩნდა. ძალიან რთულია მსმენელს წარმოდგენა შეუქმნა შენზე, როდესაც ყოველი მომდევნო რელიზი წინამორბედისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუმცა, დღეს ყველაფერი ნათელია, SEMANTICA არის პლატფორმა, რომლის კარიც ელექტრონული მუსიკისთვის ყოველთვის ღიაა. მისი ჟღერადობა შეიძლება ყოველდღიურად შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია როგორც ჩემს გემოვნებაზე, ასევე იმ ჩანაწერებზე რომელსაც ვარელიზებ“. ამ მიდგომის რეალიზება ადვილად დასტურდება თუკი SEMANTICA -ს დისკოგრაფიას თვალს გადავავლებთ, სადაც ერთმანეთის გვერდით GRISCHA LICHTENBERGER, JIMMY EDGAR, ABDULLA RASHIM, IORI და DONATO DOZZY-ს ჩანაწერებს შევხვდებით.
SVRECA აღნიშნავს, რომ ტექნო უაღრესად პოლარიზებულია, მისი ერთი ნაწილი კომერციალიზაციის მსხვერპლია, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდა არტისტები ცდილობენ ალტერნატიული ჟღერადობა შექმნან. ესპანელი არტისტი აღნიშნავს, რომ მისი მიზანი ახალი და ინოვაციური ჟღერადობის ძიება და ინოვაციაა. ეს მიდგომა კარგად იკვეთება, როგორც მის ლეიბლზე, ასევე არტისტის დიჯეი სეტებშიც. SVRECA-ს კომპანიონი ამჯერად NEWA იქნება, რომელიც დღეისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ტექნო არტისტია. თუმცა ძალიან მოკლე დროში ის ლოკალურ კონტექსტს გასცდა და საერთაშორისო მუსიკალური სცენის ღირსეულ მონაწილედ იქცა. SEMANTICA RECORDS, KLOCKWORKS, BASSIANI RECORDS და ICONTRAX-ზე გამოცემული კომპოზიციების შემდეგ NEWA-სთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიხსნა, რაც ქართველმა არტისტმა ძალიან კარგად გამოიყენა. BERGHAIN, AWAKENINGS, KNOCKDOWN CENTER და სხვა წარმატებული კლუბების და ფესტივალების ხშირი სტუმარი თავისი კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპზე იმყოფება, რის გამოც მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.

BEN UFO ის იშვიათი არტისტია, რომლის რეპუტაცია და კომპეტენცია ეჭვის ქვეშ არასდროს დამდგარა. მისი როგორც უბადლო სელექტორის და დიჯეის სტატუსი წლების მანძილზე უამრავ გამოწვევას უძლებდა და დღესაც ის ისეთივე რელევანტური და აქტუალურია, როგორც ყოველთვის. კარიერის საწყის ეტაპზე, 2007 წელს მან პირატული რადიო არხი SUB FM დააარსა, რომელიც ძირითადად დაბსტეპის პოპულარიზაციას ეწეოდა. მეგობრებთან, PANGAEA და PEARSON SOUND-თან ერთად ბრიტანელი არტისტი SUB FM-ის მეშვეობით ყოველკვირეულად აწვდიდა მსმენელს ახალ მუსიკას. PANGAEA, PEARSON SOUND და BEN UFO-ს თანამშრომლობის შედეგად, იმავე წელს შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრიტანული ლეიბლი HESSLE AUDIO, რომელიც უკვე წლებია TECHNO,HOUSE, JUNGLE, DUBSTEP და DRUM & BASS მუსიკის შემაერთებელ ხაზს მიჰყვება. HESSLE AUDIO-ს დისკოგრაფიაში შევხვდებით თანამედროვე ბრიტანული და არა მარტო ბრიტანული მუსიკის ბევრ საინტერესო სახელს, მათ შორის JAMES BLAKE, OBJEKT, PANGAEA,PEARSON SOUND, RAMADANMAN და ასე შემდეგ. ლეიბლზე მუშაობის პარალელურად BEN UFO-მ 1994 წელს დაარსებულ რადიო არხზე, RINSE FM-ზე ყოველკვირეული გადაცემა გააკეთა, რომლის ფარგლებშიც მან შექმნა ის იშვიათი სივრცე, სადაც შესაძლებელია პირველებმა მოვისმინოთ ექსკლუზიური მუსიკა როგორც დამწყები, ასევე მეინსტრიმ არტისტებისგან. ამ რადიოშოუს საშუალებით რამდენიმე ბრიტანელმა არტისტმა შეძლო საკუთარი მუსიკის გაცნობა ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორისაა BLAWAN და JOY ORBISON, რომლებიც დღეს საკმაოდ წარმატებული პროდუსერები არიან. მოგვიანებით RINSE RECORDINGS-სთვის UFO-მ გააკეთა კომპილაცია, სადაც ზემოთ ხსენებული არტისტების გარდა შევიდა ისეთი არტისტების პროდუქცია, როგორებიც არიან KASSEM MOSSE, KARENN, SOUL CAPSULE, JAMES BLAKE, HOW TO DRESS WELL და სხვ.

„არასდროს ჩამითვლია, რომ საკუთარი პროდუქციის არქონა რამეში ხელს შემიშლიდა, რადგან არ ვფიქრობდი, რომ იმ პოზიციაზე აღმოვჩნდებოდი სადაც ახლა ვარ.“ – მართალია არტისტი საკუთარ მუსიკას არ ქმნის, მაგრამ მას განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს მისი გამორჩეული მიქსინგის ტექნიკა და სელექციის უნარი.

BEN UFO-სთან HVL დაუკრავს, რომლის მორიგი ალბომი RHYTHMIC SONATAS აპრილში ლეიბლზე BASSIANI RECORDS გამოვა. ჩანაწერი ეროვნული სტადიონის ქვეშ არსებული ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მას წინ უძღოდა სადებიუტო ალბომი OSTATI, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის აუდიო დოკუმენტაციად მიიჩნევა.

მისი მუსიკალური პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია, რომ როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე HVL ყველანაირი კომპრომისის გარეშე ახერხებს მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს.

JD J ქართველი დიჯეის და ლეიბლ ZEINKALI-ს კურატორის, ჯაბა უჯმაჯურიძის პროექტია, რომელიც ამავდროულად VODKAST-ის ოჯახის წევრიცაა. მუსიკალური გემოვნება, სელექციის უნარი და დაკვრის ტექნიკა JD J-ს სეტებს საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს, რომელიც ჟანრობრივად და სტილისტურად ყოველთვის საინტერესოდაა დაბალანსებული.

 

 


00:00-03:00 NEWA
03:00-END SVRECA
00:00-03:00 JD J
03:00-06:00 BEN UFO
06:00-END HVL