BASSIANI/HOROOM: 19.04.19

AURORA HALAL, KANCHELI, CALL SUPER, HVL


“2010 წელს, როდესაც ნიუ იორკში ანდერგრაუნდ წვეულებების (MUTUAL DREAMING) მოწყობა დავიწყე, ქალაქში მსგავსი ღონისძიებები არც თუ ისე ხშირად იმართებოდა. თითქოს 90-იანი წლების შემდეგ საცეკვაო მუსიკის კულტურა მოკვდა და რეივისთვის ადგილი არ მოიძებნებოდა.” – AURORA HALAL ბრუკლინელი დიჯეი, პროდიუსერი და პრომოუტერია, რომელსაც ადგილობრივი სცენის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. წვეულებები, რომელსაც AURORA მართავდა, ძირითადად არალეგალური იყო, რადგან მსგავს ღონისძიებებს პოლიცია ხშირად ემტერებოდა. შესაბამისად MUTUAL DREAMING-ის სახელით გამართული ღონისძიებები ანდერგრაუნდ სივრცის მნიშვნელოვანი მონაპოვარი გახდა. მიუხედავად ინტერესის ზრდისა, არტისტი ცდილობდა მასშტაბები არ გაეზარდა და მის წვეულებებს იდენტობა შეენარჩუნებინათ, რაც მან ნამდვილად წარმატებით მოახერხა. HALAL-ის კიდევ ერთი განსაკუთრებული პროექტი SUSTAIN-RELEASE ფესტივალია, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, რეივის საწყის ფორმებთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე თანამედროვე ფესტივალების ესთეტიკასთან.
“თავიდან ამ ყველაფერში პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ვხედავდი, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე, რომ დღევანდელ კლიმატში ამ ყველაფერს პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდათ. თუნდაც ის ფაქტი, რომ მე, ქალი განვსაზღვრავდი რა როგორ უნდა ყოფილიყო, ესეც კი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჩემი გადაწყვეტილება კი იმას გულისხმობდა, რომ სექსისტებისთვის და რასისტებისთვი კარი ყოველთვის დაკეტილი მქონდა”- აურორა ჰალალის ერთი შეხედვით მარტივი სურვილი, რომ ეკეთებინა ის, რაც მოსწონდა, გავლენიან იდეად გადაიქცა, რომელმაც სულ მცირე ნიუ იორკის ტექნო სცენაზე ბევრო რამ შეცვალა. მისი ხედვების კიდევ ერთი მანიფესტაცია ლეიბლი MUTUAL DREAMING იყო, სადაც მან საკუთარი კომპოზიციების გამოცემა დაიწყო. საწყის პერიოდში, 2014 და 2015 წლებში მან ზედიზედ 4 რელიზი გამოსცა, სადაც შეეცადა თავისი მუსიკალური ღირებულებები და ორიენტაცია მკაფიოდ გამოეხატა. თუმცა მისთვის მსმენელთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება მაინც დიჯეინგია. HALAL აღნიშნავს, რომ დაკვრის დროს ყველაფერი მსმენლთან კომუნიკაციაზეა დამოკიდებული – “ყველაფერი საუკეთესო მაშინ ხდება, როდესაც კომუნიკაცია იმდენად კარგია, რომ ფიქრს ვწყვეტ და მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით ვუკრავ. წინასწარ დაგეგმილ სეტს მსგავსი სიამოვნება არასდროს მოაქვს. ყველაფერი მნიშვნელოვანი ადგილზე კონკრეტულ სივრცეში ხდება.” ბრუკლინელი არტისის კომპანიონი კი კლუბის რეზიდენტი გიორგი ყანჩელი იქნება. KANCHELI, რომელიც თავის დიჯეი სეტებში როგორც დეტროიტის მემკვიდრეობას, ასევე ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებს ინახავს. მისთვის 2018 წელიც განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე ძალიან ხშირად დამტკიცებულა.
HOROOM-ის ოთახში მსმენელს CALL SUPER და HVL-ის მოსმენა შეეძლება. CALL SUPER ლონდონელი არტისტის, JOSEPH SEATON-ის პროექტია, რომელმაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საკუთარი თავი ელექტრონული მუსიკის გლობალურ სცენაზე წარმატებით მონიშნა. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ლეიბლს HOUNDSTOOTH უკავშირდება, სადაც არტისტმა 2 წელიწადში 5 რელიზი გამოსცა. მათ შორის იყო THE PRESENT TENSE და MIGRANT, ჩანაწერები, რომელმაც CALL SUPER-ის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. არტისტის სადებიუტო ალბომი კი ყველა მნიშნელოვანი მუსიკალური გამოცემის ფოკუსში მოხვდა, როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ნამუშევარი. ის მოლოდინი, რომელიც CALL SUPER-ის საწყისმა რელიზებმა და სადებიუტო ალბომმა გამოიწვია, კიდევ ერთხელ გაამართლა 2017 წელს, როდესაც ბრიტანელი არტისტი ახალი სტუდიური ნამუშევრით ARPO დაბრუნდა. მისი, როგორც პროდიუსერის ასეთ წარმატებას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ JOSEPH SEATON ასეთივე საინტერესო დიჯეი გამხდარიყო. FABRIC MIX-სთვის გაკეთებული კომპილაცია და ამსეტრდამის DE SCHOLL გამართული ღონისძიებების სერია საკმარისი აღმოჩნდა, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ CALL SUPER არა მხოლოდ ბრწყინვალე მუსიკოსი, არამედ გამორჩეული სელექტორი და დიჯეია. HOROOM-ის საცეკვაო მოედანი მისთვის შესაფერისი სივრცეა, რადგან ის ექსპერიმენტები, რასაც ჯო სიტონი მიმართავს სწორედ მსგავს ღია და ინკლუზიურ გარემოს საჭიროებს. HOROOM-ის მასპინძელი კი კლუბის რეზიდენტი და ადგილობრივი სცენის ნამდვილი მარგალიტი HVL იქნება, რომლის შეოქმედებითი საქმიანობა ბოლო წლებში განსაკუთრებით საინტერესო გახდა. შარშანდელი ალბომის, OSTATI-ს და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. წლევანდელ გაზაფხულზე კი, BASSIANI RECORDS-ზე მისი მორიგი ალბომი გამოიცემა. RHYTMIC SONATAS ეროვნული სტადიონის ქვეშ არსებული ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მისი მუსიკალური პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია, რომ როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე HVL ყველანაირი კომპრომისის გარეშე ახერხებს მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს.

00:00-03:30 KANCHELI
03:30-END AURORA HALAL
00:00-03:30 HVL
03:30-END CALL SUPER