BASSIANI/HOROOM: 24.05.19

KANCHELI, HVL, OBJECTOR TRAX, LILITH., NINASUPSA


24 მაისს კლუბი BASSIANI ადგილობრივი საკლუბო სცენის გამორჩეულ არტისტებს უმასპინძლებს. კლუბის სელექტორებს, KANCHELI, HVL და OBJECTOR TRAX-ს HOROOM-ის საცეკვაო მოედნიდან NINASUPSA და LILITH შეუერთდებიან.

HVL-ის შეოქმედებითი საქმიანობა ბოლო წლებში განსაკუთრებით საინტერესო გახდა. შარშანდელი ალბომის, OSTATI-ს და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. წლევანდელ გაზაფხულზე კი, BASSIANI RECORDS-ზე მისი მორიგი ალბომი RHYTMIC SONATAS გამოიცა, რომელიც ეროვნული სტადიონის ქვეშ არსებული ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. საცეკვაო რიტმების გარდა, არტისტი ალბომში აქცენტს ატმოსფერულ ფონზეც აკეთებს, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ შტრიხებს ახლებურ კონტექსტს მატებს. ნამუშევრის კომპლექსური ხასიათი და დელიკატური ტექსტურები Rhythmic Sonatas ქართული ანდერგრაუნდ სცენის სრულყოფილ მეგზურად აქცევს. HVL -ის მუსიკალური პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია, რომ როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე ის ყველანაირი კომპრომისის გარეშე ახერხებს მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს. BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე ასევე დაუკრავს ადგილობრივი სცენის გამორჩეული არტისტი KANCHELI, რომელიც თავის დიჯეი სეტებში როგორც დეტროიტის მემკვიდრეობას, ასევე ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებს ინახავს. არტისტის დიდი გამოცდილება და მუდმივ ინოვაციაზე აქცენტი მისი დაკვირს სტილს გამორჩეულად საინტერესოს ხდის. KANCHELI-ს კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში მიიწვიეს, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე ძალიან ხშირად დამტკიცებულა. გამოცდილ რეზიდენტებთან ერთად OBJECTOR TRAX, იგივე გიორგი ჩიტალაძე დაურკავს, ვისი დებიუტიც უშუალოდ BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე სულ ცოტა ხნის წინ შედგა. გიორგის შემოქმედებითი საქმიანობა ალტერნატიულ როკ მუსიკას უკავშირდებოდა, მაგრამ მოგვიანებით აქცენტი მთლიანად ელექტრონულ ჟღერადობაზე გააკეთა, რისი შედეგიცაა პროექტები OBJECTOR და OBJECTOR TRAX. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკუთარი ჩანაწერები ლეიბლებზე LUNAR და DVNTT გამოსცა, სადაც მისი არტისტული მიდგომები კიდევ უფრო გამოიკვეთა.

LILITH. ხატია ტყავაშვილის სასცენო ფსევდონიმია. მისი ადრეული მუსიკალური გავლენები ფსიქოდელიური როკს, ჯაზს და ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება. თუმცა პირველი საკლუბო გამოცდილების მიღების შემდეგ, ის ელექტრონული ჟღერადობის მუსიკით დაინტერესდა. LILITH.-მა ქართულ საფესტივალო სივრცეებში და კლუბებში აქტიურად დაკვრა 2015 წლიდან დაიწყო, რათა მსმენელისთვის საკუთარი მუსიკალური გემოვნება და შეხედულებები გაეზიარებინა. ხატიას დიჯეი სეტები კონკრეტული მუსიკალური ჩარჩოთი არ შემოიფარგლება, მაგრამ შესამჩნევია აქცენტი New Wave​, სინთპოპ და ინდუსტრიულ ტექნო ჟღერადობაზე. ის აღნიშნავს, რომ მისთვის დიჯეი მუსიკას და მსმენელს შორის ერთგვარ მედიუმს წარმოადგენს, რომელსაც არც სქესი და არც სხეული არ გააჩნია. ნინა ბოჭორიშვილის, იგივე NINASUPSA-ს მუსიკალური გემოვნება არასდროს ექცევა რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოში, რის გამოც მისი სეტები საკმაოდ დივერსიფიცირებული და მოულოდნელობებით არის სავსე. სწორედ მუსიკისადმი ეკლექტური მიდგომის დამსახურებით, მისი მოსმენა ყოველთვის საინტერესო გამოცდილებაა.


00:00-03:00 HVL
03:00-06:00 KANCHELI
06:00-END OBJECTOR TRAX
00:00-04:00 NINASUPSA
04:00-END LILITH.