BASSIANI/HOROOM: 25.01.19

BASSIANI: CLAUDIO PRC, NEWA
HOROOM: FRANCOIS X, KVANCHI


ხშირად აღნიშნავენ, რომ იტალიურმა საცეკვაო მუსიკის სცენამ ტექნოს ახლებური, განსხვავებული განზომილება შესძინა, რომელიც ევროპის სხვა სივრცეებში ნაკლებად გვხვდება. ტექნოს ჰიპნოტური, ნოსტალგიური ხასიათი, რომელსაც იტალიური სცენა DONATO DOZZY-ის უმადლის, ახალი თაობის პროდიუსერებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. დღეისთვის ძალიან ბევრი პროდიუსერი და ლეიბლი ცდილობს სცენური იდენტობის საკუთარ შემოქმედებაზე ასახვას, მაგრამ ძალიან ცოტას გამოსდის ეს ისე, როგორც CLAUDIO PRC-ს. სარდინიაში დაბადებული არტისტი თავისი სცენის სახეა. მისი მუსიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული თანამედროვე ტექნო სცენის გამორჩეულ ლეიბლებთან PROLOGUE და SEMANTICA, რაც კარგად აჩვენებს მის რეპუტაციასა და გავლენას.

CLAUDIO PRC-ის პირველმა სტუდიურმა ჩანაწერმა დღის სინათლე დაახლოებით 10 წლის წინ იხილა, რის შემდეგაც მუსიკოსი ყოველწლიურად აქტიურად გამოსცემს მუსიკას. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხარისხი რაოდენობრივ მახასიათებელს არ ეწირება – მისი თითოეული რელიზი ფრთხილად შერჩეულ მუსიკას შეიცავს, რომელიც გამოცდილი მსმენელის ყურადღებას მარტივად იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ CLAUDIO PRC  ყველა თანამედროვე ტექნო ლეიბლის სასურველ არტისტად იქცა, მან გადაწყვიტა, რომ მეტი ყურადღება საკუთარი პლატფორმის აშენებისთვის დაეთმო. 2010 წელს NESS-თან ერთად მან ლეიბლი THE GODS PLANET  (TGP) და ამავე სახელწოდების მუსიკალური დუეტი შექნა. იშვიათი გამონაკლისის გარდა TGP-ს კატალოგი მთლიანად CLAUDIO და NESS-ის კოლაბორაციებს მოიცავს. 2018 წელს სწორედ ამ ლეიბლმა უმასპინძლა არტისტის უკანასკნელ ჩანაწერს 012, სადაც CLAUDIO-მ კიდევ ერთხელ წარმატებით შეგვახსენა თავი თავისი დამხასიათებელი ჟღერადობით და ხელწერით.

NEWA დღეისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ტექნო არტისტია, რომელიც ძალიან მოკლე დროში საერთაშორისო მუსიკალური სცენის ღირსეულ მონაწილედ იქცა. SEMANTICA RECORDS, KLOCKWORKS,  BASSIANI RECORDS და ICONTRAX-ზე გამოცემული კომპოზიციების შემდეგ NEWA-სთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიხსნა, რაც ქართველმა არტისტმა ძალიან კარგად გამოიყენა. BERGHAIN, AWAKENINGS, ნიუ იორკის KNOCKDOWN CENTER და სხვა წარმატებული კლუბების და ფესტივალების ხშირი სტუმარი თავისი კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპზე იმყოფება, რის გამოც მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. კლუბში BASSIANI მისი დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია, ხოლო CLAUDIO PRC-სთან ერთად NEWA-ს მოსმენა კი ისტორიის კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი იქნება.

ამჯერად HOROOM ფრანგული ტექნო სცენის წარმომადგენელ FRANÇOIS X -ს და კლუბის რეზიდენტს, KVANCHI-ს უმასპინძლებს.FRANÇOIS პარიზის საცეკვაო მუსიკის სცენას საკმაოდ დიდი ხნის წინ შეუერთდა და შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ ქალაქის საკლუბო კულტურის განვითარების ერთ-ერთი კატალიზატორიც კი იყო.  კლუბ CONCRETE-ის რეზიდენტმა და ლეიბლის DEMENT3D დამაარსებელმა 2018 წელს თავისი სადებიუტო ალბომი “IRREGULAR PASSION” გამოსცა, რომელიც თავისი კონცეპტით და სტილისტიკით საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო ნამუშევარია. მუსიკოსისთვის BASSIANI-ს სივრცე უცხო არ არის. უფრო მეტიც, ინტერვიუში ის აღნიშნავდა, რომ კლუბში მიღებული გამოცდილება მისთვის გამორჩეული იყო: “ამ კლუბმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარდა განსაცვიფრებელი მუხტისა, ჩემი აზრით კლუბს განსაკუთრებულს მისი მსმენელი ხდის. თითოეული მათგანი თავს უძღვნის მუსიკას, რაც მიმაჩნია, რომ ძლიერი სცენის მამოძრავებელ ბირთვს წარმოადგენს.” FRANÇOIS ამჯერად HOROOM-ში დაუკრავს, სადაც მისი შემოქმედებითი სამყაროს განსხვავებულ მხარესაც დავინახავთ. მასთან ერთად მსმენელს KVANCHI-ს მოსმენაც შეეძლება. ეს უკანასკნელი HOROOM-ის საცეკვაო მოედანს იდეალურად იცნობს, რის გამოც მისი მუსიკალური მუხტი ყოველთვის განსაკუთრებული და საინტერესოა.


Please Login to buy tickets