BASSIANI/HOROOM: 25.04.19

‘RHYTHMIC SONATAS’ RELEASE NIGHT: HVL, JD J, JASSS, MACHINE WOMAN, DRESVN, BUTTECHNO, LEVAN SHANIDZE, MERCURRIO


25 აპრილს, კლუბი BASSIANI რეზიდენტი არტისტი HVL-ის ალბომ ‘RHYTHMIC SONATAS’-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. ჩანაწერი სწორედ იმ ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომელიც თბილისის ეროვნული მოედნის ქვეშ დაიბადა. ალბომის პირველი რამდენიმე კომპოზიცია მუსიკოსის ტექნო ორიენტაციას ეხმაურება, შემდეგ კი საინტერესო სახეცვლილების მოწმე ვხდებით. HVL აქცენტს ატმოსფერულ ფონზე აკეთებს, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ შტრიხებს ახლებურ კონტექსტს სძენს. ნამუშევრის კომპლექსური ხასიათი და დელიკატური ტექსტურები მას ქართული ანდერგრაუნდ სცენის სრულყოფილ მეგზურად აქცევს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ‘RHYTHMIC SONATAS’ მუსიკოსის გამორჩეული ჩანაწერია. ამ ნამუშევარში კიდევ ერთხელ ვლინდება გიგი ჯიქიას მუსიკალური პალიტრის მრავალფეროვნება, რაც როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე მას ყველანაირი კომპრომისის გარეშე მსმენელთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს. ღონისძიების ფარგლებში HVL-ის გარდა ლაივს MACHINE WOMAN-იც დაუკრავს.

რუსეთში დაბადებული ანასტასია ვტოროვა დიდი ხანია ევროპაში მოღვაწეობს და ის ექსცენტრიული არტისტების კატეგორიას განეკუთვნება. ნოიზის და ექსპერიმენტული მუსიკის კოლექტივებში დაწყებული მოღვაწეობა მოგვიანებით სოლო საქმიანობაში გადაიზარდა და პროექტი MACHINE WOMAN-იც შეიქმნა. “მუსიკაში უამრავი მიმართულება არსებობს და მე არცერთ მათგანს არ გავურბივარ. ეს ჩემი სტილია. მე MACHINE WOMAN ვარ, შემიძლია ერთდროულად რამდენიმე ადგილას ვიყო“- არტისტის უკომპრომისო ხასიათი მის მუსიკალურ პერფორმანსში განსაკუთრებით ვლინდება.

საცეკვაო მოედნისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა SILVIA JIMÉNEZ ÁLVAREZ-ის პროექტი JASSS, ვისი სახელიც ბოლო წლებში ძალიან ხშირად გვესმის, როგორც უკომპრომისობის და არტისტული არასტანდარტულობის სიმბოლოსი. მიუხედავა იმისა, რომ მის შემოქმედებას ინდუსტრიული ჟღერადობით ახასიათებენ, JASSS მიიჩნევს, რომ მისი შემოქმედების მთავარი ნიშანი მეტამორფოზების სიხშირე და მუდმივი სახეცვლილებებია. მას მიაჩნია, რომ საცეკვაო კულტურისთვის დამახასიათებელი ისკეიპიზმის მომენტი არ არის ის საბოლოო წერტილი, სადაც ის გაჩერებას აპირებს. მისი მიზანი უფრო ღრმა შრეებზე ჩასვლა და ახალი მუსიკალური განზომილებების აღმოჩენაა, რომელიც ერთ ჩარჩოში ვერ მოექცევა. სწორედ ამიტომ JASSS მსმენელთან კომუნიკაციას ხშირად არასტანდარტული და ექსპერიმენტული გზებით ამყარებს.

JD J ქართველი დიჯეის და ლეიბლ ZEINKALI-ს კურატორის, ჯაბა უჯმაჯურიძის პროექტია, რომელიც ამავდროულად VODKAST-ის ოჯახის წევრიცაა. მუსიკალური გემოვნება, სელექციის უნარი და დაკვრის ტექნიკა JD J-ს სეტებს საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს, რომელიც ჟანრობრივად და სტილისტურად ყოველთვის საინტერესოდაა დაბალანსებული.

საინტერესო არტისტული კოლექტივი ელოდება HOROOM-ის მსმენელსაც – კლუბში რუსეთის ელექტრონული მუსიკის სცენისთვის უმნიშვნელოვანესი არტისტი PAVEL MILYAKOV, იგივე BUTTECHNO დაუკრავს. სანამ ის RASSVET RECORDS-ს დააფუძნებდა, თანამოაზრეებთან ერთად ანდერგრაუნდ მოძრაობას JOHNS’ KINGDOM ედგა სათავეში. ეს უკანასკნელი მუსიკალური არტისტების და უბრალოდ თანამოაზრეების ერთობას წარმოადგენდა, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი დიდი ლეიბლებისგან მოშორებით, თავიანთთვის საინტერესო სივრცეებში გამოევლინათ. მილიაკოვი აღნიშნავდა, რომ ჟანრი მნიშვნელოვანი არ იყო. მთავარია მუსიკა მისი ნებისმიერი გამოვლინებით.

„ხშირად მესმის როგორ ამბობენ, რომ ‘ჩვენ გვსურს ვიპოვოთ ნიჭიერი არტისტები, რომლებიც გლობალური მუსიკის სცენაზე რუსეთს წარადგენენ’ ან „ჩვენ გვინდა დავეხმაროთ სხვას და შევცვალოთ მათი მდგომარეობა’. ამ ყველაფერს არ ვეთანხმები. JOHNS’ KINGDOM-ში ყველა იმას აკეთებს რისიც სჯერა და ყველაფერი სწორედ მათ მხრებზეა“ – ე.წ. DYI ორიენტაცია, რომელსაც პაველი მუდმივად მისდევდა, მისი შემოქმედების ყველა ასპექტში აისახა. ეს კარგად ჩანს ლეიბლში RASSVET RECORDS, რომელიც ძალიან ცოტა ხანია რაც მუსიკას გამოსცემს. Rassvet-ზე გამოცემული მისი სადებიუტო რელიზის სახელი „1984“ იყო, რომელიც ჯორჯ ორუელის გარდა, ცნობილი დიზაინერის, გოშა რუბჩინსკის ერთ-ერთი კოლექციის კონცეპტს ეხმიანებოდა. უფრო მეტიც, „1984“-ში შესული კომპოზიციების გოშას ჩვენების საუნდტრეკადაც იქცა. ცნობილი რუსი დიზაინერის და პაველის თანამშრომლობა უკვე ძალიან ბევრ წელს ითვლის და როგორც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, ამის საფუძველი საერთო ინტერესებია. პაველი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი მუსიკა მისთვის ძალიან შთამაგონებელია. თუმცა ამავდროულად არასდროს იზღუდება ჟანრებში, რადგან მას სჯერა, რომ მუსიკა თავად წყვეტს რომელი მიმართულების ან ჟანრში ნაწილი გახდეს.

საინტერესო იქნება ბერლინური დუეტის DRESVN-ს მოსმენა, რომლის უკანაც მუსიკოები DYNAMO DREESEN და SVN დგანან. მათთვის საკლუბო ესთეტიკა 90-იანი წლების ბერლინურ ატმოსფეროსთან და პანკ მუსიკის სცენასთან ასოცირდება, რომელიც ყოველგვარი ისთებლიშმენტური და კონიუქტურული ჩარჩოსგან დაცლილი იყო. მიუხედვად იმისა, რომ რეივის კონცეპტი მნიშნელოვნად შეიცვალა, არ იცვლება DRESVN-ის მიდგომა – მათთვის არ არსებობს საკლუბო და არასაცკევაო მუსიკა, ისინი მუსიკას დაუმორჩილებელ ენერგიად აღიქვამენ და თავს საშუალებას აძლევენ ეს ენერგია მსმენელზეც გაავრცელონ. მასთან ერთად კლუბის რეზიდენტი Mercurrio დაუკრავს, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. შესაბამისად ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მუსიკა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი იყოს. მისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცეკვაო მოედანთან ადაპტირების და ინტერაქციის ფაქტორი, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, მსმენელთან უშუალო ურთიერთობისას მიღებული ენერგია ყოველთვის განსაკუთრებულია. ნამდვილად გამორჩეული იქნება ლევან შანიძის მოსმენაც, რომელიც თავის ლაივ სეტებში ყოველთვის ახერხებს საკუთარი ემოციური მდგომარეობის და ხასიათის გადმოცემას. მისი მუსიკა ხშირად მელოდიურ პასაჟებსა და ემოციურ ტექსტურებზეა აგებული, რაც საცეკვაო რიტმებთან ერთად ძალიან ჰარმონიულად სინთეზირდება.


00:00-03:00 JD J
03:00-04:00 BUTTECHNO (LIVE)
04:00-05:00 HVL (LIVE)
05:00-END JASSS
00:00-02:30 MERCURRIO
02:30-03:30 LEVAN SHANIDZE (LIVE)
03:30-04:30 MACHINE WOMAN (LIVE)
04:30-END DRESVN