BASSIANI/HOROOM: 26.07.19

SEASON CLOSING: DVS1, ZITTO B2B KANCHELI, ZESKNEL, KVANCHI, MERCURRIO


26 ივლისს, BASSIANI-ს სეზონი დახურვის ღონისძიებაზე თანამედროვე ტექნო სცენის ლეგენდა, ლეიბლების Hush და Mistress Recordings-ის დამფუძნებელი DVS1 დაუკრავს. Zak Khutoretsky ელექტრონული მუსიკის სფეროში ამერიკაში, კერძოდ კი მინეაპოლისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ჩაერთო, როდესაც მან ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო ანდერგრაუნდ ღამეების ორგანიზება. DVS1 აღნიშნავს, რომ განსხვავებით დიდი ქალაქებისგან, სადაც შედარებით რთულია კონკრეტული, განსაზღვრული ესთეტიკის ჩარჩოების დანახვა, საუნდის თვალსაზრისით მინეაპოლისი ყოველთვის განსაკუთრებული იყო. „შესაძლოა ბალახი მეორე მხარეს ყოველთვის უფრო მწვანე ჩანს, მაგრამ მე მჯერა, რომ შენ უნდა შექმნა რაღაც ისეთი, რაც დაკავშირებულია იმ კონკრეტულ სივრცესთან, რომლის ნაწილიც თავად ხარ.“ სწორედ მინეაპოლისი იყო ის ადგილი, სადაც Zak-მა თავისი პირველი ნაბიჯები გადაგდა მუსიკის სამყაროში. ხშირად ეს ნაბიჯები არალეგალურ საქმიანობასაც მოიცავდა, რის გამოც მას ხშირად უწევდა პოლიციასთან და ქალაქის მთავრობასთან გამკლავება, თუმცა ვენიუების ხშირად ცვლის მიუხედავად ის მაინც ახერხებდა მისთვის საყვარელი ფართების მოწყობას. მუსიკისადმი მისი ასეთი ვნება სხვადასხვა მიმართულებით გავრცელდა, შესაბამისად ანდერგრაუნდ ფართების ორგანიზების გარდა ის დაინტერესებული იყო ვინილების შეგროვებით, დიჯეინგით და ხმის რეჟისურითაც, რამაც წლებთან ერთად კიდევ უფრო მკვეთრად იჩინა თავი. არტისტის თქმით უფრო მეინსტრიმული სივრცისგან განსხვავებით, დღეს გართობასა და ხელოვნებას შორის უკეთესი ბალანსი სწორედ ანდერგაუნდშია. „ვგრძნობ, რომ ადამიანების უმეტესობა კლუბში იმიტომ მოდის, რომ ნახოს რას ვაკეთებთ და ისინი მზად არიან მოგზაურობაშიც გამოგვყვნენ“. იგი ყოველთვის აფიქსირებს, რომ თითოეული ტრეკი უბრალოდ იარაღია, ხელსაწყო, რომელსაც დიჯეი იყენებს კონკრეტული განწყობის შესაქმნელად. რასაკვირველია ცალკეული ტრეკის თვითმყოფადობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის თუ როდის და როგორ მიქსავ, ბევრად უფრო მეტად განსაზღვრავს მომენტის ესთეტიკას, ამბობს Zak-ი. მისი აზრით მუსიკისადმი გულრწფელი დამოკიდებულება და ვნება ყველაზე მეტად განსაზღვრავს დიჯეის ხასიათს და იმას თუ როგორ აღგიქვამს მსმენელი. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ მე მიყვარს ხანგძლივი სეტების დაკვრა. შესაბამისად ჩემს აგენტთან ერთად ყოველთვის ვცდილობ მივაღწიო იმას, რომ ვენიუში დიდხანს დაკვრის შესაძლებლობა მომეცეს. ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაიდერის მიხედვით ორი საათი უნდა დამეკრა, მაგრამ მე მაინც ვცდილობ მივაღწიო შეთანხმებას, რომ ჩემი დაკვრის დრო გაიზარდოს. თუმცა, როდესაც ადგილზე ჩავდივარ, ზოგჯერ ვგრძნობ, რომ 2 საათის დაკვრის შემდეგაც შეიძლება გავგიჟდე, იმდენად საშინელი შეიძლება იყოს სეთაფი.. მომეცით კარგი საუნდსისტემა და სეთაფი და მე შემიძლია გაუჩერებლად დავუკრა. თუ ყველაფერი პირიქითაა, მთელი ენერგია ძალიან მალე ამოიწურება“. Zak-ის 20 წლიანი კარიერა ამის დასტურად ნამდვილად გამოდგება, რისი შედეგიცაა მისი დღევანდელი პოზიცია საცეკვაო მუსიკის სცენაზე. დიდი გამოცდილების, პრაქტიკის და კარგი საშემსრულებლო ტექნიკის წყალობით DVS1-ის, როგორც დიჯეის რეპუტაცია ეჭვქვეშ არასდროს დამდგრა, თუმცა მოგვიანებით ის მუსიკის წერითაც დაინტერესდა, რაც ცალკე გამოწვევა აღმოჩნდა ამერიკელი არტისტისთვის.
DVS1-ს კლუბის კიდევ ორი რეზიდენტი, Zitto და Kancheli შეუერთდებიან, რომლებიც ამჯერად B2B სეტს დაუკრავენ. დღეს ისინი არა მხოლოდ ადგილობრივი ტექნო სცენის მამოძრავებელი ძალად მიიჩნევიან, არამედ საერთაშორისო სცენის წარმატებული დიჯეებიც არიან, რაც პირველ რიგში არტისტების ინდივიდუალისტური ხედვით და დაკვრის განსაკუთრებული სტილით არის განპირობებული. მათი B2B სეტი განსაკუთრებით საინტერესო მოსასმენია, რადგან თითოეული მათგანი მუსიკალური გამოცდილება და გემოვნება ერთობლივად ძალიან შთამბეჭდავ სინთეზს ქმნის. Horoom-ის ოთახში კლუბის სხვა რეზიდენტები, ZESKNEL, Kvanchi და Mercurrio იზრუნებენ მსმენლის განწყობაზე. ზუკა ბაბუნაშვილის პროექტი ZESKNEL ქართველი არტისტის ფართო მუსიკალური სპექტრის ერთ-ერთი საინტერესო გამოვლინებაა, რაც მსმენელს საცეკვაო მოედნისთვის ადაპტურ და მრავალფეროვან ცოცხალ შესრულებას სთავაზობს. თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეი სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. Horoom-ისთვის კარგად ნაცნობი არტისტია MERCURRIO-ც, რომელიც ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. შესაბამისად ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მუსიკა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი იყოს. მისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცეკვაო მოედანთან ადაპტირების და ინტერაქციის ფაქტორი, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, მსმენელთან უშუალო ურთიერთობისას მიღებული ენერგია ყოველთვის განსაკუთრებულია.

00:00-05:00 ZITTO B2B KANCHELI
05:00-END DVS1
00:00-04:00 MERCURRIO
04:00-05:30 ZESKNEL (LIVE)
05:30-END KVANCHI