BASSIANI/HOROOM: 27.09.19

RØDHAD (ALL NIGHT LONG), MERCURRIO, NINASUPSA


ტექნოს ვიკინგად ცნობილი RØDHÅD თანამედროვე საკლუბო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ჯერ კიდევ 2009 წელს მისი ინიციატივით გაიხსნა კლუბი DYSTOPIAN, რომელიც RØDHÅD-ის წყალობით ბევრი საინტერესო ღამის მასპინძელი გახდა. ხოლო ის ატმოსფერო, რომელსაც ეს კლუბი ქმნიდა, იმავე სახელწოდების ლეიბლის წინაპირობა გახდა. ლეიბლი DYSTOPIAN, რომელსაც RØDHÅD ჩაუდგა სათავეში, არასდროს ყოფილა ცალკეულ არტისტებზე დამოკიდებული. ის, უფრო მეტად, სხვადასხვა მუსიკოსებში არსებულ საერთო ენერგიაზე კონცენტრირდა, რის გამოც სრულიად შეუძლებელია გამოიცნო ვინ გახდება DYSTOPIAN-ის მომდევნო სტუმარი. ლეიბლზე მისი დებიუტი 2012 წელს ჩანაწერით BLINDNESS შედგა, რომელსაც მალევე მოჰყვა ახალი კრებულები რითიც RODHAD-მა თავისი მუსიკალური სივრცე მონიშნა.

„სევდა ბევრად უფრო ახლობელი ემოციაა ჩემთვის, ვიდრე რომელიმე სხვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბედნიერი არ ვარ, მე უბრალოდ ვერ ვამყარებ ემოციურ კავშირს „ბედნიერ“ ჩანაწერებთან, მსგავსი მუსიკა ჩემთვის მოსაწყენია“ – შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ არტისტის მსგავსი დამოკიდებულება შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილად შეიმჩნევა. „მე მიცნობენ როგორც დიჯეის, რადგან ეს ის საქმეა, რომელიც კარგად გამომდის. თუმცა მიმაჩნია, რომ ახლა ვიპოვე უკეთესი საშუალება თუ როგორ უნდა გამოვხატო ჩემი თავი სრულიად – ეს საშუალებაა მუსიკა, რომელსაც ვაკეთებ.“

მართალია, გერმანელი არტისტი საკმაოდ ფრთხილი და მკაცრია საკუთარ რელიზებთან, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მის მუსიკალურ გემოვნებაზე, რომელიც მის დიჯეი სეტებში იდეალურად ვლინდება. RØDHÅD უკრავს ყველაფერს, რაც მოსწონს. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად იკვეთება სხვადასხვა ჟანრის საზღვრები, BIERBACH-ისთვის მთავარია საკუთარი ემოციები მაქსიმალურად მიიტანოს მსმენელთან. მისი, როგორც კარგი სელექტორის სტატუსს ისიც ზრდის, რომ დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე RØDHÅD საკმაოდ გაწაფულია ტექნიკურ მხარეშიც, რის გამოც მის სეტებში ტექნიკური წუნის ძიება დროის უქმად ხარჯვაა. დიჯეინგი მისთვის, როგორც არტისტისთვის, იმდენად ძლიერ მხარედ იქცა, რომ ხშირად მისი მუსიკალური პროდუქციაც კი ჩრდილის ქვეშ ექცევა.

NINASUPSA ქართველი დიჯეის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტია. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი იყო. NINASUPSA ხაზს უსვამს, რომ მისი შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ბგერითი სიგნალი – 90-იანი წლების პოპ მუსიკით დაწყებული და BOARDS OF CANADA-ს შემოქმედებით დამთავრებული. მისი, როგორც დიჯეის პირველი ნაბიჯები 2014 წელს პრივატულ წვეულებებზე გადაიდგა, რის შემდეგაც ნინამ გადაწყვიტა ამ საქმიანობით უფრო სერიოზულად დაინტერესებული.„ “ყოველთვის ვცდილობ საცეკვაო მოედნის და მსმენელის მიმართ ადეკვატური ვიყო, მაგრამ ამავედროულად ვცდილობ მათ ის მოვასმენინო, რისი მოსმენა მე თვითონ მომწონს და მსიამოვნებს.” – NINASUPSA მიიჩნევს, რომ რეზიდენტის ამპლუაში BASSIANI/HOROOM-ის მსმენელთან კომუნიკაცია მისთვის გარკვეული ენერგიის წყაროა, რომელიც განვითარებისა და მუდმივად ტონუსში ყოფნისთვის აუცილებელია.

MERCURRIO ელექტრონული მუსიკის არტისტის დიტო ჩიქოვანის სასცენო ფსევდონიმია. მუსიკალურ სივრცეში მისი პირველი ნაბიჯები კლასიკურ მუსიკას უკავშირდება, თუმცა მოგვიანებით მისი ინტერესთა სფერო მნიშვნელოვნად გაიზარდა, რისი შედეგიც ელექტრონულ მუსიკასთან დაახლოება აღმოჩნდა. “მუსიკის წერა ჩემთვის ძალიან ინტიმური და ამადროულად სპონტანური პროცესია. მთავარი გასაღები მაინც ინსპირაციების თავმოყრა და განწყობის სწორი მიმართულებით მიცემაა“ – MERCURRIOხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შემოქმედებით საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. რაც შეეხება დიჯეინგს და მუსიკის დაკვრას, ქართველის არტისტისთვის მთავარი მუდმივი გამოწვევების წინაშე დგომა და ახლებური გამოცდილების მიღებაა. HOROOM-ის რეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ საქმიანობაში მისი მთავარი მოტივაცია მუსიკის სიყვარული და ამ მედიუმის გავლით მსმენელთან ურთიერთობაა.

ALL NIGHT LONG RØDHAD
00:00-04:00 MERCURRIO
04:00-END NINASUPSA