BASSIANI/HOROOM: 27.12.19

FUNCTION B2B NDRX, ZITTO, HVL, IKA


Function, იგივე Dave Sumner ნიუ-იორკელი დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც უკვე რამდენიმე დეკადაა ტექნო მუსიკის იდენტობის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ყველაფერი კი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც არტისტი Regis-თან და Silent Servant-თან ერთად ლეგენდარულ კოლექტივის Sandwel District-ის წევრი გახდა, ხოლო Karl O’Connor (Regis) ერთად შექმნა კოლაბორაციული პროექტი Portion Reform, რითაც ის გახდა პირველი არაბირმინგემელი პროდიუსერი, რომელიც Downwards Records-ზე გამოიცა. ბერლინში გადასვლის და Sandwel District-თან გამოყოფის შემდეგ Sumner კლუბის Berghain / Panorama Bar რეზიდენტი გახდა და პარალელურად Ostgut Ton-ის ოჯახს შეუერთდა. ამ ლეიბლზე გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი Incubation, რომელიც როგორც მსმენელის, ასევე კრიტიკოსების მხრიდან წელის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ჩანაწერი გახდა. 2016 წლიდან ამერიკელი დიჯეი BASSIANI-ს რეზიდენტი არტისტი გახდა და კლუბის საცეკვაო მოედანს ბევრი საინტერესო გამოცდილება შესძინა. B2B სეტის ფორმატში მასთან ერთად ქართული ელექტონული მუსიკის სცენის აქტივისტი და კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეი NDRX დაუკრავს. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართველმა არტისტმა ისეთ ფესტივალებსა და კლუბებში დაუკრა, როგორებიცაა Exit Festival სერბეთში, CTM Festival, ფრანკფურტის Robert Johnson, Berghain, ნიუ იორკის კლუბი Basement, სიეტლში მდებარე ქვიარ სივრცე Kremwerk, ODD ბრაზილია, Fasforward კოპენჰაგენი, Spielraum და Herrensauna-ს ქვიარ ღამეები ამსტერდამსა და ბერლინში.

ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით Zitto-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით Zitto, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. Zitto-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკვრის შემდეგ აშკარაა, რომ ZITTO ლოკალური არტისტის კონტექტს გაცდა. თუმცა მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს.

ბოლო წლების გამორჩეულად წარმატებული ქართველი პროდიუსერი HVL როგორც BASSIANI-ს, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ერთნაირი წარმატებით ახერხებს მოცეკვავეებთან ურთიერთობას. ამჯერად ის კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე ლაივით ბრუნდება. მისი ალბომები OSTATI და RHYTHMIC SONATAS ბოლო წლების საინტერესო მუსიკალური ჩანაწერებია. არტისტს ალბომებში ადგილობრივი კულტურის ელემენტები გემოვნებიანად და ორიგინალურად შეაქვს. HOROOM-ის ოთახში მისი კომპანიონი იკა ბერძენიშვილი, იგივე IKA იქნება, რომელიც კლუბის სტაჟიან მსმენელს კარგად ახსოვს, როგორც დივერსიფიცირებული გემოვნების და საინტერესო სელექციის უნარის მქონე დიჯეი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საკლუბო სივრცეში მისი მოსმენა არც თუ ისე ხშირად არის შესაძლებელი, IKA-ს სეტები ყოველთვის განსაკუთრებულია – ის ხშირად გვერდს უვლის სტანდარტულ 4/4 რიტმს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციების საუკეთესო ნიმუშებს უზიარებს.


00:00-04:00 ZITTO
04:00-END FUNCTION B2B NDRX
00:00-04:00 IKA
04:00-END HVL