BASSIANI/HOROOM: 28.02.20

FAST FORWARD NIGHT: SUGAR B2B REPRO, SCHACKE, KRISTIAN ANDERSEN B2B DJ IBON, DJ TOOL B2B EZY, RUNE BAGGE, FUNERAL FUTURE, LASSE VIND, IDA ENGELHARDT, TROELS HASTRUP, VIXEN


28 თებერვალს, BASSIANI 2015 წელს დანიაში დაფუძნებულ პლატფორმას, FAST FORWARD PRODUCTIONS-ს მასპინძლობს, რომელიც ადგილობრივი სცენის ინოვატორ არტისტებს აერთიანებს. სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, პლატფორმის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უსაფრთხო საცეკვაო სივრცის შექმნა იყო. სექსიზმის, რასიზმის, ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, FAST FORWARD-მა ერთგვარი ინკლუზიური სივრცე შექმნა, რომელიც საერთო ღირებულებების და ფასეულობების მქონე ადამიანებს აერთიანებდა.

დროთა განმავლობაში პლატფორმა იმდენად განვითარდა, რომ ლოკალურ კონტექსტს გასცდა და საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. ამავდროულად, FAST FORWARD-მა არტისტების სააგენტო ჩამოაყალიბა, რომელიც დანიის ელექტრონული მუსიკის სცენის როგორც გამოცდილ, ასევე ახალი ტალღის არტისტებს აერთიანებს. მათ შორის არიან REPRO, FUNERAL FUTURE, SUGAR, RUNE BAGGE, SCHACKE, DJ IBON, LASSE VIND, IDA ENGELHARDT, TROELS HASTRUP. ეს არტისტები როგორც BASSIANI-ს, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანს დაიკავებენ.

SUGAR კოპენჰაგენში დაბადებული დიჯეი, პროდიუსერი და FAST FORWARD-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. სანამ ის გლობალური სცენის ნაწილი გახდებოდა, დანიის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებს უწევდა კურატორობა, რომელმაც სცენის განვითარებას დიდი ბიძგი მისცა, ხოლო SUGAR სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა საინტერესო არტისტი. მისმა მუსიკალურმა სტილმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ლეიბლის ჟღერადობაც: სწრაფი, დინამიკური და მელოდიური ტექნო, რომელიც FAST FORWARD-ის სამარკო ნიშანია, SUGAR-ის გემოვნებასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია.

პანკ-როკ ბენდებში დაკვრის შემდეგ, დანიელმა მუსიკოსმა SCHACKE-მ გადაწყვიტა, რომ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი მთლიანად საცეკვაო მუსიკისადმი მიეძღვნა. ის აგრესია და ბრუტალიზმი, რომელიც მის ადრეულ მუსიკას ახასიათებდა, წარმატებით ტრანსფორმირდა ტექნოშიც. COURTESY-ის ლეიბლ ECOTHERM-ზე და KULOR-ზე გამოცემული მუსიკით SCHACKE-მ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ შემოქმედებით პროცესში ის კომპრომისებზე არ მიდის. ის კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე ლაივს შეასრულებს. მის გარდა, მსმენელს შესაძლებლობა ექნება სამი საინტერესო B2B სეტი მოისმინოს: SUGAR B2B REPRO, KRISTIAN ANDERSEN B2B DJ IBON და DJ TOOL B2B EZY.

დაარსების დღიდან FAST FORWARD-ის მისია იყო, როგორც დიჯეებისთვის, ასევე ცოცხალი სეტების შემსრულებლებისთვის განვითარებისთვის საჭირო პლატფორმა შეექმნა. ერთ-ერთი ასეთ არტისტად, რომელმაც თავისი შანსი კარგად გამოიყენა REPRO შეგვიძლია ჩავთვალოთ. მელანქოლიური ატმოსფეროთი და 90-იანი წლების ტექნო სცენის ნოსტალგიის გათვალისწინებით, REPRO ცდილობს საკუთარ მუსიკას ავთენტურობა და თვითმყოფადობა შეუნარჩუნოს. ტექნოს უკომპრომისო ხასიათი, რომელიც მის სეტებსა და ლაივებში მუდმივად იკვეთება, FAST FORWARD-ის საღამოს ერთგვარი კულმინაცია იქნება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს FUNERAL FUTURE-ს ლაივი, რომელიც HOROOM-ის მოცეკვავეებისთვის საინტერესო მუსიკალური გამოცდილება იქნება. მისი კომპანიონები ამ სივრცეში LASSE VIND, IDA ENGELHARDT, TROELS HASTRUP, RUNE BAGGE და VIXEN იქნებიან.


Please Login to buy tickets