BASSIANI/HOROOM: 31.01.20

KANCHELI, SKYRA, ZESKNEL, ZITTO, MERCURRIO, NINASUPSA, SPACEJAM 92


31 იანვარს, BASSIANI ქართული საკლუბო სივრცის წარმომადგენლებს უმასპინძლებს – SKYRA, ZESKNEL, ZITTO და KANCHELI-ს HOROOM-ის ოთახში MERCURRIO, NINASUPSA და SPACEJAM 92 შეუერთდებიან. BASSIANI-ზე სანდრო პაპასკირის, იგივე SKYRA-ს  დებიუტი სეზონის გახსნის ღონისძიებაზე შედგა, როდესაც მან კლუბის მთავარი საცეკვაო მოედნისთვის NEWA-სთან ერთად დაუკრა. არტისტი, რომლის კომპოზიციებიც ძირითადად ICONTRAX-ზე გამოიცემოდა, კლუბში კიდევ ერთხელ დაბრუნდება. მისი ერთ-ერთი კომპანიონი ზუკა ბაბუნაშვილი პროექტით ZESKNELI იქნება. ზუკას ლაივ შესრულებები ძირითადად  ტექნო მუსიკაზე ფოკუსირდება, თუმცა აშკარაა, რომ მისი ჟანრობრივი არეალი ბევრად დიდ მასშტაბს მოიცავს. სწორედ ამიტომ ZESKNELI სტუდიაში და კლუბებშიც მუდმივად ექსპერიმენტირებს და ამ პროცესში მსმენელს მრავალფეროვან გამოცდილებებს სთავაზობს.  CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკვრის შემდეგ აშკარაა, რომ ZITTO ლოკალური არტისტის კონტექტს გაცდა. თუმცა  მუსიკისადმი  უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მის გემოვნებაზე ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტის ტრადიციული ჟღერადობის გავლენა შეიმჩნევა, ZITTO მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა. KANCHELI-ს მუსიკასთან პირველი პროფესიული შეხება თბილისის ჟაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და პირველი რელიზებიც გამოსცა. მისი კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა. 

NINASUPSA ქართველი დიჯეის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტია. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი გახდა. NINASUPSA-სთვის შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ბგერითი სიგნალი – 90-იანი წლების პოპ მუსიკით დაწყებული და BOARDS OF CANADA-ს შემოქმედებით დამთავრებული. კლუბის საცეკვაო მოედნისთვის ასევე დიტო ჩიქოვანი პროექტით Mercurrio დაუკრავს, ვისთვისაც შემოქმედებით საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. რაც შეეხება დიჯეინგს და მუსიკის დაკვრას, ქართველის არტისტისთვის მთავარი მუდმივი გამოწვევების წინაშე დგომა და ახლებური გამოცდილების მიღებაა.  სხვადასხვა მუსიკალური პალიტრის მქონე ორი არტისტის გარდა, მსმენელს ირაკლი ბერიკაშვილის პროექტის, SPACEJAM 92-ის ლაივის მოსმენაც შეეძლება. ირაკლი ბერიკაშვილი ქართული ელექტრონული მუსიკის სივრცეში ერთნაირად პროდუქტიულია როგორც პროდიუსერის, ასევე შემსრულებელის ამპლუაშიც, რაც სცენაზე მის როლს მნიშვნელოვნად ზრდის. SPACEJAM 92-ის ლაივის მოსმენა მისი ერთ-ერთი მუსიკალური ალტერ-ეგოს გაცნობის იდეალური საშუალებაა.


00:00-03:00 SKYRA
03:00-04:30 ZESKNEL (LIVE)
04:30-06:30 KANCHELI
06:30-END ZITTO
00:00-04:00 SPACEJAM 92
04:00-06:00 NINASUPSA
06:00-END MERCURRIO