BASSIANI/HOROOM: 31.05.19

JONAS KOPP, NDRX, TAMA SUMO B2B LAKUTI, KVANCHI, KOTE JAPARIDZE


“მუსიკის მოსმენა მამაჩემის შეგროვებული ჩანაწერებით დავიწყე. ის 80-იანი წლების ფანკს, დისკოს და New Wave კომპოზიციებს უსმენდა და შესაბამისად ჩემი ყურადღებაც პირველად ამ მუსიკამ მიიქცია“ – არგენტინელი პროდიუსერი და დიჯეი Jonas Kopp საკუთარი ქვეყნის საკლუბო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და აღიარებული არტისტია. Kopp ტექნოს სცენის ნაწილი ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გახდა და როგორც თვითონ იხსენებს, ის დრო, როგორც მისთვის, ასევე მთლიანად ბუენოს აირესის სცენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. „შეიძლება ითქვას, რომ არგენტინული ელექტრონული მუსიკის ოქროს ხანაში გავიზარდე. მაშინ საკმარისი რაოდენობის ანდერგრაუნდ კლუბები გვქონდა, რომელიც ხშირად მასპინძლობდა სხვადასხვა საკლუბო სცენის მნიშვნელოვან არტისტებს.“

Jonas იხსენებს, რომ ბუენოს აირესში ელექტრონული მუსიკის სცენა ყოველთვის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, თუმცა ამის პარალელურად არსებობდა უამრავი ტექნიკური სირთულე, რომელიც არტისტებს განვითარებაში ხელს უშლიდა. პირველ რიგში ეს იყო ე.წ. „ქაღალდების პრობლემა“, რაც საკლუბო რეგულაციებს, ლიცენზიის მოპოვების სირთულეს და საგადასახადო სისტემას გულისხმობს. ამ პირობებში ძალიან დიდი როლი ითამაშა კლუბმა Cocoliche რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის სცენას გადარჩენის შანსი მისცა. „Cocoliche-ში ყოველთვის დილამდე ვრჩებოდით და რეივის პარალელურად უამრავ საინტერესო ადამიანს ვხვდებოდით, რომლებსაც მუსიკა აინტერესებდათ. არტისტებიც ყოველთვის თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, რადგან მათ ერთი საერთო მიზანი ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ რაც მაშინ ამ კლუბში ხდებოდა, ნამდვილად განსაკუთრებული იყო.“

მიუხედავად იმისა, რომ კარიერული წარმატების პირველმა ტალღამ Kopp-სთვის მშობლიურ ქალაქში გადაიარა, არტისტული ზრდისთვის გადაწყვიტა ევროპის ტექნო დედაქალაქში, ბერლინში გადასულიყო. როგორც თვითონ ამბობს, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო როგორც პროფესიულ, ასევე პერსონალურ დონეზე, რადგან ამ ქალაქის კულტურულმა ცხოვრებამ იგი სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანა. პირველი დიდი ბერლინური ლეიბლი, რომელმაც არგენტინელ არტისტს უმასპინძლა Lucy-ის Stroboscopic Artefacts იყო, სადაც მან თავისი ტრეკი Alkitran გამოსცა.

ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება აღმოჩნდა Krill Music და Ilian Tape-ზე გამოსული რელიზებიც, თუმცა, Kopp-სთვის ყველაზე წარმატებული Tresor-თან თანამშრომლობა გამოდგა. 2014 წელს სწორედ ამ ლეიბლზე გამოიცა მისი სადებიუტო ალბომიც. „ეს ალბომი განსაკუთრებული იყო, რადგან მასთან ერთად შესაძლებლობა მომეცა, საჭირო დროს საჭირო შეტყობინებები გადმომეცა. ალბომზე მუშაობის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული იყო, რადგან ის ჩემში შინაგანი ცვლილებების მომენტს დაემთხვა. გარდა ამისა მინდოდა ის ისტორია და გავლენა, რაც Tresor-ს გააჩნდა, უფრო თანამედროვე გზით გადმომეცა“ – Beyond The Hypnosis არგენტინელი არტისტისთვის განსაკუთრებით წარმატებული ალბომი აღმოჩნდა, რადგან მან Kopp-ს არა მარტო ბერლინის, არამედ საერთაშორისო ტექნო სცენაზე დაუმკვიდრა ადგილი. ბევრის აზრით, ალბომმა საკმაოდ კარგად აჩვენა არტისტის შემოქმედებითი პოტენციალი და მრავალმხრივი მუსიკალური ინტერესები. ამის შემდეგ მან Tresor-ზე კიდევ ორი რელიზი Red Plented EP და HHH EP გააკეთა, პარალელურად კი ახალ ალბომზე მუშაობაც დაიწყო.

მართალია Kopp უკვე რამდენიმე წელია, რაც ბუენოს აირესში აქტიურად აღარ მუშაობს, მაგრამ ის დღემდე მაქსიმალურად ცდილობს არგენტინელი და ზოგადად სამხრეთ ამერიკული ტალანტების აღმოჩენას შეუწყოს ხელი. ამის მაგალითია ჯერ კიდევ 2008 წელს მის მიერ დაარსებული ლეიბლი Traut Muzik, სადაც ძირითადად სწორედ ამ რეგიონში მოღვაწე არტისტებს ვხვდებით. სტუდიური საქმიანობის პარალელურად Jonas საკმაოდ ხშირად გვევლინება მსოფლიოს საუკეთესო კლუბებსა და ფესტივალებზე. ის ხშირად აღნიშნავს, რომ მისთვის დაკვრა და მუსიკის კეთება ერთნაირად მნიშვნელოვანია: „ ჩემი აზრით, ამ ორ საქმიანობას შორის მე ოქროს შუალედი ვიპოვე, სრულყოფილი ბალანსი. როგორც სტუდიაში, ასევე დაკვრის დროს შემიძლია ვიყო ეკლექტური და თანმიმდევრულიც“.

NDRX-მა მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო. განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით საკმაოდ მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. NDRX-ის გამოცდილება და შემოქმედებითი მრავალფეროვნება კლუბის საღამოებს ყოველთვის გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებად აქცევს. მისი სტილისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი და მოულოდნელობა, NDRX-ის არტისტული სახის მთავარი ელემენტებია. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო Stare At Dj სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის მანძილზე ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება.

31 მაისს Horoom-ის ოთახი TAMA SUMO, LAKUTI,KVANCHI და KOTE JAPARIDZE-ს უმასპინძლებს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ TAMA SUMO და LAKUTI ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც უაღრესად თვითმყოფადი არტისტები არიან, ერთიანობაში ისინი იმ იდეის შესანიშნავ განსხეულებას წარმოადგენენ, რომელიც საცეკვაო მუსიკის საძირკველში დევს. მათი ცხოვრება და შემოქმედებითი მოღვაწეობაც პოლიტიკური კონტექსტით არის დატვირთული. იშვიათად თუ შევხვდებით ისეთ არტისტებს, რომლებიც მსგავს პასუხისმგებლობას ისევე სერიოზულად ეკიდებიან, როგორც ეს მუსიკოსები.

“ძალიან სამწუხაროა, რომ საკლუბო სივრცეში, რომელიც სრულიად სხვა ღირებულებებზე აშენდა, ადგილი სექსიზმის, ჰომოფობიის და რასიზმისთვისაც გამოიძებნა“ – TAMA SUMO ღიად ლესბოსელი არტისტი და აქტივისტია, რომელიც მასთან ქორწინებაში მყოფ LAKUTI-სთან ერთად მუდმივად ცდილობს სცენის მანკიერებების გამოკვეთას და აღმოფხვრას. Boiler Room-ის ცნობილი სეტით დაწყებული და სხვადასხვა მუსიკალური თუ საგანმანათლებლო პროექტებით დასრულებული, ეს ორი არტისტი თითოეულ ნაბიჯს პოლიტიკურ განცხადებად აქცევენ, რომელიც სივრცის გაჯანსაღებისკენაა ორიენტირებული. „არტისტები უამრავ ადამიანს უკავშირდებიან და ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს“ – თუმცა, ბევრისგან განსხვავებით, სოციალურ თუ პოლიტიკურ განზომილებაზე აქცენტის პარალელურად, TAMA SUMO-ს მუსიკა არ კარგავს იმ მაგიას, რომელსაც ჰაუს და ტექნო მოძრაობა მუდმივად ატარებდა.
LAKUTI, იგივე LERATO KHATI სამხრეთ აფრიკის საცეკვაო ელექტრონული მუსიკის სცენის ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა იყო. და ეს დღემდე არ შეცვლილა. ჯერ კიდევ 80-იან წლებში, შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნათესავების დახმარებით, მას ხელი ჩიკაგოს ჰაუს მუსიკის სცენის ღირებულ ჩანაწერებზე მიუწვდებოდა, რამაც მისი მუსიკალური ორიენტაცია მნიშვნელოვნად განსაზღვრა. როგორც LAKUTI იხსენებს, 80-90 იანი წლების იოჰანესბურგში განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, კანის ფერი ან ღირებულებათა სისტემა დიდ აგრესიას იწვევდა და ადამიანებისთვის საშიშ გარემოს ქმნიდა. ამ პირობებში ის სხვადასხვა კულტურული, რასობრივი თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან ერთად ცდილობდა შეექმნა უსაფრთხო სივრცე, რომელიც თვითგამოხატვის შესაძლებლობას შექმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ წლებთან ერთად ვითარება ოდნავ შეიცვალა, LAKUTI მიიჩნევს, რომ პატრიარქარული კულტურის მახინჯ გამოვლინებებთან ბრძოლა დღემდე არ დასრულებულა და ამ ბრძოლისგან თავისუფალი ვერც მუსიკა იქნება. FINEST FRIDAY-ს შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივიც ეს იდეაა.

თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. HOROOM-ზე მოსულ სტუმრებს კიდევ ერთი რეზიდენტის, კოტე ჯაფარიძის მოსმენა შეეძლებათ, რომლის პირველი მუსიკალური გამოცდილება 5 ბიტიანი ვიდეოთამაშების პოლიფონიურ საუნდტრეკებს და ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს უკავშირდება. ელექტრონული ჟღერადობით ის მოგვიანებით, მუსიკალური შვიდწლედის დასრულების შემდეგ დაინტერესდა. DJ EZ, BEN UFO, KARIZMA და განსაკუტრებით კი OTOR CITY DRUM ENSEMBLE-ს გავლენით მან გადაწყვიტა საკუთარი გემოვნება მსმენელისთვისაც გაეცნო.


00:00-04:00 NDRX
04:00-END JONAS KOPP
00:00-03:00 KOTE JAPARIDZE
03:00-08:00 TAMA SUMO & LAKUTI
08:00-END KVANCHI