HOROOM: 21.09.19

BORIS, VOLRUPTUS, KVANCHI


21 სექტემბერს HOROOM-ის ოთახი კლუბ BERGHAIN-ის ვეტერან რეზიდენტს და Ostgut-ის ოჯახის წევრ BORIS DOLINSKI-ს, იგივე BORIS-ს მასპინძლობს, ვისთან ერთადაც VOLRUPTUS და KVANCHI დაუკრავენ. დღეს BORIS ბერლინის მუსიკალური სცენის ნაწილია, თუმცა, უნდა აღინიშინოს, რომ მისი კარიერის საწყის წლებში, ყველაზე დიდი როლი ნიუ-იორკის ლეგენდალურმა კლუბმა PARADISE GARAGE და მისმა რეზიდენტმა, LARRY LEVAN-მა შეასრულა. მენტორის გავლენით შთაგონებულმა არტისტმა გადაწყვიტა, რომ თავი მუსიკისთვის ბოლომდე მიეძღვნა და სწორედ ამ მიზეზით ის დაუბრუნდა ბერლინს, სადაც ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა კლუბი OSTGUT/PANORAMA BAR, რომელიც დღევანდელი BERGHAIN-ის მემკვიდრედ ითვლება. ამ პერიოდში DOLINSKI უკვე იმდენად კარგი რეპუტაციით სარგებლობდა ადგილობრივ კლუბებში, რომ თავის დამკვიდრება არც გასჭირვებია. წარმატებული კლუბის რეზიდენტობა ბევრისთვის შესაძლოა კომფორტის ზონა ყოფილიყო, თუმცა BORIS-მა გადაწყვიტა, რომ აქტიურად დაეწყო საკუთარი პროდუქციის შექმნა და გამოცემა. მეგობრებთან, SILKE MAURER და STEPHANIE MERKERT-თან ერთად, 2005 წელს შექმნა ლეიბლი CARELESS RECORDS, რომელიც ახალი თაობის ტექნო და ჰაუს არტისტების მხარდამჭერ პლატფორმად იქცა. მიიჩნევა, რომ მისი შემოქმედებაც ყველაზე ხშირად სწორედ ამ ჟანრებს ეხმიანება, თუმცა BORIS თავის სეტებში ძალიან ხშირად ითვალისწინებს პოსტ-პანკის და დისკო მუსიკის საუკეთესო ტრადიციებსაც. სწორედ ამიტომ მისთვის მსმენელთან ურთიერთობა ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა: „მსმენელი, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრად უფრო ღია და მიმღებია სეტის ბოლოს, ვიდრე დასაწყისში. “ეს მე შესაძლებლობას მაძლევს ზოგჯერ ვიყო არაადეკვატური, შევთავაზო მსმენელს ის რასაც არ ელოდებიან, მივცე საკუთარ ემოციებს მაქსიმალური თავისუფლება.“

მასთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება კლუბისთვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტი VOLRUPTUS რომელიც ისლანდიელი წარმოშობის გერმანიში დაფუძნებული არტისტია. 2016 წლის შემდეგ ის განსაკუთრებით აქტიურად გამოსცემს მუსიკას, მათ შორის NINA KRAVIZ-ის ლეიბლზე TRIP. თორნიკე კვანჭიანი, იგივე Kvanchi დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა. დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც იღებს მონაწილეობას, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.


00:00-03:00 KVANCHI
03:00-04:00 VOLRUPTUS (LIVE)
04:00-END BORIS