HOROOM: 26.04.19

TAKAAKI ITOH, OBJECTOR TRAX


90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ტექნო მუსიკის ტალღამ იაპონიამდეც მიაღწია, Takaaki Itoh ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ლოკალური სცენის განვითარებაზე ფიქრი დაიწყო. Underground Resistance, Derrick May, Jeff Mills და Warp-ით შთაგონებულმა არტისტმა საკუთარი წვეულებების მოწყობა გადაწყვიტა და 1994 წელს ამ მიზანსაც მიაღწია. დაბალანსებული, ორიგინალური და რისკიანი ლაინ აფების წყალობით Itoh-ის წვეულებების სერია ადგილობრივ სცენაზე ტექნო მუსიკის მთავარ მანიფესტად იქცა. ამის შემდეგ მან გააცნობიერა, რომ დრო იყო შემოქმედებითი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასულიყო და საკუთარი მუსიკა შეექმნა.
1996 წელს მან საკუთარი სტუდია შექმნა და რელიზებზე მუშაობაც დაიწყო. პირველი ევროპული პლატფორმა, რომელმაც არტისტს კარი გაუღო, ბრიტანული Electracom იყო, რომელზეც Takaaki Itoh-მა ზედიზედ 4 კრებული გამოსცა. 90-იანი წლების ბოლოს იაპონელი არტისტის სახელი ლოკალურ კონტექსტს გაცდა და მას ევროპის სხვადასხვა ვენიუებში დაკვრის შესაძლებლობა მიეცა. სწორედ მაშინ ნათელი გახდა, რომ ევროპული თუ ამერიკული ტექნო ტრადიციებისგან განსხვავებით, Takaaki Itoh მსმენელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობდა – ისეთს, რომელიც მანამდე ამ კონტინენტისთვის უცნობი იყო. მსგავსმა პრეცენდენტებმა აზიის საცეკვაო ელექტრონული მუსიკის კულტურის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც საბოლოოდ იაპონური ტექნო სცენის დაბადების წინაპირობად იქცა. Takaaki Itoh კი მთელი ამ პროცესების წინა ხაზზე იყო.
2005 წელს არტისტმა ლეიბლი Wols Records დააფუძნა, სადაც კიდევ უფრო რისკიანი და ავანგარდული საცეკვაო მუსიკის გამოცემა დაიწყო. პარალელურად კი მისი მუსიკა ისეთ პლატფორმებზე გამოიცემა, როგორებიც Tsunami, Warm Up, Pornographic, MB Selektions და Integrale Muzique არიან. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე Takaaki Itoh საოცრად პროდუქტიული პროდიუსერია, ის არასდროს წყვეტს მსმენელთან უშუალოდ კავშირს – სწორედ ამიტომ, დიჯეინგს, როგორც მედიუმს, Takaaki Itoh ყოველთვის განსაკუთრებულად ეკიდება. მისი არაპროგნოზირებადი სტილი და სპეციფიკა ის მთავარი ფაქტორია რის გამოც არტისტი მსოფლიო საკლუბო სცენის დიდ მონაპოვარად მიიჩნევა. მასთან ერთად BASSIANI-ს დენსფლორზე კლუბის რეზიდენტი დიჯეი Objector Trax დაურკავს, რომელიც გიორგი ჩიტალაძის მუსიკალური პროექტია. გიორგის შემოქმედებითი საქმიანობა ალტერნატიულ როკ მუსიკას უკავშირდებოდა, მაგრამ მოგვიანებით აქცენტი მთლიანად ელექტრონულ ჟღერადობაზე გააკეთა, რისი შედეგიცაა პროექტები objector და objector trax. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკუთარი ჩანაწერები ლეიბლებზე lunar და dvntt გამოსცა, სადაც მისი არტისტული მიდგომები კიდევ უფრო გამოიკვეთა.

00:00-04:00 OBJECTOR TRAX
04:00-END TAKAAKI ITOH